logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილი ცუდ მსაჯს შეადარა
- +

23 მაისი. 2018. 03:03

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ შეწყალების პოლიტიკაზე გამოთქმული ბრალდებები ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განმარტა.

 

„ძალიან დიდია რეციდივის მაჩვენებელი შეწყალების პირობებში. მე ვთქვი, რომ როდესაც 100-ჯერ აღემატება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების სტატისტიკა ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკას, ამას შეიძლება ჰქონდეს სამიდან ერთ-ერთი მიზეზი: ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, შესაძლო კორუფცია და სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა. სამიდან ერთ-ერთ ალტერნატივაზე იყო საუბარი... მარტივი შედარება რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, მსაჯი თუ საფეხბურთო მატჩს მსაჯობს ცუდად (მაგალითად სამი თერთმეტმეტრიანი დანიშნა არასწორად), ამ შემთხვევაში რას ამბობენ გულშემატკივრები? - მან არ იცის მსაჯობა, ან მიკერძოებულია ერთ-ერთი გუნდის საწინააღმდეგოდ, ანდა სასარგებლოდ, ან მესამე: ფული აქვს აღებული. მეოთხე ვარიანტი ამ დროს არ არსებობს. ეს რომ თქვას გულშემატკივარმა, ბუნებრივია, მსაჯმა არ უნდა მოითხოვოს ამ გულშემატკივრის პროკურატურაში წასვლა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

3 მაისს, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანო პროტესტის ნიშნად დატოვა, განაცხადა, რომ შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოროტად არის გამოყენებული. მან არც კორუფცია გამორიცხა.

 

თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმაც მოითხოვა, რომ სამართალდამცველებმა შეწყალების საქმეებზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყონ, რაც უმრავლესობის წევრებმა გამორიცხეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner