ავტორი თამაზ ჩიქვანაია
დღეს 3 მაისს, ჭადრაკის სასახლის წინ, განუმეორებელი ქალბატონის, ნონა გაფრინდაშვილის „ვარსკვლავის" გახსნა იგეგმება.
საქართველოში საკმარისია, წარმოთქვათ სახელი ნონა და უკვე ყველამ იცის, ვისაც გულისხმობთ. დამეთანხმებით, ასეთი პატივი ერთეულების ხვედრია. თუმცა, მოდით, თავიდან დავიწყოთ.
1961 წელს 19 წლისამ მოიგო საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირი, აქვე მიენიჭა საერთაშორისო ოსტატის წოდება და მოიპოვა პრეტენდენტთა ტურნირში გამოსვლის უფლება, იქ გამარჯვება კი იმას ნიშნავდა, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის დაუმარცხებელ ელისაბედ ბიკოვასთან შეხვედრის უფლება ეძლეოდა. ცნობილი რუსი დიდოსტატი მიხეილ ტალი იმ დროს თამამ პროგნოზს აკეთებს: ქალ მოჭადრაკეთა კაბადონზე ახალი ვარსკვლავი გამობრწყინდა, ელოდეთ დიდ ცვლილებებსო. კი, ბევრი აღნიშნავდა მის დიდ ნიჭს, მაგრამ ცოტა ვინმე თუ ელოდა, რომ ასე ელვისებური სისწრაფით განვითარდებოდა მოვლენები. ნონამ იოლად მოიპოვა ორგზის მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლება და კიდევ უფრო იოლად ჩამოაგდო ეს უკანასკნელი ტახტიდან. 9:2. შვიდი მოგება და 4 ყაიმი. 1962 წელს 21 წლის ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია. ამ მატჩის მსვლელობისას თბილისში სხვა სალაპარაკო თემა არ არსებობდა. ორი ნაცნობი რომ შეხვდებოდა ერთმანეთს, პირველი კითხვა იყო - ნონა რას შვრება, ხომ არ იციო? თუ ამან არ იცოდა, აუცილებლად რომელიმე გამვლელი ჩაერეოდა და თავის კომპეტენტურ აზრს იტყოდა, ამას სხვები მიემატებოდნენ და ისე როგორ იქნებოდა, ვინმეს ცნობილი მოჭადრაკე ნათესავი ან მეგობარი არ ჰყოლოდა და ასე ჯგუფ-ჯგუფად მთელი ქალაქი განიცდიდა, ღელავდა და მოუთმენლად ელოდა დასასრულს. თუმცა ასაღელვებელი არაფერი იყო, როგორც მოგახსენეთ, ნონა დიდი უპირატესობით იგებდა, მაგრამ რაღაც ქვეშეცნეული შიში მაინც არსებობდა. ცოტა ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ეს პატარა გოგო ასე თამაშ-თამაშ უსწორდებოდა გვირგვინოსან მეტოქეს. თავად ქალბატონი ნონა იმ პერიოდს ასე იხსენებს: „ძნელია სიტყვები გადმოვცე, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, როცა მოსკოვიდან გამოვემგზავრე. მატარებლით წამოვედით და სოხუმს რომ გამოვცილდით, ლამის ყოველ სადგურზე ვჩერდებოდით, ხალხი ვაგონში გვივარდებოდა, მილოცავდნენ, ყვავილებით მავსებდნენ. თბილისში ხომ საერთოდ საოცრება მოხდა, წარმოუდგენელი სანახაობა იყო, მგონი, უფრო ვნერვიულობდი, ვიდრე ბიკოვასთან მატჩში. ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას დღემდე ვგრძნობ და ძალიან მადლობელი ვარ. უფრო მეტი სიმდიდრე არც მინდა". თამამად შემიძლია ვთქვა და ალბათ დამეთანხმებით, არ მეგულება საქართველოში მეორე სპორტსმენი, ვისაც ასე ხელისგულზე ატარებდეს ხალხი, ასეთი სიყვარულითა და ყურადღებით სარგებლობდეს და ასეთი წონა ჰქონდეს მის სიტყვას, როგორც ეს ქალბატონი ნონას შემთხვევაშია.
ერთი ცნობილი შემთხვევა მახსენდება, რომელიც თითქოს თბილისში გამართულ სუპერტურნირზე მოხდა; ნონა მორიგ სვლაზე ჩაფიქრდა, ამ დროს მის მაგიდას მიუახლოვდა ცნობილი მოჭადრაკე ტიგრან პეტროსიანი, რომელიც თბილისში გახლდათ დაბადებულ-გაზრდილი და ქართულიც მშვენივრად იცოდა. პეტროსიანმა შეამჩნია, რომ ნონას ძალიან ძლიერი სვლა ჰქონდა მხედრით; უნდა, რომ უკარნახოს, მაგრამ მაშინ ორივე დაისჯებოდა. ოდნავ გასცდა ნონას მაგიდას და ვითომ საკუთარ თავს აგულიანებსო, დაიძახა „აჩუ! აჩუ!"
თავად ქალბატონი ნონა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, თბილისელი სომეხი ტაქსისტების მონაჭორს უწოდებს და რა უფლება მაქვს, არ ვერწმუნო. როდესაც ჰკითხეს, რა არის თქვენთვის ჭადრაკიო, ასე უპასუხა: „ეს არ არის მხოლოდ თამაში - მე ვისვენებ, დიდ სიამოვნებას ვიღებ. საკმარისია, ჭადრაკის დაფასთან აღმოვჩნდე, ხელში ავიღო რომელიმე ფიგურა და ყველა უარყოფითი ემოცია, უსიამოვნო განცდა, შფოთიანი აზრები მაშინვე ქრება. მთლიანად ამ შავ-თეთრი ფიგურების სამყაროში გადავდივარ. იქნებ დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჭადრაკის თეორიის შესწავლით თავს არ ვიკლავდი. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ - ყველა პარტია თამაშდებოდა რაღაც შინაგანი ინტუიციით, რაღაც გამიელვებდა ტვინში და თავისით მოდიოდა გადაწყვეტილება, როგორი კომბინაცია ამეწყო, რა მოჰყვება ამ კონკრეტულ სვლას, ჩემთვის საჭადრაკო ცხოვრება არ დასრულებულა. სიამოვნებით ვიღებ მიწვევებს სხვადასხვა ტურნირებზე და ადრინდელივით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ თამაშიდან, თუ ეს შეგრძნება გაქრება - აღარ ვითამაშებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავკარგავ ყველაზე ძვირფასს - არსებობის აზრს".
ქალბატონი ნონა მუდამ იდგა თავისი ხალხის გვერდით; იმ ხალხის, ვინც XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარა და ზღვა სითბო და სიყვარული არ დაიშურა მისთვის. ტიტულებით დახუნძლულ, ყველასგან პატივცემულ, ერის სიამაყეს თამამად შეეძლო, ყველანაირი პრივილეგიით ესარგებლა, თუმცა იგი მაინც უპრეტენზიო, უბრალო ქართველი ქალია. სამეფო გვირგვინმა ვერ შეცვალა მისი პატიოსანი და კეთილშობილი ხასიათი.
ერთი პრივილეგია კი სამუდამოდ შერჩა - ქალბატონი ნონა არის და მუდამ იქნება ჭადრაკში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი.