2018 წლის აპრილის მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,3 მილიონი ლარით გაიზარდა.
ამა წლის აპრილში ბანკების წმინდა მოგებამ 59,959 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის აპრილში კი აღნიშნული მაჩვენებელი 37,571 მილიონი ლარი იყო. მთლიანად, 2018 წლის 4 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 294,197 მილიონი ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, 2018 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,093 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 6,958 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის აპრილში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 33,960 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში ბანკებმა 5,282 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679,101 მილიონი იყო.