„როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ საბანკო სექტორი წარმატებულია, თუ მისი შემოსავლების ნახევარი არასაპროცენტო შემოსავლებით, კერძოდ საკომისიოებით, საურავებით და ჯარიმებით ივსება?!“ – ამის შესახებ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ „აფბას“ ბიზნესსაბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ეს თითქოსდა „წარმატებული“ საბანკო სექტორი ერთხელ უკვე იდგა რეალური კრახის წინაშე 2008 წელს (ომამდეც). მაშინ საბანკო სექტორი ომმა „გადაარჩინა“, იმ ფინანსურმა მხარდაჭერამ, რომელიც საერთაშორისო დახმარების სახით საქართველომ მიიღო, მათ შორის, 2 მილიარდი დოლარი საბანკო სექტორისთვის იყო განკუთვნილი.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ საბანკო სექტორი იმ მოდელით, რითაც მოქმედებს, შესაძლოა კლიენტის გარეშე დარჩეს და კოლაფსამდე მივიდეს. თუ ასეთი პერსპექტივა უდგას საბანკო სექტორს, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის წარმატებული?!
რატომ ვამბობთ, რომ საბანკო სექტორის კაპიტალი ვერ გაწვდება ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც ქვეყანაში შეიძლება გაჩნდეს, მაშინ როდესაც, ბანკებს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო რესურსებიდან მოიზიდოს კაპიტალი. თუმცა, მათ არ სჭირდება დამატებითი კაპიტალი, რადგან კლიენტი არ ჰყავს მეტი, ვინც 20-%ში აიღებს ბიზნესს სესხს, ან 12%-ში იპოთეკურ სესხს. და ამ ვითარებაში თუ ვამბობთ, რომ საბანკო სექტორი წარმატებულია, მაშინ ჩვენ ვტყუით.
თუ ჩვენ ვამბობთ რომ საბანკო სექტორი წარმატებულია, ისიც ვთქვათ რის ხარჯზე, რატომ აგრძელებენ არაპროფილური აქტივების მართვას, რატომ ზღუდავენ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რატომ ეშინიათ ბიზნესმენებს ბანკში ბიზნეს პროექტების მიტანა...
ასეთი „წარმატება“ სამართლიანი თამაშის წესების დაცვის შემთხვევაში ძალიან ცუდად დამთავრდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, გვაქვს თამაშის უსამართლო წესები. შესაბამისად, საბანკო სექტორიც ასეთი ფორმით აგრძელებს საქმიანობას წლიდან წლამდე. თუ ვამბობთ, რომ საბანკო სექტორი დღეს წარმატებულია, ისიც უნდა ვიცოდეთ, თუ რის ხარჯზე მიაღწია ამ წარმატებას და რას ვთმობთ ჩვენ ამისთვის“, – განაცხადა ჭარაიამ.