22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმინდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.
ცხოვრება წმინდა ნიკოლოზისა ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან. მრავალი გადაურჩენია ზღვაში ჩანთქმისგან, მრავალიც განუკურნავს: ბრმათათვის თვალი აუხელია, კოჭლთათვის საღი ფეხი მიუცია, ყრუთათვის – სმენა, უტყვთათვის – მეტყველების მადლი. სიღატაკეში მყოფთათვის – ცხოვრების სახსარი, დამშეულთათვის – სასმელ–საჭმელი.
ქართველ ხალხში წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს.