logo_geo
eng_logo
„რას უყურებდნენ და უსმენდნენ ასი წლის წინათ“ – ეროვნული ბიბლიოთეკა საინტერესო გამოფენას უმასპინძლებს
- +

22 მაისი. 2018. 02:28

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა „სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები“. გამოფენის გახსნის შემდეგ საგამოფენო დარბაზში გაიმართება პრეზენტაცია „რას უყურებდნენ და უსმენდნენ ასი წლის წინათ“, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საოპერო, თეატრალური და კინორეპერტუარი.

 

როგორც „სითი კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ექსპოზიცია საზოგადოებას გაახსენებს  სახელოვან  წინაპრებს, პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ მოღვაწეებს და ბოლშევიკი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ იუნკრებს, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში გადარჩნენ და ემიგრაციაში დაასრულეს სიცოცხლე. გამოიფინება ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების ფონდში დაცული უნიკალური ფოტომასალა ბიოგრაფიული ცნობებით, მათი და მათზე გამოქვეყნებული ლიტერატურა. ასევე, წარმოდგენილი იქნება  ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში დაცული საარქივო დოკუმენტები.

 

პრეზენტაცია „რას უყურებდნენ და უსმენდნენ ასი წლის წინათ“ მომზადებულია ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელი პერიოდის, 1918–1921 წლების პრესის მასალების მიხედვით და წარმოადგენს დამოუკიდებლობის სამწლიანი პერიოდის სახელოვნებო რეპერტუარის შეძლებისდაგვარად სრულად აღდგენის მცდელობას.

 

1918–1921 წლების პერიოდიკაში („საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „დროება“, „თეატრი და ცხოვრება“) გამოქვეყნებული კულტურული ცხოვრების ქრონიკის, ბეჭდური და გრაფიკული სარეკლამო განცხადებების, ანონსებისა და აფიშების შესწავლის საფუძველზე აღდგენილია საოპერო, საბალეტო, დრამატული და კინორეპერტუარი, რომელიც ქმნის იმდროინდელი კულტურული ცხოვრების პანორამულ სურათს.

 

ღონისძიება 22 მაისს 17:00 საათზე დაიწყება და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დამოუკიდებლობის გამოცხადების საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner