ქობულეთში 65 წლის მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ და ლინჩის წესით გასამართლებით ემუქრებიან. ადგილობრივები მამაკაცს 11 წლის მოზარდის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს და უბნიდან მის გასახლებას მოითხოვენ.
უბნის 200-მდე მცხოვრები გუშინ გვიან ღამით აღნიშნული მამაკაცის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბა. მათ ჭიშკრის შენგრევაც სცადეს. მოგვიანებით, 65 წლის მამაკაცის მეუღლე სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო საცხოვრებელი სახლი დაიკეტა.
11 წლის მოზარდის დედის განცხადებით, მამაკაცი გოგონას კანფეტებსა და გასეირნებას სთავაზობდა, ხოლო მის 12 წლის ბიჭს ეუბნებოდა, რომ „თუ მის დას მანქანაში ჩაჯდომას დაუშლიდა, კისერს მოჭრიდა და დედას მოუკლავდა"".
ბავშვების დედის განმარტებით, მამაკაცმა გოგონას მანქანაში შეტყუება ვერ შეძლო, თუმცა ბოლო ათი დღის განმავლობაში მის შვილებს ორჯერ ესაუბრა.
„საღამოს გოგო გავგზავნე მაღაზიაში პურზე. ამ არაკაცმა გააჩერა მანქანა და ეუბნება - თვალს ასე რომ განიშნებ (თვალი ჩაუკრა და თავი გადაუქნია), ოჩხამურისკენ წამომყევი, კარგი კანფეტები იყიდება, გიყიდი, გაგაკატავებ, ფულსაც მოგცემ და დედაშენს და შენს ძმას არაფერი არ უთხრაო. ეს იყო, ალბათ, ათი დღის წინ. მას მერე ვეძებ, მაგრამ არსად ჩანს. უკვე 30 აპრილს აჩერებს ჩემს 12 წლის ბიჭს და ეუბნება, შენს დას რატომ უკრძალავ ჩემს მანქანაში დაჯდომას და ჩემს აფთიაქში შემოსვლასო? - შენი და ჩამისვი მანქანაში, არ აუკრძალო, თორემ, დედაშენს მოვკლავ ან დავაჭერინებ, შენ მოგაჭრი კისერს და შენს თავს ძაღლებს გადავუგდებო. ეგ არაკაცი, გადასახლდეს აქედან, არ გავაჩერებთ, გადავიდეს სხვაგან", - აღნიშნა ბავშვების დედამ.
მეზობლების ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცი წარსულში რამდეჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის ერთხელ აფხაზეთში ქალის გაუპატიურებისთვის.
ადგილზე წუხელ ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე იმყოფებოდა, რომელიც მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და მამაკაცის ოჯახსა და მეზობლებს შორის მოლაპარაკებებს ცდილობდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ცნობით, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში გამოძიება დაიწყება.