logo_geo
eng_logo
ბენ ემერსონი: რუსეთის მტკიცებით, გორში მოკლული ჟურნალისტის სხეულში „ისკანდერის“ ნამსხვრევები განზრახ მოათავსეს
- +

23 მაისი. 2018. 16:28

 

 

გორში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის გამოყენებაზე და საქართველოს მტკიცებულებებზე საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში „ისკანდერი“ არ გამოუყენებიათ და  დანაშაული ფაბრიკაციაა.

 

მისი თქმით, აღნიშნული ვერსია ყველასათვის რთული დასაჯერებელია. ემერსონის განცხადებით, რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ 12 აგვისტოს გორში მოკლული ჰოლანდიელი ჟურნალისტის, სტან სტორიმანსის სხეულში „ისკანდერის“ ნამსხვრევები განზრახ მოათავსეს.

 

„რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათ „ისკანდერის“ გამოყენების ან 12 აგვისტოს ამ სისტემის მითითებულ ადგილზე დისლოცირების არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. საყურადღებოა, რომ რუსეთის სამხედრო მოწმეების თქმით, ისინი არც კი უშვებენ იმას, რომ ამ თავდასხმაზე რუსეთს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრება და, რომ „ისკანდერი“ რუსულ რაკეტას იყენებდა. როდესაც მათ წარუდგინეს ნამსხვრევები, რომლებიც სტან სტორიმანსის სხეულიდან იქნა ამოღებული, მაშინ თქვეს, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული.

 

როდესაც ვუთხარით, რომ აღმოჩენილი რაკეტის ნაწილების სერიული ნომრების მიხედვით, მისი რუსული წარმომავლობა დგინდებოდა, მაშინ მათ თქვეს, რომ მთელი დანაშაული ფაბრიკაცია იყო, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა, რაც ყველასთვის ნამდვილად რთული წარმოსადგენია. ეს მიუთითებს რუსეთის პასუხის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საქმეს. ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოყენებული რაკეტა რუსული საწყობებიდან იყო“, – განაცხადა ბენ ემერსონმა.

 

რაც შეეხება რუსულ მხარეს,  რუსეთის წარმომადგენელმა სხდომაზე გამოსვლისას ის არგუმენტები გაიმეორა, რომელიც მოსკოვს 2008 წლიდან აქვს და განაცხადა, რომ „ცხინვალს საქართველოს შეირაღებული ძალები დაესხა თავს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner