მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბიძინა კუჭავასა და ეროსი კიწმარიშვილის საქმეებზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. მთავარი პროკურორი გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ როგორც დასრულდება გამოძიება და დადგენილ გარემოებებს სამართლებრივი შეფასებები მიეცემა, საზოგადოება დეტალურ ინფორმაციებს მიიღებს.
ირაკლი შოთაძის განმარტებით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობისა და ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის საქმეების გაერთიანების საფუძველი არ არსებობს, რადგან ეს არის ორი ინდივიდუალური გამოძიება. „ეს ორი საქმე არ გაერთიანდება, რადგან სხვადასხვა ეპიზოდებია. ერთ შემთხვევაში არის ჩვენი პროკურორის მკვლელობის საქმეზე გამოძიება, მეორე შემთხვევაში კი - ბიძინა კუჭავას დაკავების მომენტში თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება. ეს არის ორი ინდივიდუალური და დამოუკიდებელი გამოძიება და ამ ეტაპზე საფუძველი, რომ გაერთიანდეს, არ არსებობს", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.