საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჭადრაკის სასახლეში, სადაც ნონა გაფრინდაშვილის „ვარსკვლავის" გახსნის ცერემონიას დაესწრო, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნონა გაფრინდაშვილი არის ინტელექტის გამარჯვების და მებრძოლი სულის სიმბოლო.
„დღეს არის ძალიან დიდი დღე. გაიხსნა ნონა გაფრინდაშვილის „ვარსკვლავი". ნონა გაფრინდაშვილი ყველა ქართველისთვის და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ორი რამის სიმბოლო, ეს არის ინტელექტის გამარჯვება და ეს არის მებრძოლი სულის გამარჯვება. ჩემთვის არის ეს ადამიანი უაღრესად საყვარელი. მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე და მინდა, ქალბატონ ნონას ვუსურვო ჯანრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ჩვენი ხვალინდელი დღის საიმედოდ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც თქვენ ქართული ხალხისთვის გააკეთეთ, ქალბატონო ნონა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნონა გაფრინდაშვილის „ვარსკვლავი" საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით და ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.