საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი მერაბ კაჭახიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანს“ და წამყვან გიორგი გაბუნიას რეპლიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რუსთავი 2“-ის და მისი წამყვანის მორიგი პროვოკაცია არის გათვლილი „ხარის წინ წითელი ნაჭრის აფრიალების“ ეფექტზე.
განზრახვით, იქნებ სახელმწიფოს, ან რომელიმე მარგინალ ჯგუფს ხელი წაუცდეს რეპრესია – დარბევისაკენ. ეს კი ხელისუფლების დისკრიმინაციის და ზოგადად ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის ხაზგასმული მცდელობაა.
მოგიწოდებთ (უკაცრავად თუ ხმამაღლა ჟღერს), არ ავყვეთ ქვეყნის მტერი ტელევიზიის პროვოკაციულ გამოხტომებს, მეტიც, საყოველთაო ბოიკოტი, ყოველგვარი „მუშტების ქნევის“ გარეშე გამოვუცხადოთ მას. უბრალოდ არ ვუყუროთ ამ არხს. თუ ვართ მართლაც ღირსეული, რწმენაში მტკიცე მართლმადიდებლები, ამის გაკეთება სულაც არ არის ძნელ და დამერწმუნეთ, ორ თვეში არათუ გაბუნია, არამედ ტელევიზია გაქრება საინფორმაციო ველიდან.
მედალს მეორე მხარეც აქვს, ყველა ის პიროვნება თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც პროვოკაციის ამ მცდელობას სათავისოდ გამოიყენებს და უფლის სახელით „ომს“ გამოუცხადებს აღნიშნულ არხს, იქნება „რუსთავი 2“-ის უნებლიე თუ შეგნებული მოკავშირე იმ გეგმებში, რაზეც ზევით ვწერ“, - წერს მერაბ კაჭახიძე.