„ტექნო ბუმის“ დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ ბოლო წლებში გარკვეული ბანკები ვალუტის კურსის მანიპულირების გზით მდიდრდებოდნენ.
მისივე თქმით, ბანკები საზოგადოებიდან და ბიზნესიდან იღებდნენ ჭარბ შემოსავლებს, რაც მიუღებელია და სწორედ ამაში უნდა ჩაერიოს ეროვნული ბანკი.
„თუ ავიღებთ საბანკო სექტორის 2017 წლის მოგება-ზარალს, 200 მილიონ ლარს აჭარბებს, მხოლოდ სავალუტო ოპერაციებიდან მათ მიერ მიღებული მოგება. ანუ, საბანკო სექტორის მთლიანი მოგება იყო 870 მილიონი ლარი და აქედან 200 მილიონი არის სავალუტო ოპერაციებიდან ამოღებული თანხა, ანუ ეს არის მოსახლეობიდან და ბიზნესიდან ამოღებული ფული. გამოდის, რომ რამდენიმე ბანკი მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე მდიდრდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავინახოთ ბანკი, როგორც საზოგადოების მტერი, ეს არის ეკონომიკის გული, აუცილებელი ინსტიტუტი, მაგრამ მათ არ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ბოროტად გამოიყენონ ეს ძალაუფლება“, - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.