სოციალური ქსელის მომხმარებელი ზურაბ თოიძე facebook-ზე გურამ შარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„არ დაგავიწყდეთ ქართველებო, 20 მაისი გურამ შარაძის დახვრეტის დღეა!.. 2007 წლის მაისის პირველ რიცხვებში კუს ტბაზე შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ადრეც არაერთხელ შევხვედრივარ, ვიწრო წრეშიც სუფრაზე მისი თამადობაც მომისმენია, უაღრესად საინტერესო მოსაუბრე იყო, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებით ენაწყლიანი მეჩვენა. ორ საათზე მეტ ხანს ვისაუბრეთ, გავიხსენეთ ძველი ოზურგეთი და ოზურგეთლები, მისი ადრიანად გარდაცვლილი ძმაც, რომელსაც ჩემს უფროს მეგობრად ვთვლიდი. როგორც ყოველთვის იცოდა ხოლმე ჩვენი შეხვედრისას, განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა დედაჩემის მიმართ, სკოლაში ქალბატონი ლამარას კარგად ნასწავლებმა გერმანულმა დიდი სამსახური გამიწია ცხოვრებაშიო. გეგმებზე შევეკითხე და გაეცინა, საოცრად გულღია და გადამდები სიცილი იცოდა, ზურიკო, იმდენი მასალა მაქვს ჩამოტანილი უცხოეთიდან 50 წელი რომ კალამი არ გავაგდო ხელიდან, ფურცელზე გადატანას მაინც ვერ მოვასწრებო. თბილად დავშორდით. ორიოდ დღეში სამსახურში მისი ,,ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორიის ,,ხუთტომეული გადმომცეს, გურამმა გამოგიგზავნათო. ყველა ტომის ყდაზე რუდუნებით წაეწერა საკმაოდ ვრცელი ტექსტი, რომელიც იწყებოდა და მთავრდებოდა სიტყვებით ,,პატივცემულ ზურაბ თოიძეს... სიყვარულით და პატივისცემით ავტორისაგან“ მის სტილში.... ერთი თვეც არ იყო გასული რომ მოკლეს და ალბათ ეს იყო ყველაზე სასტიკი და ცინიკური პოლიტიკური მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც ყოველთვის შავ ლაქად დარჩება ახალი ქართული სახელმწიფოს სხეულზე. ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, მეცნიერი. ნათქვამია, კარგი კაცის გახსენება პატივს მიაგებს არა მარტო მას ვისაც იხსენებენ, არამედ მათაც, ვინც იხსენებსო. ჰოდა, გურამის, ღირსეული კაცის გახსენება, განსაკუთრებით ოზურგეთლებისგან, ღირსეული საქციელია, მით უმეტეს, როცა ცოტანი დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში მასავით გულანთებული პატრიოტები და მასავით მასშტაბურად მოაზროვნე ერუდირებული პოლიტიკოსები... ხან იმასაც ვფიქრობ, დარჩნენ კი საერთოდ?!!..“ - წერს ზურაბ თოიძე.
გურამ სევერიანის ძე შარაძე 1940 წლის 17 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონში დაიბადა. ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997).
1958 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თსუ-ს დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე. 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, 1991-1992 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1975 წელს სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მიეძღვნა თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. კაპიტალური ორტომეული ნაშრომი დაწერა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე (1987-1990), რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1987 წლიდან იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოების პრეზიდენტი. 1989 წლიდან იყო ივანე მაჩაბლის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი; პოლიტიკური მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“ თავმჯდომარე. მ. აბაშიძის, ნ. ბერძენიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი; აგრეთვე დაჯილდოებული იყო უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს მედლითა და ვახტანგ გორგასლის ორდენით. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას: 1999 წელს შექმნა ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ხოლო 2001 წელს მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“.
2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძე მოკლულ იქნა თბილისის ცენტრში.