ავტორი ნინო ჯიბუტი
„ძალიან მიჭირს ამ ადამიანის გამონათქვამებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. არა იმიტომ, რომ არ მინდა, უბრალოდ, ის ძალიან ბევრ ტყუილს ამბობს", - ასე ეხმაურება საპარალამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს, სადაც სააკაშვილი ლაზიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ლაზიკაში რუსული ტვირთები წამოვიდოდა და სრული ბუმი იქნებოდა".
„სააკაშვილი ყოველთვის ურევს ერთმანეთში ფაქტებს. ერთი საკითხია, რომ ტყუილს ამობობს ხოლმე და მეორე, ისე წარმოაჩენს საკითხს, როგორც მას უნდა. ამიტომ მე არ ვიცი, რა საფუძველი უნდა ჰქონოდა მის ამ განცხადებას. თუ ასე იყო, არცერთი გამოსვლა არ მახსენდება, როდესაც ანაკლიის პორტთან და ლაზიკასთან დაკავშირებით საუბრისას, როდესაც „ნაციონალები" ხელისუფლებაში იყვნენ, რომ ეს გათვლილი იყო რუსული ტვირთების მისაღებად. ახლა ამაზე საუაბარი რას ეფუძნება? მართალი გითხრათ, არ ვიცი", - აღნიშნავს ანი მიროტაძე.
პარლამენტარის თქმითვე, ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურად გააძლიერებს, ჩაიდება მეტი ინვესტიცია და უკეთესი გახდება ადამიანების სოციალური მდგომარეობა, ამ ყოველივეს მიესალმება. ხელისუფლება კი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
„ზოგადად ვფიქრობ, რომ ტვირთბრუნვას და ვაჭრობას პოლიტიკური საფუძველი არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს. ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობა არის სავაჭრო ურთიერთობა. მესმის, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა, ყველა მიმართულებით გამძაფრებულია დამოკიდებულება. შესაძლოა პოლიტიკური ხინჯები აბსოლუტურად განსხვავებული იყოს ქვეყნების, მაგრამ ეს სავაჭრო ურთიერთობებზე არ აისახებოდეს. მთავარი გამოწვევა, რომელიც ჩვენს ხალხს დღეს აქვს, ეს ეკონომიკური მდგომარეობაა. ჯერჯერობით ეკონომიკური წინსვლა ნაკლებად გვაქვს, თუმცა სხვა მხრივ, ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს წინსვლა. ეკონომიკასთან დაკავშირებითაც, წესით, ძალიან მალე უნდა გაჩნდეს შედეგები," - აცხადებს მიროტაძე.