მზის ბატარეაზე მომუშავე თვითმფრინავმა „Solar Impulse 2"-მა წყნარ ოკეანეზე სამდღიანი ფრენა დაასრულა და კალიფორნიაში დაეშვა.
დაშვებამდე თვითმფრინავმა სან-ფრანცისკოში მდებარე ცნობილ ხიდს - ოქროს კარიბჭეს გადაუფრინა.
„Solar Impulse 2"-ს ახლა მეორე, რთული გამოცდა ელის. ის დაშვების გარეშე ნიუ-იორკიდან გიბრალტარის სრუტემდე უნდა გადაფრინდეს.
მზის ბატარეაზე მომუშავე თვითმფრინავის ფრენას მონაკოში მდებარე სადისპეტჩერო ცენტრიდან აკონტროლებენ.
მეტეოროლოგები და ფრენის ორგანიზატორები ინფორმაციას მუდმივად აახლებენ და „Solar Impulse 2"-თვის ოპტიმალურ მარშრუტს ირჩევენ.
Solar Impulse 2 შვეიცარიაში კონსტრუირებული თვითმფრინავია. მისი ფრთების საერთო სიგრძე 72 მეტრი, წონა კი 2,3 ტონაა.
თვითმფრინავის ზედაპირზე დაყენებული 17 ათასი მზის ბატარეა 4 ელექტროძრავს ამუშავებს.
თვითმფრინავის სიჩქარე საათში 140 კილომეტრია.