„ძვირფასო მეგობრებო, ყველას ვინც ჩემს გვერდით იყო, ამ რთულ ჟამს, ვინც მამხნევებდით, ვის ყურადღებასა და მხარდაჭერას ვგრძნობდი, მეხმარებოდით ინფორმაციის შეგროვებასა და რეაბილიტაციაში - უღრმეს მადლობას გიხდით!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ცალკე კი, მადლობას ვუხდი იმ ხალხს, ვინც ეს არ გააკეთა და მეტიც - უხაროდა, ტყუილს ავრცელებდა, თქვენ უკეთ გამარკვიეთ კავშირებში და ვინ იყო ჩემს ირგვლივ.
მომხდარის რამდენიმე ერთმანეთის უარმყოფელი და რეალური ვერსია მქონდა, რამდენიმე, facebook-შიც გამოვაქვეყნე სტატუსად.
მაგრამ როცა შევაგროვე უფრო დადასტურებული ინფორმაცია და გადამოწმებული ფაქტები, გავაანალიზე და ასევე ყველა გარემოების ყურადღებით შესწავლის შემდეგ, დამრჩა მხოლოდ ერთადერთი ვერსია და მომხდარის ზედმიწევნით მართებული გააზრება.
დეტალებით აღარ შეგაწყენთ თავს და გეტყვით პირდაპირ - დასკვნა ერთია:
ის ხალხი, ვინც თავს დამესხა, ერთგვარი მსხვერპლნი არიან საკუთარი მანკიერი წრის, რის გამოც გახდნენ ადვილად მანიპულირებადი შანტაჟისთვისაც. მათი შერჩევა, რა თქმა უნდა, არ იყო შემთხვევითი, ეს ზუსტად ის ხალხია ვინც გარემოებების გამო სასჯელის გარეშე უნდა დამეტოვებინა და მათთან მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს - „ვინაა დამკვეთი?“
ვინ მისცა შესაძლებლობა სოფლელ ბიჭებს ასეთი თავხედური მუხანათობის მოწყობა ბათუმის ცენტრში? მეზობლების, უამრავი ხალხის და სათვალთვალო კამერების თვალწინ - იგრძნონ თავი იმდენად დაცულად რომ ღიად, ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე, ურტყან ადამიანს რკინის ხელკეტებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებზე. სამნი ერთის წინააღმდეგ!
შემიძლია ვთქვა, რომ ამ ჯერზე გადამარჩინა ჩემმა ფიზიკურმა მომზადებამ და იმან, რომ მე ბელგიაში ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ჩემპიონი ვიყავი „ბრძოლებში წესების გარეშე“ და, რა თქმა უნდა, ისინი არ ელოდნენ ასეთ წინააღმდეგობას, ჩემს იქით შეტევაზე გადასვლას. იმ იმედით დამესხნენ თავს, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ინვალიდად დამტოვებდნენ. როგორც თავად ხედავთ, გადავრჩი და ხვდებით იმასაც, რომ აუცილებლად მოვძებნი დამკვეთს.
ეს ხალხი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თავად არიან მსხვერპლნი, თავიანთი მანკიერებისა და ჩემი მტრების. კიდევ ერთხელ მეგობრებო - უღრმესი მადლობა თქვენ, ყველას მხარდაჭერისთვის!“ - წერს მერაბ ბლადაძე.