logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა და ამ დროს, სახელმწიფოს მეთაური დუმს!..
- +

18 მაისი. 2018. 12:57

 

„როგორც დაგპირდით, ვეხმაურები გიორგი მარგველაშვილის ნატვრას რუსეთის ლიდერთან შეხვედრასთან დაკავშირებით. ასევე შევეხები მის როლს 13 მაისის აქციებთან დაკავშირებით და ძალიან მოკლედ ნარკოპოლიტიკის შესახებ“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„1. რუსეთთან დიალოგის თემა:

 

დღეს ბევრი ისაუბრეს ამ თემაზე და მეტწილად ვეთანხმები ბ-ნ აბაშიძეს, ვაშაძეს და სხვებს. უბრალოდ, ამოუხსნელს აქ ვერაფერს ვხედავ.

 

სხვა მხრივ, ყველაფერი სწორად შეფასდა. პრეზიდენტობის ბოლო წელს, მარგველაშვილი კი არა, ობამა აღარ ადარდებდა არავის. ამას თუ დავუმატებთ საქართველოს პრეზიდენტის უფლებებს, ეს განცხადება არ შეიძლება სერიოზულად იქნას აღქმული (ალბათ ამდენი დროც არ უნდა დავუთმოთ).

 

ყველაზე მთავარი, ხომ არ გვავიწყდება, რომ საპარლამენტო მოწყობის რეალობაში ვცხოვრობთ და მსგავსი განცხადებების გაკეთებას წინ უნდა უძღოდეს კონსულტაციები პარლამენტთან, მთავრობასთან?

 

გიორგი მარგველაშვილი ამბობს: „არ მგონია, რომ საქართველოს საზოგადოება რუსეთთან მიმართებაში ორად არის გაყოფილი“.

 

დაახლოებით იგივე უთხრა სულ ახლახანს ნიკოლ ფაშინიანმა პუტინს, სოჭში: „სომხეთის საზოგადოებაში რუსეთთან მიმართებაში კონსენსუსია“.

 

„რუსეთმა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ აქვს საკმარისი საბაბი ტანკებით და ავტომატებით შეცვალოს საქართველოს რუკა“. რას ნიშნავს ეს? იმას ნიშნავს, რომ არ ჰქონდა თურმე საკმარისი საბაბი. ანუ, საკმარისი საბაბი რომ ჰქონოდა, უფლებაც ექნებოდა, ხომ?

 

და ბოლოს: „საქართველოს საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი მზადაა რუსეთს ესაუბროს სხვა თემებზე“. რომელ სხვა თემებზე? რუსეთს ერთი თემა აქვს, უარი ვთქვათ NATO-ზე. მზადაა გიორგი მარგველაშვილი ამ თემაზე ესაუბროს რუსეთს? მას მინიჭებული აქვს ეს მანდატი? ესეც კვლევების საფუძველზე დაასკვნა?

 

თუ პრეზიდენტი სტუდენტებს ესაუბრება, ეს ლექციაა, მაგრამ თუ წამყვანი ტელევიზიები გადასცემენ - პოლიტიკური განცხადებებია.

 

მერე, დღის ბოლოს, იმის ახსნა, რომ ამაზე პრეზიდენტი 5 წელია საუბრობსო, არაა დამაჯერებელი. გვახსოვს ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას ერთი ამბავი იყო ვინ წავიდოდა და მაშინდელი განცხადებებიც მახსოვს, ამოიღეთ არქივიდან.

 

ჰო, პუტინს გადასცეს Президент Грузии мечтает встретится-ო. Пусть мечтает-ო...

 

  1. გიორგი მარგველაშვილის როლი 12-13 მაისის აქციებისას.

 

საქართველოს სახელმწიფოს მეთაური 3 დღე დუმდა. სამაგიეროდ აქციაზე გაგზავნა პოლიტიკური და იურიდიული მრჩევლები, საპარლამენტო მდივანი, რომელსაც ავიწყდება ხელფასს რა ფუნქციების შესრულებაში ვუხდით.

 

ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა და ამ დროს სახელმწიფოს მეთაური დუმს, არანაირ განცხადებას არ აკეთებს, არანაირ როლს არ თამაშობს. პირიქით, დგება ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის უფლებების დამცველად, როცა რომ ნეიტრალური უნდა ყოფილიყო და რაიმე მაინც გაეკეთებინა სიტუაციის გასამუხტად. პირადად ჩემგან და ბევრისგან მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას დაიმსახურებდა.

 

ახლა კი, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გარე მაყურებელი იყო, როგორ გაართმევდა ან ვერ გაართმევდა პრემიერი და მთავრობა თავს ამ პრობლემას. როცა ვითარება განიმუხტა, ორი დღეა სასწაულ აქტივობას ვადევნებთ თვალს. რას ნიშნავს ეს?

 

ასეთ დუმილს და გვერდზე დგომას ითვალისწინებს კონსტიტუცია? სამაგიეროდ, როცა სიტუაცია დამშვიდდა, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია NATO-ს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით. ამ თემას როგორმე ისედაც მოევლებოდა, მისი ჩარევის გარეშე. თუმცა, დაპირისპირებასაც მოევლო პრეზიდენტის გარეშე, სამწუხაროდ.

 

  1. ნარკოპოლიტიკის და აქციების შესახებ.

 

ა) აქციების შესახებ

 

თავშივე დავწერ, რომ ფაშისტური სიმბოლიკა და მისალმებები უნდა აიკრძალოს. ასეთ რამეს არასდროს ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. ამით მხოლოდ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენთ. ან საიდან მოგივიდათ ასეთი იდეები, რა კავშირშია პირველი რესპუბლიკასთან და მის სიმბოლიკასთან?

 

შეფასებები მოვისმინე, აქედან (აქციის მხრიდან) გინებები უმისამართოდ იყოო, ხოლო იქედან (კონტრაქციის მხრიდან), კონკრეტული მისამართითო. კარგით რა, სირცხვილია. ორივე მხრიდან კონკრეტული მისამართით იყო და ისიც მიუღებელია და ისიც. ასეთ შეფასებებს რომ აკეთებთ, თქვენც ხართ პასუხისმგებელნი იმ დაპირისპირებაზე, რაც მოხდა და განმუხტული არაა.

 

ძალადობა და გინებები მიუღებელია როგორც აქციის, ასევე კონტრაქციის მხრიდან. როცა კონტრაქციას აკრიტიკებთ (საკმარისად შევაფასე და გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება წინა აბზაცებში, მეტ განმარტებას არ საჭიროებს), კეთილი ინებეთ და აქციის მხრიდან მომავალი მუქარები და ლანძღვაც („ომს მიიღებთ“, „ნაძირლები“, „ნაბიჭვრები“ და ა.შ.) შეაფასეთ.

 

რა კეთილშობილი მიზნებიც არ უნდა გამოძრავებდეთ, სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევის ზღვარზე აქციების გამართვის უფლება არავის აქვს, ვისაც მართლა ადარდებს ქვეყნის მომავალი.

 

რაც შეეხება აქციის შეფასებას, თითქოს ეს იყო თავისუფლებისათვის ბრძოლა და შეადარეს 9 აპრილს.

 

ნუ აგერევათ ერთმანეთში იმპერიისგან თავისუფლებისათვის ბრძოლა ქცევის თავისუფლებაში. როგორც კი სხვაობას დაინახავთ, მიხვდებით რა მოვლენა 9 აპრილი და რა იყო 13 მაისი. როცა ასე აუბრალოებთ 9 აპრილს, მერე ნუღარ გიკვირთ ისეთი შემართებით რომ აღარ აღვნიშნავთ.

 

ბ) ღამის კლუბებთან დაკავშირებით.

 

ვინც ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში ღამის კლუბებში ნარკოტიკები იყიდებაო, - საზოგადოების მოტყუებაა. მსოფლიოში თუ გულისხმობთ ნიკარაგუას, კოლუმბიას ან მსგავს ქვეყნებს, შეიძლება მასეც იყოს. თუ ევროპას ვედრებით, მაშინ იქნებ მოიკითხოთ და გაერკვიოთ უკეთ და სწორი ინფორმაციები მიაწოდოთ მოსახლეობას?! ჩვენც ვართ ნამყოფები ქვეყნის გარეთ.

 

ღამის კლუბები უნდა არსებობდეს. ღამით რესტორნებიც, კაფეები, გასართობი ცენტრები, სკვერები, ყველაფერი უნდა მუშაობდეს, მაგრამ ნარკოტიკების, ნარკორეალიზატორების გარეშე.

 

ისე, რატომ გწყინთ ასე, როცა ბარიგებს ვეძახით? თქვენ ხომ არ გეძახით, ნარკოტიკების გამსაღებლებს ვეძახით. საბჭოურიაო, აგვიხსნა ერთმა. საბჭოურები ხართ თქვენც, ასაკით, ჰოდა, გემახსოვრებათ, რომ სიტყვა „ბარიგა“-ს არ ჰქონდა დადებითი დატვირთვა, არ ითვლებოდა საამაყო საქმიანობად.

 

ჰოდა, ამიხსენით, თუ ამბობთ, რომ ნარკორეალიზატორებს უნდა ვებრძოლოთო და არა მომხმარებლებსო, რატომ არ მოგწონთ როცა ამ დამაკნინებელ სიტყვას ვიყენებთ მათ მიმართ?

 

ქვეყნის პირველ პირსაც ვეკითხები, რატომ უწოდებთ ნარკოტიკების გამყიდველ დილერს? არ არიან დილერები, ნარკოტიკების გამსაღებლები არიან ბარიგები. თქვენ თუ დილერებად თვლით, იქნებ ასოციაციაც შეუქმნათ?!

 

იმ დღეებშიც დავწერე, რომ არ მიყვარს მასკი-შოუები და არ ვარ მომხრე, როცა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სპეცოპერაციები ტარდება, მაგრამ, რომ არ ყოფილიყო წინააღმდეგობა, რომ არ ყოფილიყო წივილ-კივილი, არც პოლიციას დასჭირდებოდა ძალის გამოყენება. შესაბამისად ხელებით და ფეხებით არავის დაკავება არ იქნებოდა საჭირო.

 

კეთილი ინებეთ და პოლიციის მოთხოვნებს დაემორჩილეთ. არ აქვს მნიშვნელობა ერთ ადამიანს ეხება თუ კლუბის ასობით სტუმარს. ყველანი უნდა გამოსულიყვნენ ხმაურის გარეშე და არც არაფერი მოხდებოდა.

 

თუ იქნებოდა კითხვები სპეცოპერაციასთან და პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით, შემდეგ უნდა ემოქმედა საზოგადოებას, არასამთავრობოებს, მედიას.

 

ჩვენ კი ვიხილეთ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, გინება და მუქარები: „ჩვენ გამოგვიცხადეს ომი“, „ომი გინდოდათ? ომს მიიღებთ!“. ასეთ ქვეყანას ვაშენებთ?

 

პოლიციელის მოთხოვნას მოქალაქე უნდა დაემორჩილოს მყისიერად! ეს აქსიომაა.

 

გ) ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის და რეალიზაციის ლეგალიზების შესახებ.

 

- ძნელი გასავლებია ზღვარი მოხმარებასა და რეალიზებას შორის. თუმცა, თითო დოზის რეალიზებაც შეიძლება. ამიტომ მნიშვნელოვანია რეალიზაციის ფაქტის დადასტურება და არა დოზა. ამისათვის კი ნარკომომხმარებლიდან ხდება ხოლმე გამსაღებელზე გასვლა, იქედან კი შემომტანამდე და უფრო ზემოთ. ხდება პირიქითაც, მაგრამ უფრო რთულია. ჩემი თუ არ გჯერათ, კრიმინალისტებს ჰკითხეთ.

 

- ჩადებები უნდა დასრულდეს. ესაა ერთ-ერთი მოთხოვნა. ვთანხმდებით. თუმცა, ჩადებები სხვაგვარად უნდა დასრულდეს. ჩადების დამტკიცებისთვის უნდა გამკაცრდეს კანონი, თორემ ცოტას ჩაუდებ თუ ბევრს, რა მნიშვნელობა აქვს?

 

- მოწევა აღარ შეიძლება კლუბებში, არც სიგარეტის, არ ანაშის. ამიტომ, ეს ტემა დახურულია 2018 წლის 1 მაისიდან. შესაბამისად, მოწიეთ სახლში, მანქანაში, პირად სივრცეში და არა კლუბში ან სკვერში. ასე ცივილიზებულ ქვეყნებში.

 

- დეკრიმინალიზაციას, უნდა ახლდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის რეკლამირება (ეს უკვე გამოაცხადა მთავრობამ და მხარდასაჭერია) და ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ ინფორმირება.

 

- ნარკოტიკების ლეგალიზების მომხრე არ ვარ და ჩვენი ქვეყანა ამისათვის მზად კარგა ხანს არ იქნება. ნარკომანიის მასშტაბები კი სახელმწიფო უსაფრთხოების ზღვარზე გადის.

 

მარაზმია ალკოჰოლის, ანუ ღვინის სმის და ნარკოტიკის მიღების შედარება. სპეკულირება გადამეტებულად ღვინის (ალკოჰოლის) მოხმარების თემით სპეკულირება და ნარკომანიასთან შედარება, არაკეთილსინდისიერია. ლოთობის მონა იქნები, კაიფის თუ მუცლის, ანუ ჭამის, მონობა მონობაა. ასეთი სპეკულირებით უბრალოდ ტრადიციებს ეხებით.

 

მიუღებელია ორი მიდგომა:

- „ჩვენ ღამის კლუბებში ვიღებთ ნარკოტიკებს, რათა არ ვიცხოვროთ ამ ჯოჯოხეთში“ (აქციაზე გაჟღერდა).

- „ჩემი სხეულია და რასაც მინდა, იმას ვუზამ“.

 

გირჩის ლიდერმა განაცხადა ადამიანის სხეული ღმერთს ეკუთვნისო. რომელი ღმერთი იგულისხმა? რეალურად მაინტერესებს რეზინის ეკლესიაში რას ქადაგებენ. თავისუფლება ღმერთის ბოძებულიაო. ხან გვწამს, ხან არა...

 

სხეული კი ღმერთის ბოძებულია, მაგრამ მშობლებსაც მიუძღვით ცოტაოდენი როლი და იქნებ მათაც აქვთ პასუხისმგებლობა ან მათაც ეკუთვნით, თუნდაც გარკვეულ ასაკამდე?!

 

თუ თქვენი სხეულია, ნუ გვთხოვთ რეაბილიტაციის, მკურნალობის ხარჯებს.

 

თუ გვთხოვთ მკურნალობის ხარჯებს, მაშინ, კეთილი ინებეთ და ორი პირობა შეასრულეთ:

 

- აღიარეთ, რომ თავისუფლები კი არა, ავად ხართ და მკურნალობა გჭირდებათ. თავისუფლებას მკურნალობა არ სჭირდება.

 

- ითანამშრომლეთ პოლიციასთან ნარკორეალიზატორთა გამოვლენის მიზნით.

 

თორემ, საინტერესოდ გამოგდით, თქვენ თავისუფლები ხართ, ანუ არ გაქვთ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, ჩვენ კი თქვენს მიმართ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები უნდა გაგვაჩნდეს, შესაბამისად, თქვენი თავისუფლების გამო ჩვენი თავისუფლება იზღუდება. გაუგებარია.

 

ჰო, ნარკოდამოკიდებული, თუ ნარკოტიკის შესაძენ თანხებს ვერ პოულობს, პოტენციური დამრღვევი ხდება. ეს ისე, უბრალოდ. თუმცა, დეკრიმინალიზაცია მაინც საჭიროა. უბრალოდ, ამ გარემოების გაგებაც აუცილებელია. დაარღვევ კანონს, - დაგიჭერენ და მერე არ უნდა თქვან, რომ ნარკომანი არ უნდა იჯდესო.

 

ისე, სამი ცნებაა ერთმანეთში გადახლართული, სამი განზომილება დავარქვათ: თავისუფლება, პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. ვალდებულებები პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობს.

 

თავისუფლება პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების გარეშე სიგიჟეში გადადის“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner