„თუ ვინმე წარმოადგენს უფრო რეალურ პროექტს, მზად ვართ დღეს შეძენილი 29 ჰექტარი უსასყიდლოდ გადავცეთ ამ კომპანიას," - ამის შესახებ ჟურნალისტებს თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში დაინტერესებული კომპანია, რომელიც საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს, სადაც დაკმაყოფილებული იქნება თბილისის მერიის მიერ წარდგენილი კრიტერიუმები, უსასყიდლოდ მიიღებს კომპანია „ფინსერვისის" საკუთრებაში არსებულ 10 ჰექტარ ფართობსაც.
„საუბარი არის მარტივ პროცედურებზე, როდესაც დაინტერესებულ კომპანიას შემოაქვს განცხადება, წარმოადგენს შესაბამის გათვლებს და დასაბუთებებს, რომ მათ გააჩნიათ სახსრები, რომელიც აკმაყოფილებს თბილისის მერიის მიერ წამოყენებულ კრიტერიუმებს. ასეთ შემთხვევაში ის პირობა, რაც ვთქვით ჩვენ, რომ მათ გადაეცემათ უსასყიდლოდ ეს ტერიტორია, განხორციელდება. მათ გადაეცემათ ასევე მეორე მიწის ნაკვეთი, რომელიც მოიცავს 10 ჰექტარს", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო.
აუქციონი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. მისი პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა.