logo_geo
eng_logo
„სტრასბურგის სასამართლოზე ქართული მხარე არის მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციებით წარმოდგენილი“
- +

22 მაისი. 2018. 18:14

 

 

„ქართული მხარე სტრასბურგის სასამართლოში მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციებით არის წარმოდგენილი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში ხვალ დაგეგმილ პროცესზე მოსამართლეთა კითხვებს დასაბუთებული პასუხები გაეცემა.

 

„ჩვენ მნიშვნელოვანი გვაქვს სათქმელი ჩვენი საზოგადოებისთვის და თვითონ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატისთვის ის, რომ ქართული მხარე არის მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციებით წარმოდგენილი. ხვალ ჩვენ ყველა ერთად მოვისმენთ საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლას, შემდეგ ჩვენი დელეგაციის კითხვა-პასუხის სესიას, სადაც მოსამართლეთა კითხვებს გაეცემა დასაბუთებული პასუხები. დიდი იმედი გვაქვს, როგორც მხარეს, რომ სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას, სამართლიან გადაწყვეტილებას, როგორც ეს მათ სჩვევიათ, რადგან ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო სასამართლო და რომ ის იტყვის სიმართლეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

მისი განმარტებით, სიმართლე ისაა, რომ რუსეთი 2008 წლის საომარი მოქმედებებისთვის მინიმუმ 2006 წლიდან ემზადებოდა, რასაც ბევრი ფაქტორი მოწმობს.

 

„სიმართლე კი არის ის, რომ რუსეთი 2008 წლის საომარი მოქმედებებისთვის მინიმუმ 2006 წლიდან ემზადებოდა და ამას მოწმობს ვლადიმერ პუტინის საჯარო გამოსვლაც და, რომ ჩვენ ვიხილეთ გაასმაგებული ხარისხი კონტროლისა აგვისტოს თვეში რუსეთის მხრიდან ჩვენივე ქვეყნის ტერიტორიებზე, არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში, არამედ მის მიღმაც, მაგალითად, როდესაც ისკანდერი აფეთქდა რუსეთის მხრიდან შუაგულ გორში. ეს იყო უკვე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ -12 აგვისტოს“, – განაცხადა მინისტრმა.

 

თეა წულუკიანის თქმით, საქართველო დოკუმენტურად ადასტურებს 10 აგვისტოს გამთენიისას მისი მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტას.

 

„ჩვენ ასევე დოკუმენტურად ვადასტურებთ, რომ საომარი მოქმედებები 10 აგვისტოს გამთენიისას ჩვენი მხრიდან შეწყდა და რუსეთმა უკვე მაღალი ხარისხის კონტროლიდან ჩვენი ტერიტორიების აბსოლუტურ კონტროლზე გადაინაცვლა. შესაბამისად, მას ეკისრება ყველანაირად პასუხისმგებლობა იმ ყველა დარღვევაზე, რომელიც ამ პერიოდში და მას მერე დღემდე არის  მომხდარი. აი ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული, ჩვენი საკმაოდ მყარი პოზიცია და რა თქმა, უნდა იმედებიც მაქვს დიდი და მაღალი მოლოდინი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

იუსტიციის მინისტრმა პროცედურებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ხვალ სასამართლო მხარეებს ბოლოჯერ მოუსმენს, რის შემდეგაც გადაწყვეტილება სათათბირო ოთახში მიიღება. გადაწყვეტილების შესახებ კი, ინფორმაცია ცნობილი მოგვიანებით გახდება.

 

„ხვალ მხარეებს ბოლოჯერ მოუსმენს სტრასბურგის სასამართლო და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და თვითონ სასამართლომ არ მოისურვა, კიდევ მომდევნო სხდომის ჩატარება, მიიჩნევა, რომ ამ ეტაპზე, ეს ბოლო სხდომაა, რის შემდეგაც მოხდება სათათბირო ოთახში, სათათბირო საიდუმლოების დაცვის პირობებში გადაწყვეტილების მიღება, რომლის შესახებაც ჩვენ გვეცოდინება მხოლოდ მოგვიანებით. ეს მოგვიანებით შეიძლება იყოს რამდენიმე თვეში, როდესაც უკვე დასაბუთებულ, წერილობით გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს სტრასბურგის სასამართლო“, – ამბობს მინისტრი.

 

თეა წულუკიანის შეფასებით, ხვალინდელი სხდომა გადამწყვეტია.

 

„ხვალინდელი დღე, რაკი ბოლო სხდომაა, გადამწყვეტი არის, რომ გადაწყვეტილება დადგეს ისეთი, როგორიც შეეფერება ობიექტურ სიმართლეს და რეალობას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

ამასთან, თეა წულუკიანი ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ომის ქართული მხარის მიერ დაწყების თაობაზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, სასამართლოზე რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედებს. იუსტიციის მინისტრი  ამბობს, რომ ყველა უნდა დაელოდოს რუსეთის გამოსვლასა და იმას, თუ როგორ გააბათილებს ქართული მხარე რუსეთის განცხადებებსა და ბრალდებებს.

 

„მოდი დაველოდოთ რუსეთის გამოსვლას ხვალ, ხვალ მაინც ვიყოთ ერთიანები დაველოდოთ, რას დაგვიპირისპირებს რუსეთი და მოვუსმინოთ ქართულ მხარეს თუ როგორ გააბათილებს რუსეთის მიერ წამოყენებულ ბრალდება იქნება ეს თუ სხვა ტიპის, მე ვიტყოდი,  უსაფუძვლო განცხადებები. მოდით გვესმოდეს, რომ ეს არის სამართლებრივად ურთულესი დავა. ამიტომაც ჩვენ მრავალი წელი, განსაკუთრებით კი, 2013 წლიდან მარცვალ-მარცვალ ვაგროვეთ მტკიცებულებები და ვართ ამაყნი, რომ სრულიად წელგამართული წარვდგებით ხვალ სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგვისტოს ომის თემაზე, საქმეზე  – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ბოლო ღია განხილვა ხვალ გაიმართება.

 

პირველი არხის გადამღები ჯგუფი სტრასბურგში იმყოფება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან უახლეს ინფორმაციებს მოგაწვდით.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner