„მარტივი არ არის ასეთი ძველი დანაშაულის გამოძიება, მითუმეტეს, როცა ათწლეულის განმავლობაში ამ სისხლის სამართლის საქმეზე რეალურად გამოძიება არ ჩატარებულა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაზე საუბრისას.
მთავარი პროკურორის თქმით, გამოძიებას უწევს იმ გარემოებების აღდგენა, რაშიც მოხდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება.
„ჩვენ გვიწევს ყველაფრის თავიდან ჩატარება. იმ გარემოებების აღდგენა, რა გარემოებებშიც მოხდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება. შესაბამისად, ეს არის საკმაოდ რთული და სპეციფიური გამოძიება და ამიტომ, ამით არის გამოწვეული ის დროის ხანგრძლივობა, რასაც საჭიროებს გამოძიება. ყოველდღიურ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა უფრო დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.