გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 56-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის ფაქტის განხილვას. მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ აღნიშნულ საკითხზე აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებულის დაკავება და მისი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ინიციატივით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ადგილობრივებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე ისაუბრეს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მორიგი შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება.