ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დაიჭირეს! მიხარია, რომ ამჯერად მაინც აგებს პასუხს მანიაკი იმ დანაშაულის გამო, რასაც წლებია ჩადიოდა! ყველამ უნდა აგოს პასუხი მსგავსი ძალადობისთვის! თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ შეურაცხადია, გამოკეტონ იქ, სადაც უნდა უმკურნალონ! დღეს პირველად დავიძინებ მშვიდად, ამდენი წლის შემდეგ...
სოფიო მდინარაძე - მადლობა ოპერატიულობისთვის! ღიად გიხდით მადლობას! აღარ მქონდა პოლიციის იმედი, დღეს მადლობას გიხდით“, - წერს გრიგოლია.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარე წლის 19 მაისს, ინგა გრიგოლიას მიერ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ამავე ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
ოპერატიულად ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ თავად ინგა გრიგოლია და სხვა მოწმეები. ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მუქარის შემცველი წერილები და სხვა სახის შეტყობინებები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.
გამოძიება მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.