logo_geo
eng_logo
ლონდა თოლორაია: უახლოეს მომავალში გამოძიება სრულყოფილად იქნება ჩატარებული და ცხადია, დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი
- +

21 მაისი. 2018. 01:47

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ „უახლოეს მომავალში გამოძიება სრულყოფილად იქნება ჩატარებული და ცხადია,  დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი“.

 

 „ვინაიდან აღნიშნული ფაქტი განეკუთვნება ქალთა მიმართ ძალადობას, თავისთავად ცხადია, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს. დღეს, მთელი დღის განმავლობაში, საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობდა ჩვენი დაკვირვების ქვეშ. როგორც იცით, გუშინ სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით განცხადება გავრცელდა. გუშინვე, განცხადების გამოქვეყნებისთანავე, საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გუშინვე დაუკავშირდით ქალბატონ ინგა გრიგოლიას და იგი დაბარებულ იქნა გამოკითხვაზე. დღეს, უკვე ნაშუადღევს, ქალბატონი ინგა გამოცხადდა საგამოძიებო სტრუქტურაში. მისი გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვინაიდან მან მოჰყვა ბევრი ფაქტი, რომლებიც, როგორც ამ ბოლო პერიოდში, ასევე, წინა პერიოდში,  მის მიმართ ხდებოდა. მისივე მონაწილეობით ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება. ქალბატონი ინგა გრიგოლიას გამოკითხვის საფუძველზე ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხული იქნებიან მოწმეები. შს სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს,  რომ მიღებულია ზომები, რათა ქალბატონი ინგას უსაფრთხოება დაცული იქნას და ამის სრულ გარანტიას სამინისტრო ნამდვილად იძლევა. უახლოეს მომავალში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სრულყოფილად იქნება ჩატარებული და თავისთავად ცხადია, დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების ინტერესებიდან და ქალბატონი ინგას უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, თუ რა ზომები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა გეტყვით იმას, რომ მისი უსაფრთხოების მიზნით, განხორციელებულია შესაბამისი ღონისძიებები და დაზარალებულის უსაფრთხოებას, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.  მინდა გითხრათ, რომ ამჟამადაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დამნაშავის იდენტიფიცირების მიზნით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი, ვისაუბრო დამატებით დეტალებზე. გამოიკითხება აბსოლუტურად ყველა პირი, ვისაც შეიძლება, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდეს რაიმე ტიპის ინფორმაცია. ამიტომ, გარდა ამ პირისა, იდენტიფიცირებულნი არიან, ასევე, სხვა მოწმეები, რომელთა გამოკითხვა მოხდება უახლოეს დღეებში, ხვალ. შეიძლება, ესენი იყვნენ თანამშრომლები, ოჯახის წევრები, ნებისმიერი პირი, რომელსაც შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონდეს", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner