logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: კანონმდებლობა არც თუ ეფექტურია რადიკალურ-ფაშისტური იდენტობის მქონე ჯგუფებთან სამუშაოდ
- +

18 მაისი. 2018. 19:01

 

„დღევანდელი კანონმდებლობა არც თუ ეფექტურია რადიკალურ-ფაშისტური იდენტობის მქონე ჯგუფებთან სამუშაოდ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შესაბამისი ინსტრუმენტები არ გვაქვს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 13 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ამ მხრივ საჭირო გახდება საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა, სამინისტრო მიმართავს პარლამენტს, რათა აგრესიული და ფაშისტური იდენტობის ჯგუფებთან მუშაობა იყოს უფრო ეფექტურად შესაძლებელი.

 

„მოგეხსენებათ, რომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია და მიმდინარეობს დაკითხვები. მაშინვე, როგორც კი დავაფიქსირებთ გამოხატვის თავისუფლების ფორმების გადამეტებას უკვე გადასულს ძალადობის მოწოდებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ. ამ მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად გვესმის ის შეშფოთება, რომელიც ამ დარბაზში გამოითქვა, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ უსაფრთხოება და სტაბილურობა დღეს არის ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

 

ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საჭიროა აბსოლუტურად დასაბუთებული, გააზრებული საგამოძიებო პროცესი, რომელიც მიგვიყვანს შესაძლებელ ფაქტუალურ მასალამდე და სადაც დავინახავთ გამოხატვის თავისუფლების გადაჭარბებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ. არ გვჭირდება აქ ისეთი ფორმების მიღება, რომელმაც შემდგომ შეიძლება გარკვეული რისკები შეგვიქმნას, თუმცა მოგეხსენებათ, რომ იქ, სადაც მსგავსი ფაქტები გამოვლინდა, შსს მოქმედებს ყველანაირი უკანდახევის გარეშე.

 

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე პირი უკვე არის მსგავსი მუხლებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ამ კონკრეტულ შემთხვევებზე, რომელიც მოხდა 13 მაისს. გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, ამ გამოძიებას მივიყვანთ ბოლომდე. თუ მომავლისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები და დავაფიქსირებთ ასეთ აუცილებლობას, რა თქმა უნდა, მოგმართავთ, რათა აგრესიული და ფაშისტური იდენტობის ჯგუფებთან მუშაობა იყოს უფრო ეფექტურად შესაძლებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner