ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
„ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე, ღმერთო!“
ზურა მჟავიას და მორის ფოცხიშვილის ერთობლივად შექმნილი შედევრის პრემიერა აფხაზეთის ტრაგედიის დღეებში შედგა, გასაგებია, სიმღერის დასასრულს რატომ წამოუვიდა ღაპა-ღუპით ცრემლები დაუვიწყარ და განუმეორებელ გოგი დოლიძეს.
22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გოგი აღარ არის. სიმღერა კი დარჩა. ისევე, როგორც გადაუჭრელი დარჩა პრობლემაც: ერთი მიზნისთვის ბრძოლაში ქართველების ერთად ყოფნის. გამარჯვების მისაღწევად ქართველების ერთ მუშტად შეკვრის, საქართველოს ღირსების დასაბრუნებლად ქართველობის და მის მიწა-წყალზე დაბადებული შვილების მზადყოფნის მიღწევის პრობლემა...
სახელმწიფოებრივ, ეროვნულ სატკივართან დაკავშირებული რომელიმე ძირითადი პრობლემა ისეთივე აღტკინებას, ისეთივე მობილიზაციას, ისეთივე სოლიდარობას რომ იწვევდეს, როგორც ამ დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული თავყრილობები, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფდა.
ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.
აი, დათო არჩვაძემ გააკეთა ის საქმე, რაც მისებრ კარგად, მისებრ პროფესიულად ბევრი რომ ვერ გააკეთებს. მან ეს უკვდავი სიმღერა გააცოცხლა...
მარტო სიმღერა კი არა, გააცოცხლა ჩვენი გოგი დოლიძეც!
შეგვახსენა საერთო სატკივარი. და გაიმეორა, ანუ კვლავ გააჟღერა აქსიომატური სიბრძნე, ნათქვამი არაერთგზის - სიტყვით თუ სიმღერით: ქართველების ერთად ყოფნა, ერთ მუშტად შეკვრაა საჭირო!
მადლობა უნიჭიერეს დათო არჩვაძეს, დროული შეძახილისთვის!