„კლუბ „ბასიანში“ საგამოძიებო მოქმედებები კვალავ გრძელდება და როგორც კი დასრულდება, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, - ასე უპასუხა შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ კითხვას, თუ რატომ არ ეძლევა „ბასიანის“ ადმინისტრაციას კლუბის გახსნის შესაძლებლობა.
„საგამოძიებო მოქმედებები კლუბ „გალერიში“ დასრულდა. შესაბამისად, მოიხსნა ლუქი და კანონიერ მფლობელებს გადაეცა. რაც შეეხება „ბასიანს“, იქ საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება და როგორც კი დასრულდება, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ამის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირება არასწორი და უადგილოა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ჯავახაძემ.
12 მაისს, კაფე „გალერიში“ და კლუბ „ბასიანში“ შსს-მ საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა, რის შემდეგაც კლუბები დროებით დაიხურა.
შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 8 ნარკორეალიზატორია დაკავებული.