logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი სქემა, ანუ არის თუ არა ეს ბილეთი?!
- +

18 მაისი. 2018. 23:08

 

ნახავთ ამ ვიდეოს, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსვლის პირველი დღეებია (თვეები) დაფიქსირებული და შეგეშინდებათ. თუ არ შეგეშინდებათ, იმაზე მაინც დაფიქრდებით, რას მოეღო ბოლო 2012 წელს და კიდევ რამდენ საშინელებას გადავურჩით. ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ, თუ როგორ ახევდა "დემოკრატიის შუქურა" ადამიანებს ქონებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ზოგი ყოფილი გამგებელი იყო, ზოგი - რიგითი მოქალაქე, ზოგი კიდევ მისთვის მიუღებელი პიროვნება. "წაართვით", "ჩამოართვით", "განაკულაკეთ", "არ მაინტერესებს", "ჩვენ ვმუშაობთ ღამის 4 საათზე"... აი, სააკაშვილის ლექსიკა მთავრობისა თუ "ნაცმოძრაობის" სხდომებზე. ასეთი განცხადებების შემდეგ მართლაც მიჰყავდათ ადამიანები ღამის 4 საათზე "ღამის ნოტარიუსებთან" ავტომატების თანხლებით და აფორმებინებდნენ ყველაფერს - მანქანებს, სახლებს, მიწებს, მოძრავს, უძრავს. ეს ყველაფერი ხდებოდა ღამით იმიტომ, რომ ამ დროს მოსახლეობას ეძინა და ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, ვერავინ ვერაფერს დაინახავდა... თუმცა, რომც დაენახა, ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას?

 

 

 

დიახ, 2012 წლამდე ეძინა მოსახლეობას, არ ეძინათ მხოლოდ მათ, ვისაც ყველანაირად ანადგურებდნენ და ცოლ-შვილსაც კი უუპატიურებდნენ. მართალია, ამ ყველაფერს 2012-ში კი დაესვა წერტილი, მაგრამ დაღი დაღად დარჩა - ძალიან მცირედმა თუ მოახერხა ქონების დაბრუნება. ბევრმა ვერც მოახერხა და აღარც იმედი შერჩა. ვიდეო-ჩანაწერში კანონიერი ყაჩაღი მიხეილ სააკაშვილი ახსენებს გლდანის რაიონის ყოფილ გამგებელს, თურმე მიწის ნაკვეთი ჰქონიაო. ბოლშევიკურ აზროვნებას რა ვუთხარი, თორემ თუნდაც გამგებელს და თუნდაც პრეზიდენტს, ან მუშას, ან ნებისმიერ რიგით მოქალაქეს რატომ არ უნდა ჰქონდეს მიწის ნაკვეთი, მანქანა და სახლი? ჰოდა, წაართვითო, იხეოდა იმჟამინდელი პრეზიდენტი, პარკები და სკვერები უნდა ავაშენოთო... არაფრის აშენებას ის არ აპირებდა, წართმეული ქონება სხვებზე, მის ნათესავებსა და მეგობრებზე ფორმდებოდა. ეს ყოფილი გამგებელი გახლავთ ბატონი სოსო ვაშაკიძე, რომელიც კაცურად ემსახურებოდა თავის საქმეს, მაგრამ არ მოისურვა "ნაცების" მსახურება და მათი ხელის ბიჭობა. ჰოდა, ამიტომაც დაადგნენ ღამის 4 საათზე და წაიყვანეს ავტომატების თანხლებით ნოტარიუსთან. ე.წ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ: მიხა სააკაშვილი, ზურიკო ადეიშვილი, გიგილო უგულავა და ნიკოლოზ ხაჩირაშვილი. თარიღი - 2005 წლის დეკემბერი. საქმე იმდენად კანონიერი იყო, რომ ქონების ჰაიჰარად ახევა მაინც ვერ გაბედეს და შესთავაზეს, სანაცვლოდ მიწის ნაკვეთს სხვაგან მოგცემთო. ვინ რისი მიმცემი იყო? როდის იყო, მიხეილ სააკაშვილი წართმეულის სანაცვლოდ რამეს იძლეოდა იმის შიშით, ემანდ კანონი არ დავარღვიოო? არა, ის ადამიანებს აყაჩაღებდა ღამით, თუ ვინმე ხმას ამოიღებდა დღისით, ეგრევე უკრავდა თავს გლდანის საპყრობილეში.

 

გავიდა დრო, გადაშენდა სააკაშვილიც და მისი ბანდაც, ბევრმა დაზარალებულმა და მათ შორის გლდანის ყოფილმა გამგებელმაც მოინდომა სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ აი, აქ დაისვა კითხვის ნიშანი. თუ აქამდე ეგონათ, სამართალი ურმით მაინც მოვაო, ახლა ფიქრობენ, რომ შეიძლება საერთოდ აღარ მოვიდეს. არადა, საჭიროა, აუცილებელია, გარდაუვალია. ბატონებო და ქალბატონებო, როგორც იპოლიტე ხვიჩია ამბობს ერთ ფილმში: არის თუ არა ეს ბილეთი? მიპასუხეთ, არის თუ არა ეს ვიდეო საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა დაიბრუნოს ქონება და ღირსება? არის, ნამდვილად არის!!!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner