ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარედ, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ბიბლიოთეკის საცავში დაცული წიგნების გამოფენა.
მერიის კულტურის ცენტრთან არსებულმა სასულე ორკესტრმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი, ხოლო ფოლკლორულმა გუნდმა „ლაშემ“ ქართული ხალხური სიმღერები.
ღონისძიებაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის - „მერცხლის“ მონაწილეობით ფლეშმობი გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ:
„26 მაისს საქართველო ისტორიულ თარიღს, დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1918 წელს, 100 წლის წინ, საფუძველი ჩაეყარა ევროპულ ფუნდამენტს, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს ევროპული მომავალი. დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საქართველოს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ თავისი ტრადიციებითა და კულტურით შევიდეს ევროპულ ოჯახში. თითოეული ჩვენგანისთვის დამოუკიდებლობის დღე არის მთელი ერის გაერთიანება და ზეიმი. ეს არის დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს ჩვენამდე. ამ დღით გვინდა პატივი მივაგოთ იმ თავდადებულ ადამიანებს, რომლებმაც შესძლეს და შეინარჩუნეს ჩვენი სამშობლო. მე მჯერა საქართველოს მომავლის!“ - განაცხადა ლაშა კომახიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საზოგადოების წარმომადგენლები.