ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია, რომელსაც საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, 2017 წლის 29 ნოემბერს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ანდრეი გალბურმა.
შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციის მთავარი მიზანია, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და ინვესტიციების წახალისება, ასევე, გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.
შეთანხმების ტექსტები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამოდელო ვარიანტს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 55 ქვეყანასთან (დეტალების იხილეთ www.mof.ge).