logo_geo
eng_logo
დეკრიმინალიზაცია და ნარკოპოლიტიკის მოდელები - მსოფლიოს გამოცდილება
- +

18 მაისი. 2018. 03:03

 

 

„ყველა ქვეყანამ უნდა მოახდინოს იმ სადამსჯელო კანონების გადახედვა და გაუქმება, რომლებსაც, როგორც უკვე დამტკიცებულია, ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს და ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანდაცვის დადგენილ ნორმებს. ეს ეხება ნარკოტიკების მოხმარებას ან მათ შენახვას პირადი მოხმარების მიზნით“. - გაერო-სა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება; 2017 წლის 27 ივნისი.

 

საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია თანხვედრაშია გაერო-ს მიერ შემუშავებულ 2030 წლის „მდგრადი განვითარების მიზნებთან“, რომელთა მთავარი ამოცანაც სოციალური სამართლიანობის და ყველა ადამიანის, მათ შორის წამალდამოკიდებული მოქალაქებიის თანასწორობის უზრუნველყოფაა.

 

ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ მიდგომის შემსუბუქებას ითხოვს ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიაც, რომლის წევრებს შორის არიან გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკ ქლეგი, პერუელი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა და სხვები.

 

„მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკს, ისე, რომ სხვა ადამიანებს ზიანს არ აყენებს. მათი კრიმინალიზაცია არის არაეფექტიანი, სახიფათო ქმედება, რომელიც ადამიანის ღირსებას და კანონის უზენაესობა ძირს უთხრის“, - ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 2016 წლის ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილი.

 

თუმცა, დეკრიმინალიზაციას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ ასეთი მიდგომით მსოფლიო „პანდორის ყუთს“ გახსნის - ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი კატასტროფულად გაიზრდება და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.

 

დეკრიმინალიზაციის მოდელები

 

სპეციალისტების თქმით, დეკრიმინალიზაციის წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ზოგ სახელმწიფოში სამართლიანი სისტემის ამოქმედება ვერ მოხერხდა, რამაც ნარკოტიკის მომხმარებლებს უფრო მეტი ზიანი მიაყენა. დეკიმინალიზაციაზე მუშაობისას სპეციალისტები რამდენიმე მთავარი საკითხის გათვალისწინებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

 

დასაშვები დოზები

 

დეკრიმინალიზაციისას კანონმდებლები აწესებენ დასაშვებ დოზებს, რომელიც პოლიციას და პროკურატურას უადვილებს ამტკიცოს, იყო თუ არა აღმოჩენილი ნარკოტიკი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი.

 

სხვადასხვა ქვეყნაში ერთსა და იმავე ნივთიერებაზე დაწესებული ზღვარი სხვადასხვაა. ამიტომ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი კრიტერიუმი, რომლითაც სამართალდამცველები იხელმძღვანელებენ. ამავე დროს, აუცილებელია ისეთი „გონივრული ზღვარის“ დაწესება, რომელიც შეესაბამება არსებულ რეალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეკრიმინალიზაციას სასურველი შედეგი ვერ მოჰყვება.

 

ხშირად პრობლემას იწვევს მოქმედი ზღვარის დარღვევისთვის დაწესებული ზედმეტად მკაცრი სასჯელი. ამ გზას ის ქვეყნები ირჩევენ, რომელთა მთავრობას კანონის ლიბერალიზაციასთან ერთად, ნარკოტიკების მიმართ მკაცრი მიდგომის შენარჩუნება სურთ.

 

 ჯარიმები

 

დეკრიმინალიზაციის პროცესში ნარკოტიკების უკანონო შენახვაში ბრალდებული პირების დასასჯელად, სახელმწიფო რამდენიმე ხერხს მიმართავს.

 

ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს ადგილზე დაჯარიმების სისტემა, თუმცა მისი ამოქმედებაც რისკებთან არის დაკავშირებული. ჯარიმა არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ მათი გადაუხდელობის გამო დაპატიმრებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

 

გადაწყვეტილების ტვირთი

 

იმ მოქალაქის ბედს, რომელსაც ნარკოტიკული საშუალებები აღმოუჩინეს, სხვადასხვა ქვეყანაში პოლიცია, პროკურატურა, ან სასამართლო განაგებს. სწორედ მათ უნდა განსაზღვრონ, არის თუ არა მოქალაქის მფლობელობაში აღმოჩენილი ნარკოტიკი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი. თუ ვის უნდა დააწვეს გადაწყვეტილების ტვირთი, დიდწილად ლოკალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ანუ რამდენად ძლიერია ესა თუ ის ინსტიტუტი და არის თუ არა ის მიდრეკილი კორუფციისადმი.

 

თითოეული ამ ინსტიტუციისთვის გადაწყვეტილების ტვირთის დაკისრებას, როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეც აქვს. მაგალითად, პოლიციის შემთხვევაში პლუსად ითვლება ის, რომ სამართალდამცველები გადაწყვეტილებას სწრაფად იღებენ, ხოლო უარყოფითი მხარე პატიმრების რაოდენობის ზრდაა.

 

დეკრიმინალიზაციის ნებისმიერი მოდელის არჩევისას აუცილებელი პირობაა ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში. ასევე უნდა დაფინანსდეს მკურნალობა-რეაბილიტაცია და ზიანის შემცირების პროგრამები.

 

 სად, როდის და როგორ მოხდა დეკრიმინალიზაცია

 

ბოლო 15 წლის განმავლობაში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია სხვადასხვა ფორმით 30-ზე მეტ ქვეყანაში მოხდა. თუმცა, ზოგიერთმა სახელმწიფომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა გაცილებით ადრე გაატარა.

 

 ავსტრალია

 

მარიხუანის დეკრიმინალიზაცია „მწვანე კონტინენტზე“ 25 წლის წინ გადაწყვიტეს. ამჟამად ავსტრალიის სამ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სხვადასხვაგავარი კანონი მოქმედებს. მაგალითად, სამხრეთ ავსტრალიაში, 1987 წელს მიღებული და შემდგომში რამდენჯერმე შეცვლილი კანონი, პირადი მოხმარების მიზნით, 100 გრამი მარიხუანის ფლობისთვის მხოლოდ გაფრთხილებას და ჯარიმას ითვალისწინებს. ეს კანონი ვრცელდება ერთი ძირი მარიხუანის მოყვანაზეც.

 

ავსტრალიის დედაქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ 25 გრამამდე მარიხუანის შენახვა და ორი ძირის მოყვანა. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს მხოლოდ აფრთხილებენ და მას 60 დღის ვადაში 100 დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს.

 

სხვადასხვა კვლევებით დადასტურდა, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ნარკოტიკის მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ზრდა არ მოჰყოლია, სამაგიეროდ ამ მიზეზით დაპატიმრებული მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. შესაბამისად, სახელმწიფომ ათასობით დოლარი დაზოგა.

 

1999 წლიდან ავსტრალიის ექვსივე შტატში მოქმედებს პროგრამები, რომელთა მიზანიც ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით შენახვისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული სხვა დანაშაულისთვის დაკავებული მოქალაქეების კრიმინალიზაციის ნაცვლად, მათი დახმარება, განათლება და მკურნალობაა. შედეგად ავსტრალიაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის ციხეში გაცილებით ნაკლები ადამიანი ხვდება.

 

ჩილე

 

ჩილეში 2005 წლიდან ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაკავებული ადამიანები სისხლის სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლდნენ. ამასთან, ქვეყანას არ აქვს განსაზღვრული, რა ოდენობით ნარკოტიკი შეიძლება ჩაითვალოს პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილად, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება მოსამართლეს უწევს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩილეში ნარკოტიკების მოხმარებაში ბრალდებულთა უმეტესობის მიმართ პირობითი ან ადმინისტრაციული სასჯელი გამოიყენება, დაპატიმრებულთა რიცხვი მაინც მაღალი რჩება. ამის გამო ითვლება, რომ ჩილეში დეკრიმინალიზაციამ მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო.

 

ჩეხეთი

 

ჩეხეთში ჯერ კიდევ 1960-იან წლებში შეთანხმდენენ, რომ ნარკოტიკების მოხმარება კრიმინალი არ არის და ეს ჯანდაცვის პრობლემაა. ასეთი წარსულის გათვალისწინებით, არავის გაკვირვებია, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემდეგ, ჩეხეთმა ლიბერალური კანონი მიიღო.

 

1990-იან წლებში ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის სასჯელი კრიმინალური კოდექსიდან ამოიღეს. მოგვიანებით, როდესაც აღმოსავლეთ ვეროპის თითქმის ყველა ქვეყანაში წამალდამოკიდებული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა, ქრისტიან დემოკრატებმა და კომუნისტებმა ნარკოტიკის კრიმინალიზება მოითხოვეს. ამის კვალდაკვალ, 1998 წელს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება და დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა, ნარკოტიკის სხვა ადამიანისთვის შეთავაზება, გაყიდვა და პროპაგანდა დასჯადი გახდა. თუმცა, კანონში არ განისაზღვრა, კონკრეტულად რა რაოდენობის ნარკოტიკის შენახვისთვის შეიძლება მოქალაქის დაპატიმრება. 2002 წელს ჩეხეთის ეროვნულმა კომისიამ ჩაატარა კვლევა, რომლითაც დადგინდა, რომ ნარკოტიკების კრიმინალიზაციამ ქვეყანაში ნარკოტიკების რაოდენობა ვერ შეამცირა, ხოლო მომხმარებელთა რიცხვი პირიქით გაზარდა.

 

2010 წელს ჩეხეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ შეცვალა კანონი და ამჯერად პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერებების ზღვარი დაადგინა. ამავე დროს შემსუბუქდა სასჯელი მარიხუანის მოხმარებისთვის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეხეთში ნარკოტიკული ნივთიერებების გამიჯვნა მოხდა.

 

მთავრობის განკარგულებით, განისაზღვრა, რომ მაგალითად, მეტამფეტამინის დასაშვები დროზა 2 გრამია, მარიხუნის შემთხვევაში - 15 გრამი, ხოლო ჰაშიშისთვის 5 გრამი. კანონით, ერთ ადამიანს შეეძლო 5 ძირი მარიხუანის მოყვანა.

 

2013 წელს ჩეხეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობის მიერ დადგენილი დასაშვები დოზების დარღვევა, არ შეიძლება იყოს ერთადერთი კრიტერიუმი, რომლითაც მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიცვალა დასაშვები დოზების ოდენობაც. დღეს მეტამფეტამინის შემთხვევავში ეს 1,5 გრამია, ხოლო მარიხუანის შემთხვევაში 10 გრამი.

 

ჩეხეთი დღეს მარიხუანის მომხმარებლების რაოდენობით ევროპულ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციას იკავებს, თუმცა ხელისუფლების მიერ ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების პროგრამების დაფინანსებამ მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. მაგალითად, ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის შიდსით დაავადებულთა რაოდენობა ჩეხეთში მხოლოდ 1%-ს შეადგენს, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ მიღებული კანონის შემდეგ. 2013 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ჩეხეთში თითქმის ყველა სახის ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ამის მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა ასახელებს იმას, რომ ჩეხეთში ნარკოპოლიტიკა არა იდეოლოგიურ დღის წესრიგს, არამედ სამეცნიერო დასკვნებს ეყრდნობა.

 

ესტონეთი

 

ბალტიისპირეთის ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება 2002 წლიდან არის დეკრიმინალიზებული. კერძოდ, კანონში ჩაიწერა, რომ „მცირე რაოდენობის“ ნარკოტიკის შენახვა და მოხმარება კრიმინალი არ არის, თუმცა დასაშვები დოზის ოდენობა არ იყო განსაზღვრული და ამას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ადგენს. უმეტეს შემთხვევებში საქმე ეხება ერთი წამალდამოკიდებული მოქალაქისთვის ერთჯერადად საკმარისი ნარკოტიკის ათმაგ დოზას.

 

ესტონეთის პოლიცია მაინც აკავებს იმ მოქალაქეებს, ვისაც ნარკოტიკებს აღმოუჩენენ, თუმცა სასამართლო მათ ან ჯარიმას უწერს (მაქსიმუმ 2400 დოლარი) და ან ადმინისტრაციული წერსით აპატიმრებს 30 დღის ვადით. ქვეყანაში მოქმედებს განრიდების პროგრამა, რომელიც ნარკოტიკების შენახვა ან მოხმარებაში ბრალდებულ ადამიანებს ჯარიმის და პატიმრობის ალტერნატიული სასჯელით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

 

ნარკოტიკებით ვაჭრობა ესტონეთში აკრძალულია. მცირე რაოდენობის შემთხვევაშიც კი აღნიშნული დანაშაული 3 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით კი დამნაშავეს სამუდამო პატიმრობაც ემუქრება.

 

 გერმანია

 

გერმანიის კანონმდებლობაში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ელემენტები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში შევიდა. 1992 წლიდან პროკურატურას მისცეს უფლება, მარიხუანის მოხმარებაში ბრალდებული პირების მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნის გადაწყვეტილება თავად მიიღონ. 1994 წელს კი გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მცირე რაოდენობით მარიხუანის შენახვა კრიმინალი არ არის. მას შემდეგ, ამ გადაწყვეტილებას გერმანიის სხვადასხვა ადამინისტრაციულ ერთეულში, სხვადასხვაგვარად იყენებდნენ.

 

რამდენიმე მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილება სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე გაავრცელეს და დასაშვები დოზებიც დააწესეს. ზოგიერთ შემთხვევაში დასაშვები დოზები განსაზღვრულია ჰეროინისთვის, კოკაინისთვის, ამფეტამინისთვის, MDMA-ისა და ექსტაზისთვის.

 

2000 წელს გერმანიაში ნარკოტიკების შესახებ კანონი შეცვალეს და ე.წ. საინიექციო ოთახების გახსნა დაუშვეს. 2002 წელს გერმანიის 7 ქალაქში მეტადონის ნაცვლად, ჰეროინით მკურნალობის პროგრამების გამოცდა დაიწყო. კვლევებმა დადებითი შედეგი აჩვენა და 2009 წლიდან ამ პროგრამას საყოველთაო დაზღვევა აფინანსებს.

 

გერმანიაში წამალდამოკიდებული ადამიანების რიცხვი 2000-იანი წლებიდან იკლებს და დღეს ნარკოტიკების მომხმარებელთა მცირე რაოდენობით გერმანია ევროპაში მოწინავე ქვეყანაა.

 

 იტალია

 

იტალიაში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია პირველად 1975 წელს მოხდა. კანონი რამდენჯერმე გამკაცრდა და შემდეგ ისევ შემსუბუქდა.

 

1990 წელს იტალიის მთავრობამ მცირე რაოდენობით ნარკოტიკის შენახვისთვის ადმინისტრაციული სანქციები დააწესა, რაც ჯარიმას ან სამი თვით პატიმრობას ითვალისწინებდა. თუმცა, კანონის გამკაცრებამ ნეგატიური შედეგი გამოიღო და მომხმარებელთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. 1993 წელს ჩატარებული რეფერენდუმით აღნიშნული მკაცრი ზომები გაუქმდა და მოსამართლეს მისცეს უფლება, ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე დამოუკიდბელად იმსჯელოს. ასეთი წესი იტალიაში 2006 წლამდე მოქმედებდა, ვიდრე კანონი ისევ არ გაამკაცრეს. შედეგად, სულ რაღაც ერთ წელიწადში, ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის დაკავებულ პირთა რიცხვი გაორმაგდა.

 

2014 წელს კანონში ცვლილებები კვლავ შევიდა. მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკი გაიმიჯნა. თუმცა ნარკოტიკების მოხმარება მაინც ისჯება ადმინისტრაციული წესით. გათვალისწინებულია 1-დან 3 თვემდე პატიმრობა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ნარკოტიკების მოხმარებისთვის პირველად დააკავეს, შესაძლოა, ის უბრალოდ გააფრთხილონ. დამნაშავეს ასევე აქვს უფლება მოითხოვოს მკურნალობა და რეაბილიტაცია, რა შემთხვევაშიც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დროებით წყდება. თუმცა, თუ ის მკურნალობის კურსს გააცდენს, შესაძლოა დევნა განახლდეს.

 

 ნიდერლანდები

 

ნიდერლანდები წარმატებული ნარკოპოლიტიკის შემუშავებაში მოწინავე ქვეყანაა. ნიდერლანდებში მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ჯერ კიდევ 1976 წელს გამიჯნეს. ასეთი მიდგომა მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საშუალებით, ახალგაზრდებს შორის მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვის შემცირებას ისახავდა მიზნად.

 

მიუხედავად ბევრი სკეპტიკური მოსაზრებისა, ნიდერლანდების მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა კატასტროფა არ გამოიწვია და მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობა ნიდერლანდებში საშუალო ევროპულ დონეზე დარჩა. რაც შეეხება სხვა ნარკოტიკების მომხმარებლებს, მათი რაოდენობა ნიდერლანდებში ევროპის მასშტაბით ყველაზე მცირეა.

 

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ნიდერლანდების კონსერვატიულმა მთავრობამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მარიხუანის მაღაზიებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა შეზღუდა და ე.წ. კოფი შოპები დახურულ კლუბებად გადააქცია, რომელთაც მაქსიმუმ 2000 მომხმარებელი უნდა ჰყავდეთ. ამ ცვლილებამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში „შავი ბაზრის“ სტიმულირებას შეუწყო ხელი. ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის რიცხვი გაიზარდა და ეკონომიკა დაზარალდა. დღეს მოქმედი კანონით, დაშვებულია 5 გრამამდე მარიხუანის შენახვა, თუმცა დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში პოლიციას მაინც აქვს მოქალაქის დაპატიმრების უფლება.

 

2017 წელს ნიდერლანდების პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მარიხუანის მოყვანა ნაწილობრივ ლეგალური უნდა გახდეს. კანონი რამდენიმე ქალაქში ამოქმედდება და „კოფი შოპებს“ მისცემს უფლებას, მარიხუანა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული მწარმოებლისგან შეიძინოს.

 

 პარაგვაი

 

ლათინური ამერიკის ამ ქვეყანაში 1988 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც 10 გრამი მარიხუანის, 2 გრამი კოკაინის და იმავე რაოდენობის ჰეროინის მოხმარება ზოგადად არ ისჯება. თუმცა, იმისთვის, რომ კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისი მოქალაქეზე გავრცელდეს, ის აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს ნარკომომხმარებლად. უფრო მეტიც, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოქალაქე წამალდამოკიდებულია, მაშინ მას მკურნალობის სავალდებულო კურსის გავლა მოუწევს.

 

პარაგვაიში პრობლემად ითვლება წინასწარი დაკავების ხანგრძლივი ვადა. 2013 წლის მონაცემებით, ნარკოტიკების შენახვის გამო ციხეებში ათასობით მოქალაქე იმყოფება. ქალი პატიმრების საერთო რაოდენობის 18%-ი და კაცების 7%-ი იზოლატორში ნარკოტიკების შენახვის გამო მოხვდა.

 

 პოლონეთი

 

აღმოსავლეთ ევროპის ამ სახელმწიფოში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისკენ პირველი ნაბიჯი 2011 წელს გადადგეს. კანონში ცვლილებას ხელი პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ მოაწერა. შედეგად, „მცირე რაოდენობით“ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისთვის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება აუცილებელი აღარ არის. ეს კანონი ავალდებულებს პროკურატურას და სასამართლოს, დაადგინოს არის თუ არა მოქალაქე წამალდამოკიდებული და ესაჭიროება თუ არა მკურნალობა, ან თუ იქნება საკმარისი საგანმანათლებლო კურსის გავლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოქალაქის მიერ კურსის გავლის შემდეგ მის წინააღმდეგ საქმე შეიძლება დაიხუროს.

 

თუმცა, პოლონეთში დღემდე არ არის დადგენილი ნარკოტიკული ნივთიერების დასაშვები დოზები. ამის გამო ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებულთა რიცხვი კვლავ მაღალია. ამ მოტივით, 2012 წელს 14 800-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. მათგან სამართლებრივი დევნა მხოლოდ 2 600-ის მიმართ შეწყდა. 2013 წლის მონაცემები დაახლოებით ანალოგიურია, რაც ნიშნავს, რომ კანონმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

 

ნარკოტიკების ტრეფიკინგი პოლონეთში სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და 3-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 პორტუგალია

 

პორტუგალიაში 2001 წელს დანერგილმა დეკრიმინალიზაციის მოდელმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. სახელმწიფომ რადიკალურად შეცვალა მიდგომა და მკაცრი ნარკოპოლიტიკის ნაცვლად, მნიშვნელოვანი ინვესტიციები დააბანდა ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების პროგრამებში. ბიუჯეტიდან მილიონობით ევრო დაიხარჯა სარეაბილიტაციო ცენტრების, თავშესაფრების მოწყობაზე. ასევე ჩამოყალიბდა დახმარების მობილური ჯგუფები, ამუშავდა სხვადასხვა მძიმე ნარკოტიკის ჩანაცვლების პროგრამები, ასევე ცნობილი „ნემსების გაცვლის“ პროექტი, რომელი წამალდამოკიდებულთა დახმარებას ისახავდა მიზნად.

 

დეკრიმინალიზაციის კანონის მიხედვით, თუ მოქალაქეს აღმოაჩნდა ერთი ადამიანისთვის საკმარისი ნარკოტიკული ნივთიერების დოზის ათმაგი ოდენობა, მას აუცილებლად მოუწევს წარდგეს კომისიის წინაშე. ამ კომისიის შემადგენლობაში არიან სამედიცინო ექსპერტი, სოციალური მუშაკი და იურისტი. კომისია არ იკრიბება სასამართლო დარბაზში. მისი წევრები კონკრეტული პირის საჭიროებებზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა კომისია უფლებამოსილია სხვადასხვა სახის სანქციები გაატაროს. მათ შორის, წამალდამოკიდებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო მკურნალობის ან შრომითი პროგრამების დანიშვნა, მართვის მოწმობის ჩამორთმევა, ასევე ჯარიმის გამოწერა.

 

კანონის მიხედვით, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა წამალდამოკიდებულებაც არ გამოვლინდა, სანქციები არ მოქმედებს. დეკრიმინალიზაციის ფარგლებში, 2002-დან 2013 წლამდე პორტუგალიაში დაახლოებით 8 000 მოქალაქე საკანში არ მოხვედრილა.

 

დეკრიმინალიზაციიდან 12 წლის შემდეგ, 2013 წლის მონაცემებით, სპეციალურ კომისიებს ნარკოტიკების მოხმარების აღრიცხული შემთხვევების 83%-ში მოქალაქის მიმართ სანქციები არ გამოუყენებია. ამავე დროს ამ შემთხვევების 82% მარიხუანას უკავშირდებოდა, მხოლოდ 6%-ში გამოვლინდა ჰეროინის და 6 %-ში კოკაინის მოხმარება.

 

პორტუგალიაში დეკრიმინალიზაციის პროცესის შესახებ არაერთგვაროვანი შეფასებები არსებობს. გამოკითხულთა ერთი ნაწილი მას წარმატებულად აფასებს, ხოლო მეორე ნაწილი რეფორმის ჩავარდნაზე საუბრობს. 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევით ირკვევა, რომ პორტუგალიის მთავრობის მიერ შეგროვებული მონაცემები ხშირ შემთხვევაში ექსპერტების მცდარი ან მიკერძოებულ შეფასებებს შეიცავდა.

 

მიუხედავად ამისა, კვლევები აჩვენებს, რომ პორტუგალიაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა დღეს საშუალო ევროპულ მაჩვენებლებზე დაბალია. 2007-დან 2012 წლამდე პერიოდში ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა 40%-ით შემცირდა. დადებითი შედეგი იყო მიღწეული ჯანდაცვის სფეროშიც. მნიშვნელოვნად შემცირდა შიდსით და ტუბერკულოზით ინფიცირების შემთხვევები. 2000 წელს აღრიცხული იყო ამ დაავადებების 900 ახალი შემთხვევა, 2013 წელს - 78. ნარკოტიკების ზედოზირების გამო გარდაცვალების შემთხვევებმაც მნიშვნელოვნად იკლო. თუ 2000 წელს ამ მიზეზით 318 ადამიანი დაიღუპა, 2013 წელს სულ 22 შემთხვევა აღრიცხეს.

 

შთამბეჭდავი შედეგი დადგა კრიმინალის კუთხითაც. თუ 2000 წელს პორტუგალიაში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში ბრალდებული 14 000 ადამიანი იყო დაკავებული, მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი წელიწადში 5000 დაკავებულამდე შემცირდა.

 

აღსანიშნავია, რომ დეკრიმინალიზაციის პროცესის დასაწყისში პოლიცია შეშფოთებული იყო და ხშირ შემთხვევაში ახალ მიდგომას ეწინააღმდეგებოდა, რადგან სამართალდამცველები შიშობდნენ, რომ ხელიდან გამოეცლებოდათ ბერკეტი, რომლითაც ნარკოტიკების მომხმარებლებისგან დილერები ინფორმაციას იღებდნენ. თუმცა, მოგვიანებით სამართალდამცველების დამოკიდებულება შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ დეკრიმინალიზაციის პროცესში ნარკოტიკების მომხმარებლები უფრო მეტად თანამშრომლობდნენ პოლიციასთან, რადგან მათ დაკავების საფრთხე აღარ ემუქრებოდათ.

 

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიაში ნარკოტიკებით ვაჭრობა 1-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება, თუმცა, სასჯელი შემსუბუქებულია წამალდამოკიდებული პირებისთვის, ვინც ვაჭრობს იმისთვის, რომ ნარკოტიკები პირადი მოხმარებისთვის შეიძინოს.

 

 ესპანეთი

 

ნარკოტიკების მოხმარება ესპანეთში კრიმინალი არასდროს ყოფილა. ასეთი კანონის მიღება ერთადერთხელ, 1971 წელს სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ამის წინააღმდეგ ესპანეთის უზენაესი სასამართლო წავიდა. მართალია, ესპანეთის კანონმდებლობით, ნარკოტიკული ნივთიერებების დასაშვები დოზები არ არის გაწერილი, თუმცა სასამართლო ყველაზე ხშირად ეყრდობა 2001 წელს ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, პირადი მოხმარებისთვის დასაშვებად ითვლება ერთი ადამიანისთვის საკმარისი დოზის ხუთმაგი ოდენობა, შესაბამისად, მარიხუანის შემთხვევაში 100 გრამი, ექსტაზი - 2,4 გრამი, ჰეროინი - 3 გრამი, კოკაინი - 7,5 გრამი. ამაზე დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობის შემთხვევაში, მოქალაქე დილერად ითვლება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

 

1990-იან წლებში სასამართლომ დაადგინა, რომ კრიმინალად არ შეიძლება ჩაითვალოს ნარკოტიკული ნივთიერების კოლექტიურად შეძენა და მომხმარებლების მიერ მისი ერთობლივად მიღებაც. 

 

ამ გადაწყვეტილების კვალდაკვალ ესაპანეთში ბოლო წლებში პოპულარული გახდა მარიხუანის სოციალური კლუბები. აღნიშნული კლუბები წარმოადგენს დემოკრატიული სტრუქტურის მქონე ორგანიზიებს, რომლებიც მოგებას იღებენ. ამ კლუბებისთვის მარიხუანა თავად ამ ორგანიზაციის წევრებს მოჰყავთ. პირველი ასეთი კლუბი ესპანეთში 2001 წელს გაიხსნა. დღეს მათი რაოდენობა 500-ს აღემატება. კლუბების უმრავლესობა კატალონიაში და ბასკეთში მოქმედებს.

 

2014 წელს კატალონიის ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, რომ მარიხუანის სოციალური კლუბების მოდელი ამცირებს ზიანს და ხელს უწყობს საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში ნარკოტიკების მიღება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია და 600-დან 30 000 ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებს.

 

 შვეიცარია

 

1990 წლამდე შვეიცარიაში ნარკოტიკების მომხმარებელთა წინააღმდეგ მკაცრი კანონი მოქმედებდა. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ინტრავენურ ნარკოტიკებს ქუჩაში მოიხმარდნენ. ამის გამო ციურიხში გაჩნდა ადგილები, სადაც წამალდამოკიდებული ადამიანები იკრიბებოდნენ და ნარკოტიკულ საშუალებებს ღიად მოიხმარდნენ, თუმცა პოლიცია და საზოგადოება ამის მიმართ ტოლერანტული იყო. ექსპერიმენტი ჩავარდა. ამავე დროს შვეიცარიაში კატასტროფულად გაიზარდა შიდსით დაავადებულთა რაოდენობა. ეს კრიზისის რეფორმის კატალიზატორი გახდა.

