logo_geo
eng_logo
ქართული ბამბუკის პოტენციალი
- +

3 მაისი. 2016. 14:39



ბამბუკი საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან შემოვიდა და მას შემდეგ მისი ორი ათეული სახეობაა ჩვენთვის ცნობილი.


თუმცა, აქედან ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მაინც „მადაკე" და „მოსოა". 
მიუხედავად ბამბუკის მრავალმხრივი მოხმარების შესაძლებლობებისა, ეს კულტურა საქართველოში წლების განმავლობაში მივიწყებული იყო, მისი გადამმუშავებელი საწარმოები კი - დახურული. ბოლო ხანებში, ბამბუკის სარეალიზაციო და საექსპორტო პოტენციალი კვლავ აქტუალური გახდა.


ქობულეთელი  ელგუჯა  გოგმაჩაძე  2006  წლიდან ბამბუკის მოყვანით, დამუშავებითა და რეალიზაციითაა დაკავებული. მეწარმეს კარმიდამოში მრავალწლიანი ნარგავები აქვს და მისგან დამზადებულ სხვადასხვა სახის ნივთს, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე ყიდის. ამბობს, რომ ამ მეურნეობას მთავრობის მხრიდან ყურადღება და მხარდაჭერა აკლია. ელგუჯა გოგმაჩაძე ბამბუკის უნიკალურ თვისებებსა და მისი მოყვანის სიმარტივეზე გვესაუბრება.


წლები ამ საქმეს შევალიე, ჩემს ბამბუკთან ერთად აქაურ პლანტაციებში გავჭაღარავდი.

ეს კულტურა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ძალიან სწრაფად მრავლდება და იზრდება. ბამბუკი თავის მაქსიმალურ სიმაღლეს სულ რაღაც 45 დღეში აღწევს, ამის შემდეგ კი იწყება გამკვრივება. ამ ხნის განმავლობაში, მას განსაკუთრებული სიფრთხილით მოპყრობა სჭირდება. რაც მთავარია, მცენარე იზოლირებული უნდა იყოს, რათა შეხებით არ დაზიანდეს. მისთვის რაიმე განსაკუთრებული პირობების შექმნა არაა აუცილებელი. ყველაზე უვარგის ნიადაგზეც კი იზრდება", - ამბობს გოგმაჩაძე და მცენარის საექსპორტო პოტენციალსაც უსვამს ხაზს.


იგი აღნიშნავს, რომ ბამბუკზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა, მისგან დამზადებული ნაწარმი ფასის მხრივ ჩინურს კონკურენციას ვერ უწევს. მეწარმის თქმით, გასულ წელს, ევროპის ბაზარზე გასვლის მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩდა, რადგან მოლაპარაკებების დასრულებამდე პროდუქცია ჩინელებმა ნახევარ ფასად შეიტანეს. 
მეწარმე ამჟამად რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტზეა გადართული. ამბობს, რომ სამჯერ დაბალი ტარიფები და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება ისაა, რაც მის ბიზნესს ამ დროისთვის სჭირდება. როგორც თავად აღნიშნავს, საზღვარგარეთ ბამბუკის ნაწარმზე მოთხოვნა მუდმივი, ადგილობრივ ბაზარზე კი სეზონურია.


საქართველოში ბამბუკის მასალას, ზაფხულში კაფეებისა და რესტორნებისთვის, გაზაფხულზე კი ხეხილისთვის, ვენახებისა და სათბურებისთვის იყენებენ.


ბათუმელი თემურ ურუშაძეც ათ წელზე მეტია, რაც ბამბუკის ბიზნესითაა დაკავებული. პლანტაციებს თავად არ ფლობს, პროდუქციას ადგილობრივი გლეხებისგან ყიდულობს და მისგან დამზადებული ნივთები ექსპორტზე თურქეთში გააქვს.


ახლო მომავალში გერმანიაში ექსპორტსაც ვგეგმავთ. ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა კრიზისმა ფასებსა და რეალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ქართული ბამბუკისგან დამზადებული პროდუქციის ცნობადობა გაზრდილია, რაც მეწარმეებისთვის კარგია".

 

ბოლო წლებში საქართველოდან საწნავად გამოსაყენებელი ბამბუკისა და მისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება.


საქართველოდან ავეჯის საწარმოებლად გამოსაყენებელი ბამბუკის ექსპორტი 2014 წელს 2013-თან შედარებით, 13 %-ით გაიზარდა და 174 ტონა შეადგინა, 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 154 ტონა იყო.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner