logo_geo
eng_logo
„მზად ვართ, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ პირთან გავმართოთ დისკუსია“
- +

22 მაისი. 2018. 23:09

 

„ჩვენ მზად ვართ, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ პირთან გავმართოთ დისკუსია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

„ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისთვის, ამიტომ მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა იყოს ჩართული დისკუსიებში. მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც პარლმენტის წინ იყო, აქციის ორგანიზატორები. ისინი, ბუნებრივია, ჩართულები იქნებიან ამ განხილვაში, მითუმეტეს, რომ პირდაპირი დაპირება იყო გაცემული შს მინისტრის მხრიდან ამასთან დაკავშირებით. ყველასთან ერთად ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ისეთი მიდგომა, რომელიც არის საუკეთესო ჩვენი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კითხვაზე, რის საფუძველზე აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კანონპროექტი იქნება უფრო ლიბერალური, კობახიძემ უპასუხა, რომ პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კონსულტაციების რეჟიმშია და მინისტრს სრული უფლება ჰქონდა ასეთი დაპირება გაეცა. 

 

„ჩვენ ვიღებთ კანონს, თუმცა მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან განსაკუთრებით შს სამინისტროსთან, როცა საქმე ეხება ნარკოპოლიტიკას, რადგან პირველ რიგში ამის აღსრულებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს. ჩვენ ვართ მჭიდრო კონსულტაციების რეჟიმში და ბუნებრივია, ერთად ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა კანონი უნდა მივიღოთ და რა პროცესის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა მინისტრს ჰქონდა სრული უფლება, რომ ასეთი სახის დაპირება გაეცა აქციის ორგანიზატორებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner