საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს.
„ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს. მეორეს მხრივ, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და კონსოლიდირება ამ თემის ირგვლივ. რა თქმა უნდა, ეს ასეც ხდება, მაგრამ სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება უმნიშვნელოვანესი ამ პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის.
როდესაც საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, როდესაც საქმე ეხება იქ მცხოვრებ ადამიანებს, როდესაც საქმე ეხება დევნილებს, ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებ ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმე ძალისხმევა აკლდება ამ პროცესს. ყველანაირი ბერკეტი, თუკი რამ არსებობს საერთაშორისო ფორმატებში, ყოველთვის, ყველაფერს ვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა ხელი შეუწყოს იმ რთული პროცესების განმუხტვას და იმ რთული მდგომარეობის შემსუბუქებას, რასაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვხედავთ. შესაბამისად, ეს კრიტიკა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ჩემი კოლეგებისთვის მიუღებელი იქნება“, - განაცხადა ქაცარავამ და დასძინა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სასარგებლოდ იყოს მიღებული, გამომდინარე იქიდან, რა ფონიც არსებობს, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ წარდგა საქართველო.
„სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლო არის მიუკერძოებელი სასამართლო და იმედს ვიქონიებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და ჩვენი მხარის სასარგებლოდ“, - განაცხადა ქაცარავამ.