 

1994 წლიდან შვეიცარიის ნარკოპოლიტიკა ეყრდნობა 4 მთავარ პრინციპს - პრევენცია, მკურნალობა, ზიანის შემცირება და კონტროლი. ხელისუფლების თანხმობით დაიწყო მკურნალობის პროგრამები, რომლის ფარგლებში წამალდამოკიდებულ მოქალაქეებს დიამორფინს ურიგებდნენ. ამ ნაბიჯებმა თვალსაჩინო შედეგი გამოიღო და ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

 

2013 წელს შვეიცარიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მარიხუანის მოხმარებაზე სასჯელი შემსუბუქდა. დასაშვებ დოზად 10 გრამი განისაზღვრა. ამ ოდენობის მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეს 100 დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა უწევს.

 

 აშშ

 

ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულზე აშშ-ში ყოველწლიურად 1,5 მილიონ ადამიანს აპატიმრებენ. შტატების უმრავლესობაში ნარკოტიკების მოხმარება მკაცრად ისჯება. ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციაზე არავინ საუბრობს, თუმცა ბოლო წლებში შტატების ნაწილმა ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის შენახვაზე სასჯელი შეამსუბუქა ან შესაბამის ინიციატივას განიხილავს.

 

ერთ-ერთი პირველი შტატი, სადაც კანონს გადახედეს, კალიფორნია იყო. შესაბამისი ცვლილების შედეგად, 2014 წელს ციხე 13 000-მა ადამიანმა დატოვა და მთავრობამ 166 მილიონი დოლარი დაზოგა. აღნიშნული თანხა მთლიანად დაიხარჯა მკურნალობისა და ზიანის შემცირების პროგრამებზე. ანალოგიური კანონები 2015 წელს მიიღეს კონექტიკუტსა და იუტას შტატშიც.

 

ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, სიეტლში საპილოტე პროგრამა დაიწყო, რომელიც მცირე რაოდენობით ნარკოტიკების შენახვასა და მოხმარებაში ბრალდებულებს ციხის ნაცვლად, სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობას ავალდებულებს.

 

2016 წელს დეკიმინალიზაციის კანონი მიიღეს მერილენდშიც. კანონი ითვალისწინებს წამალდამოკიდებული ადამიანებისთვის სპეციალური ადგილის გამოყოფას, სადაც ისინი ნარკოტიკს უსაფრთხოდ მიიღებენ. ასევე შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებების გახსნას, სადაც წამალდამოკიდებულ ადამიანებს, ევროპის ბევრ ქვეყანაში დამკვიდრებული მეთოდებით უმკურნალებენ.

 

მარიხუანა არის ერთადერთი ნარკოტიკი, რომლის მოხმარება და გაყიდვა, რეკრეაციული  და სამედიცინო მიზნით, 9 შტატშია დაშვებული.

 

 კლუბური ნარკოტიკები

 

ბოლო წლებში კლუბური ნარკოტიკები მთელ მსოფლიოში პრობლემად იქცა. ღამის კლუბები და სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალები ახალგაზრდების სოციალიზაციას უწყობს ხელს, თუმცა, როგორც არაერთი კვლევა აჩვენებს, კლუბებსა და ფესტივალებზე ახალგაზრდების უმეტესობა გადაჭარბებული რაოდენობის ალკოჰოლს და ნარკოტიკს იღებს.

 

 ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს „ნარკოტიკების მონიტორინგის ევროპული ცენტრის“ მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა. დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში საუბარია სამ ძირითად მიმართულებაზე: პრევენცია, გასართობი ადგილების გარემოს სტრატეგიული დაგეგმვა და ნარკოტიკების შემოწმება.

 

პრევენცია გულისხმობს ახალგაზრდებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას, იგულისხმება საინფორმაციო კამპანიების ჩატარება უშუალოდ კლუბებსა თუ ფესტივალებზე. მათ შორის, რეკომენდებულია ნარკოტიკების ზიანის შემცველი ბროშურების დარიგება და ინსტრუქტორების დაქირავება, რომლებიც ახალგაზრდებს უშუალოდ მოუყვებიან ნარკოტიკული საშუალებების მავნე გავლენის შესახებ.

 

ამავე დროს, ევროპული ცენტრის ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზატორებმა თავი უნდა აარიდონ ისეთი ტერმინების გამოყენებას, რომელმაც შეიძლება ნარკოტიკების პროპაგანდას შეუწყოს ხელი. მაგალითად, არ არის აუცილებელი დაასახელო ყველაზე მაღალი რისკის შემცველი ნივთიერებები, რადგან რიგ შემთხვევაში ახალგაზრდები შეიძლება სწორედ ამ საშუალებებით დაინტერესდნენ.

 

გარემოს სტრატეგიული დაგეგმვა გულისხმობს ალკოჰოლური სასმელების ფასდაკლებით გაყიდვაზე უარის თქმას, სისუფთავის დაცვას, ასევე ისეთი ადგილების მოწყობას, სადაც ახალგაზრდები გადაღლის დროს მშვიდად დასვენებას შეძლებენ. რეკომენდაციებს შორის არის შესაძლებლობის ფარგლებში წყლის უფასოდ მიწოდება.

 

ევროპელი ექსპერტების მიერ შედგენილ დოკუმენტში განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ღამის კლუბების და ფესტივალების თანამშრომლებმა უნდა გაიარონ ტრენინგი, რათა ზედოზირების შემთხვევებში ქცევის წესები მათთვის უცნობი არ იყოს. ასევე მათ უნდა შეეძლოთ ნარკოტიკებით ვაჭრობის პრევენცია.

რეკომენდაციებს შორის არის ნახსენები ნარკოტიკების შემოწმება. ეს მეთოდი ევროპის 11 ქვეყანაში დანერგეს, თუმცა მისი ეფექტურობის შესახებ არაერთგვაროვანი შეხედულება ევროპაში დღემდე არსებობს. ერთი მხრივ, მსგავსი ტესტი ხელს უწყობს სახიფათო ნივთიერებების გამოვლენას და ამცირებს რისკებს, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს ეჭვი, რომ ასეთი შემოწმება ნარკოტიკებს უფრო მიმზიდველს ხდის.

 

როგორც ექსპერტები ამბობენ, ახალგაზრდებს არ უნდა გაუჩნდეთ შეხედულება, რომ შემოწმებული ნარკოტიკი სრულიად უსაფრთხოა და მათ ზიანს არ მიაყენებს.

 

საეჭვოა ამ მეთოდის ეფექტიანობაც, რადგან ბევრი ნარკოტიკის შემადგენლობაში არსებული ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების გამოვლენა ჯერჯერობით კვლავ სირთულეს წარმოადგენს, ასევე თითქმის შეუძლებელია რამდენიმე ნარკოტიკული ნივთიერების ერთდროულად მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგის წინასწარ განსაზღვრა. მიუხედავად ამისა, „ნარკოტიკების მონიტორინგის ევროპულ ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკების ბაზრის განვითარებასთან ერთად ასეთი ტესტების მიმართ ინტერესი იზრდება, ამიტომ „ნარკოტიკების შემოწმების“ ახალი მოდელების დანერგვა პრიორიტეტული უნდა იყოს.

 

 ქვეყნები, სადაც დეკრიმინალიზაციაზე უარი თქვეს

 

 საფრანგეთი

 

ნარკოტიკების მოხმარება საფრანგეთში კრიმინალად 1970 წლიდან ითვლება. მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკი კანონმდებლობით გამიჯნული არ არის. ნარკოტიკების მიღება ან შენახვა ერთ წლამდე პატიმრობით ან 3750 ევროს ოდენობის ჯარიმით ისჯება.

 

2016 წლის მონაცემებით, საფრანგეთში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის 140 000 ადამიანი დააკავეს. დანაშაულის საერთო სტატისტიკურ მონაცემებში ნარკოდანაშაულს 67%-იანი წილი აქვს.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 წელიწადში ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულთა რაოდენობა 10-ჯერ არის გაზრდილი. თუ 2000 წელს 3481 პირი გაასამართლეს, 2015 წელს მათი რაოდენობა 37 160 იყო.

 

მიუხედავად მკაცრი მიდგომისა, საფრანგეთში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვიც იზრდება და ევროპაში ერთი-ერთი ყველაზე მაღალია. 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საფრანგეთში ნარკოტიკი 17 მილიონ მოქალაქეს გაუსინჯავს, ხოლო 1,4 მილიონი ამბობს, რომ მარიხუანას რეგულარულად მოიხმარს.

 

საფრანგეთის პრეზიდენტი 2018 წლის იანვარში გამოვიდა ინიციატივით, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის ჯარიმები დაწესდეს, თუმცა დეკრიმინალიზაციაზე ხელისუფლება უარს აცხადებს.

 

ევროპაში მკაცრ ნარკოპოლიტიკას ატარებს, ასევე, შვედეთი და თურქეთი, თუმცა ამ შემთხვევაშიც სტატისტიკური მონაცემები ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებაზე არ მიუთითებს.

 

ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მკაცრი ნარკოპოლიტიკის პირობებში მომხმარებელთა რიცხვი სტაბილურად დაბალია, იაპონიაა. თუმცა, ამ შემთხვევაში ამას არა კანონის სიმკაცრეს, არამედ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მიდგომას მიაწერენ. იაპონიაში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება ამორალურად ითვლება და ნარკოტიკების მომხმარებელთა უმეტესობა გარიყულია.

 

მიუხედავად ამისა, 2012 წლის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო წლებში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი 3 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო, რაც იაპონიის მოსახლეობის 2,9%-ს შეადგენს, თუმცა ამ ქვეყნისთვის მაინც მნიშვნელოვან ზრდად ითვლება.

 

გაერო-ს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში უფრო მეტია ისეთი ქვეყნები, სადაც ნარკოტიკების მოხმარება კრიმინალად ითვლება და ეს ხშირად სიკვდილითაც კი ისჯება. როგორც ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 2016 წლის ანგარიშშია აღნიშნული, მსოფლიო ახალი რეალობის გათვალისწინებით, ნარკოტიკებისადმი მიდგომას 2019 წელს უნდა გადახედოს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner