logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ასეთი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს
- +

21 მაისი. 2018. 19:03

 

 

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელს და თანამშრომლებს შეხვდა.

 

სესიაშვილის განცხადებით, უპრეცედენტოა ის საზედამხედველო შესაძლებლობები, რაც ამ სააგენტოს აქვს.

 

„ასეთი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ოპერატიულ–ტექნიკურ სააგენტოზე ზედამხედველობას ახდენს სასამართლო, მთავრობა და პარლამენტი. დღეს მე პირადად მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი როგორც ამ უწყების საქმიანობას, შესაბამის სპეციფიკას, ასევე შესაძლებლობებს, გეგმებსა და გამოწვევებს, რაც უწყების წინაშეა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში არის სტერეოტიპი, რომ ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო არის სამსახური, რომელიც ძირითადად მიყურადებას და მოსმენას ახორციელებს, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. ამ უწყებას გააჩნია მთელი რიგი მიმართულებები, რაზეც არის დაფუძნებული ჩვენი საინფორმაციო–ტექნოლოგიური განვითარება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

მოსმენა–მიყურადებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად სესიაშვილმა განაცხადა, რომ სააგენტო არის ერთგვარი მომსახურების გამწევი ყველა იმ უწყების მიმართ, რომელთაც კანონით აქვთ დადგენილი გამოძიების უფლება.

 

„რაც შეეხება მოსმენების და ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერების მიმართულებას, ამ შემთხვევაში სააგენტო არის ერთგვარი მომსახურების გამწევი ყველა იმ უწყების მიმართ, რომელთაც კანონით აქვთ დადგენილი გამოძიების უფლება და აბსოლუტურად ყველა სასამართლოს საფუძველზე ხდება. ჩვენ ერთგვარი ტესტირებაც კი ჩავატარეთ, ვცადეთ ჩემი თანდასწრებით ერთ–ერთი ნომრის მოსმენა–მიყურადება, რაზეც იმწამსვე მოხდა მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეაგირება, ჩემს თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. მე მესმის, რომ ჩვენს ოპონენტებს, ძირითადად პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ ეს თემა გამოიყენონ, თითქოს ხელისუფლება სახელმწიფო ორგანოებს იყენებს პოლიტიკური მიზნით, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და აბსურდია, იმდენად, რამდენადაც ეს ის მძიმე და არასწორი წარსულია, რითაც წინა ხელისუფლება სარგებლობდა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

ირაკლი სესიაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ სუს–ი იყენებს ოპერატიულ–ტექნიკურ სააგენტოს თავისი მიზნებისთვის.

 

„ოპერატიულ–ტექნიკურ სააგენტოს აქვს თავისი როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური მხარე. შინაარსობრივი კუთხით თუ შევხედავთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოტო–ს სერვისის მხოლოდ მინიმალურ პროცენტს იყენებს, რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს. მასთან დაკავშირებულია მთელი რიგი ტექნიკური ელემენტები, რაც განაპირობებს იმას, რომ ეს უწყება ამ შენობაში უნდა იყოს. თქვენ იცით, რომ უახლოეს ხანებში ოტო გადავა ახალ შენობაში, სადაც ასევე დაკმაყოფილდება ეს ტექნიკური საშუალებები“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner