შს მინისტრმა გიორგი გახარაიამ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ „იმ ახალგაზრდების ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც რუსთაველზე იყო გამოსული, არც ნარკოტიკების გავრცელებასთან და არც მოხმარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს“.
მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორებთან გამართულ შეხვედრაზე, მათ მიმართ არანაირ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„არანაირ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ამ ქვეყნის მომავალი. მიღწეული იყო გონივრული შეთანხმება. ამ გონივრული შეთანხმების შედეგი გახლავთ ის, რომ 17 მაისი ჩავატარეთ მშვიდად და წყნარად. შედეგი იყო კიდევ ის, რომ ორშაბათს ქალაქმა ჩვეულებრივი რეჟიმით იცხოვრა და ახალ ვართ მოლაპარკებების რეჟიმში. მივაღწევთ შედეგებს, რაც ყველასთვის მისაღები იქნება“, - მიმართა დეპუტატებს შს მინისტრმა.
გახარიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ღამის კლუბებში პოლიციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო, ხოლო ბოდიში იმ ადამიანებს მოუხდა, ვისაც იმ საღამოს გატარება კლუბში ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ეს ვერ შესძლო.