ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, ქალთა შორის მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონის, მრავალი საჭადრაკო ოსკარისა და ოლიმპიადების გამარჯვებულის, ქალთა და ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის, მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის ნონა გაფრინდაშვილის პატივსაცემად, რომელსაც დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა, ვერის ბაღში მდებარე მისივე სახელობის ჭადრაკის სასახლის წინ ვარსკვლავი გაიხსნა. იგი პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელსაც თავის სამშობლოში ასეთი პატივი ერგო.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად ვერის ბაღში ვარსკვლავის გახსნას ქართული პოლიტიკის, მსოფლიო საჭადრაკო სამყაროსა და ქართული სპორტის ჩინოვნიკთა თითქმის ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, რომელიც საქართველოს პარლამენტში სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედაც მუშაობს. ჭადრაკის სამყაროდან ღონისძიბას ესწრებოდნენ ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, პარლამენტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
კვირიკაშვილმა და ქალბატონმა ნონამ მედიისთვის კომენტარი გააკეთეს:
გიორგი კვირიკაშვილი: "ქალბატონი ნონა ინტელექტისა და მებრძოლი სულის განსახიერებაა. მისი ღვაწლი საქართველოსთვის შეუფასებელია, დიდი მადლობა ქალბატონ ნონას ყველაფერი იმისათვის, რაც მან ქართველი ხალხისათვის გააკეთა".
ნონა გაფრინდაშვილი: "ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღეა. ნებისმიერი პიროვნებისთვის ვარსკვლავის გახსნა პატარა საქმე არაა. მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს სამსახურში ვიყავი და სიცოცხლის ბოლომდე მის სამსახურში დავრჩები".
ღონისძიების ორგანიზატორები თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია არიან.
ღონისძიებამ შოთა რუსთაველი სახელობის თეატრში გადაინაცვლა, სადაც ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით 18:00 საათიდან საზეიმო საღამო დაიწყო.