logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: რომ არა აშშ-ის გავლენა და მხარდაჭერა, დღეს ვიქნებოდით ერეკლე მეორის დილემის წინაშე
- +

24 მაისი. 2018. 15:56

 

28 მაისს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება დავით მაღრაძის წიგნის „ნაფეხურები წყალზე“ („FOOD PRINTS ON WATER“) პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა ამერიკულმა გამომცემლობამ „Rare Bird Books“.

 

 

- ჩემი ლექსები დღემდე საქართველოს გარდა ცალკე წიგნად გამოცემულია გერმანიაში, თურქეთში, იტალიაში, ინგლისში, უნგრეთში, რუსეთში და ამ დღეებში - შვედეთში. ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული გამომცემლობაც „Rare Bird Books“ დაინტერესდა, შეირჩა სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ლექსები და სულ მალე ამ გამოცემის პრეზენტაცია შედგება.

 

აქვე მინდა მადლიერება გამოვხატო „სილქ როუდ ჯგუფისადმი“, ვინც დამეხმარა ამერიკულ გამომცემლობასთან ხელშეკრულების საკითხებში. ევროპულ გამომცემლობებთან ხელშეკრულებები არ აღემატებოდა ერთ გვერდს. ეს კი იყო ძალიან დიდი ხელშეკრულება და რომ არა „სილქ როუდ ჯგუფის“ ქართული და ამერიკული ოფისები, ამ ხელშეკრულების დასადებად არც ეკონომიკური და არც იურიდიული კვალიფიკაცია არ მეყოფოდა.

 

ეს პროექტი უფრო ფართოა და მასშტაბური, ვიდრე აქამდე ყოფილა ჩემს ბიოგრაფიაში და გულისხმობს წიგნის გაცნობას არა მხოლოდ პოეზიის მოყვარულთა ვიწრო წრისთვის.

 

28 მაისის პრეზენტაციაზე წინანდალში იქნებიან „Rare Bird Books“-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. აქვე გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც ამ წიგნის მოგზაურობას, პოპულარიზაციას, მის მომავალ ბედს განსაზღვრავს.

 

პრეზენტაცია ასევე იგეგმება ამერიკის 30 ქალაქში. მაგრამ ორგანიზატორთა დიდი სურვილი იყო, პრეზენტაცია საქართველოდან დაწყებულიყო. შემიძლია ვთქვა, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის არა მხოლოდ კარ-მიდამო და მემორიალური ფასეულობა გადარჩა, არამედ - გადარჩა მისი ოცნება, მიზანი და განზრახვა. სხვა აქამდე ჩატარებულ მასშტაბურ ღონისძიებებთან ერთად ამ პრეზენტაციით რაღაცნაირად შევეწევით იმ შინაარსს, რაც ალექსანდრე ჭავჭავაძემ ამ ადგილ-მამულით განსაზღვრა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამუზეუმო ღირებულების გარდა, შინაარსითაც განაგრძობს ეს სახლი არსებობას. ამერიკულ მხარესთან შეთანხმებით, ეს ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

 

- დამოუკიდებლობის 100 წლისთავს დიდი დაპირისპირებით და ვნებათაღელვით ვხვდებით. და რა თემაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ვერ გავექცევით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თბილისში.

 

- ვფიქრობ, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას იყო უხერხული გადაცდომებიც და არასწორი მიდგომებიც, ძალის დემონსტრირების ფონზე ადამიანის შეურაცხყოფაც, მაგრამ იმდენად ბევრი პოზიტივი გამოჩნდა ამ დღეებში, რომ ჩემთვის დადებითმა გადაწონა. ვგულისხმობ იმას, რომ ახალგაზრდებმა ღამის კლუბები გადმოიტანეს ქალაქის ცენტრალურ გამზირზე და ამისთვის ხელი არ შეუშლია ხელისუფლებას. ალბათ ვიღაც ამანაც გააღიზიანა, ვისაც ეს ყველაფერი არ მოსწონს და ჰგონია, რომ მხოლოდ მან უნდა დაუწესოს ადამიანებს ქცევის, აზროვნების და სულიერების ნორმები. თუმცა, ეს ცალკე თემაა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა დემონსტრანტებთან და ბოდიში მოიხადა გადაცდომებისთვის. მგონია, რომ ესეც ძალიან კარგია, მას ეყო ამის ძალა და გონიერება. ჩემი აზრით, სისასტიკის უკან ყოველთვის უსუსურობა და უძლურება დგას. დემოკრატიის და თავისუფლების უკან კი - ძლიერება. აქციისა და კონტრაქციის ფონზე, ყველაზე საღად შს მინისტრი გამოიყურებოდა, თანამედროვე ეპოქის გამოწვევის ფონზე, ბატონი გახარია იყო ყველაზე ადეკვატური.

 

ვიღაცები გაღიზიანდნენ, რომ ეს აქცია მშვიდობიანად დამთავრდა და ეს ვერ აპატიეს კლაბერებს. ამ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ თავისი ინტერესები. მათ გააპროტესტეს უფლებების შელახვა, მიაღწიეს საწადელს და დაიშალნენ. მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს და მათ მგზნებარე მხარდამჭერებს, რომელთაც მხოლოდ ის ესიზმრებათ, რომ ეს ხელისუფლება საკუთარი პარტიით ჩაანაცვლონ, არ მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი იყო. მათი აზრით, სხვას არ აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი ინტერესი და მხოლოდ მათი, პარტიების ინტერესით უნდა მოქმედებდნენ, მათ პოლიტიკურ ინტერესს უნდა დაექვემდებარონ სხვებიც. ამიტომ გაღიზიანდნენ, რატომ დამთავრდა ასე მშვიდობიანად აქცია, რომელიც ძალზე სპონტანურად დაიწყო შუა ქალაქში და რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან ლამაზი იყო.

 

- თუმცა, ასევე შუა ქალაქში გამოჩნდნენ აგრესიული ჯგუფები, ფაშისტური ორგანიზაციები, რომლებიც დაუფარავი აგრესიით იწევდნენ აქციის მონაწილეებისკენ, პოლიციისკენ. საბაბად მოიდეს აქციის ერთ-ერთი მონაწილის ცეკვა 9 აპრილის ხსოვნის მემორიალზე. როგორ გგონიათ, იყვნენ ეს ჯგუფები მართულნი?

 

- იმ ადამიანების ხსოვნას ყველა პატივს ვცემთ, ვინც თავი შესწირა საკუთარ ქვეყანას. ყველას, ვინც მსხვერპლი გაიღო თავისი ქვეყნის თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის. ბუნებრივია, მათი თავგანწირვა გულისხმობდა იმას, რომ მათ შემდეგ ვიღაცას უნდა ემღერა, ვიღაცას უნდა ეცეკვა, გაეღიმა, ეცხოვრა სიყვარულით და სიყვარულისთვის - აი, ამას შეეწირნენ. ისინი მუდმივ გლოვას არ შეწირვიან, ეს არ არის ნორმალური.

 

ბოლოს და ბოლოს შეეწირნენ იმას, რომ მომავალში საინტერესოდ ეცხოვრათ. საინტერესო ცხოვრება კი რთულია. ხალხი მასობრივად ეძებს იოლ გამოსავალს - ლიტერატურაშიც ასეა - მკითხველი იოლ გზას უფრო ირჩევს - ჩემი აზრით ჩვენშიც, როგორც ყველა ქვეყანაში, არსებობს როგორც ქართული ლიტერატურა, ასევე ქართული მაკულატურა. რომელსაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მომხრე და მიმდევარი ჰყავს, ვიდრე ლიტერატურას. ძალა ერთობაშია, მაგრამ სიმართლე - ცოტაში. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ იერუსალიმის თემის არჩევანი, რომელმაც ბარაბა აირჩია, რადგან ბარაბა ქრისტესთან შედარებით უფრო მარტივსა და იოლ გზას სთავაზობს - რომისგან გათავისუფლებას. იესო უფრო ძნელ გზას სთავაზობს - ცოდვისგან გათავისუფლებას.

 

მაგალითისთვის ილია ჭავჭავაძეს მოვიყვან - ის ქართველისგან ითხოვდა სწავლას, განათლებას, შრომას, ქვეყნისთვის ზრუნვას და მსახურებას. ეს კი რთულია. მერე მოკლეს იმის გამო, რომ გაიიოლონ ცხოვრება. როცა წმინდანად შეირაცხა, ესეც გაუხარდათ და არა იმიტომ, რომ ძალიან სულიერები ვართ, არა - ისევ გაგვიიოლდა ცხოვრება. წმინდა ილია მართალთან მივალთ, სანთელს ავანთებთ, პირჯვარს გადავიწერთ. ილიას მსოფლმხედველობისგან კი ასე იოლად ვერ გამოძვრები, რადგან იქ ბევრი ენერგია გაქვს დასახარჯი - ის ითხოვს შრომას, სწავლას. იმის თქმა მინდა, რომ ილია ჭავჭავაძე „შევაჭმევინეთ“ წმინდა ილია მართალს (და ამ წუთში ეკლესიის გადაწყვეტილებას არ ვეხები), ჩვენ შევაჭმევინეთ, რომ გაგვეიოლებინა ჩვენივე ცხოვრების გზა.

 

რაც ეხება კონტრაქციას, აგრესიას, ამის ნიადაგი საქართველოში არსებობს. მერე შეიძლება ეს ვიღაცამ გამოიყენოს და მართვას ეცადოს, მაგრამ ამის ბუნებრივი ნიადაგი არსებობს ჩვენ ქვეყანაში. მაგალითად, იმის ნიადაგი არსებობს, რომ ილია ჭავჭავაძე გაჩნდეს და განსხეულდეს, მაგრამ იმის ნიადაგიც არსებობს, რომ წიწამურის გზაზე ჩავუსაფრდეთ და მოვკლათ. ეს პერიფერიული სიმპტომი არსებობს ჩვენ ქვეყანაში - პროგრესშიც იგრძნობა პერიფერიულობა და რეგრესშიც.

 

მეჩვენება, რომ დღეს ქართველს სიკვდილზე მეტად გოიმობის ეშინია. ყველა ერთმანეთს უმტკიცებს, როგორ გაუსწრო კალენდარს. როგორ გადაასწრო თავის მეზობელს, თანამოქალაქეს და თვითონ ვარსკვლავებს ეთამაშება. და ტრაგედია ისაა, რომ მეზობლის მიმართ თანაგრძნობა არ აქვს, არ აქვს სურვილი, გაუზიაროს თავისი მიღწევები, არა. ფონი მოწონს საკუთარი თვითწარმოჩენისთვის, ამ არაინფორმირებული მეზობლის ფონი მოსწონს, რადგან ასეთ ფონზე მაღალგანვითარებულად გამოჩნდება.

 

ჩემი აზრით, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ არიან კარგად ინფორმირებულები, ასე თუ ისე ალღო აუღეს დღევანდელ გამოწვევებს სამყაროში და ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ რაღაცას ართმევენ, რაღაც ძვირფასს ართმევენ და ხვალინდელ დღეში არ ატანენ. თუმცა, უჭირთ ამის ჩამოყალიბება, სახელს ვერ არქმევენ. არსებობენ ისეთებიც, ვინც ძალიან ადვილად შეელია იმ რაღაც ძვირფასს, ოღონდ ვერც ამას არქმევენ სახელს. დიდი ანგარიშით, ეს ყველაფერი ერთი მედლის ორი მხარეა. ჩემი აზრით, არც ერთია პროგრესული და არც მეორე - რეგრესული - ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები არიან. ხანდახან მეჩვენება, რომ როგორი ლიბერალებიც ვართ, ისეთივე ქრისტიანები ვჩანვართ. არსებობს მარადიული ღირებულებები, რომელიც ზემოდურია, ზენაციონალურია. და ეს ამ ურთიერთჭიდილში დაიკარგა.

 

ვინაიდან ჩვენ შეზღუდული, მეტ-ნაკლებად დახურული სივრციდან მოვდივართ, გამძაფრებული გვაქვს თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილი. ამიტომ საფრთხილოა, რომ თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, თავისუფლებისგანაც არ გავთავისუფლდეთ და პირველყოფილი ინსტინქტების ტყვეობაში არ აღმოვჩნდეთ კულტურის უარყოფის ისტორიით.

 

ხაზგასმით მინდა ვთქვა - მიმაჩნია, ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელი მდგომარეობა - პოლიტიკა, გეოპოლიტიკა ისეთია, რომ არა შეერთებული შტატების გავლენა და მხარდაჭერა, ჩვენ დღეს ვიქნებოდით ერეკლე მეორის დილემის წინაშე.

 

- და იმავე ნაბიჯს გადავდგამდით?

 

- არ ვიცი, ვერ გეტყვით. დილემის წინაშე კი ნამდვილად დავდგებოდით. ჩვენი გავლენიანი და ძლიერი ორი მეზობლისგან არც ერთი არ გამოირჩევა საერთაშორისო ნორმების ფაქიზი დაცვით, ადვილად შეუძლიათ ხაზების გადაკვეთა. ამდენად, შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენი დამოუკიდებლობის სივრცეს და იმას, რომ ისევ არ ვდგავართ ერეკლე მეორის დილემის წინაშე - ვგულისხმობ არჩევანს ორ ბოროტებას შორის, როდესაც ნაკლებ ბოროტებას ირჩევ.

 

ამ მოვლენებშიც, რაც ცოტა ხნის წინ თბილისში განვითარდა, საზოგადოებრივ წიაღში აღმოცენებული ტენდენციები გამოჩნდა. მოარული ფრაზაა - „ევროპა ჩვენი სახლია“. ევროპა კი, პირველ რიგში თანაცხოვრების კულტურაა. მე და ჩემი მეუღლე შობას ლაგომაჯორეზე ვიყავით, იტალიაში. შუაღამისას, საშობაო ზარების რეკვისას - ნაწილი ტბის ნაპირებზე წავიდა დროის სატარებლად, ნაწილი - ეკლესიაში მესაზე დასასწრებად ისე, რომ ერთმანეთთან არანაირი კონფრონტაცია არ ჰქონიათ. არავის აზრად არ მოსვლია, ერთმანეთი დაეგმოთ და აგრესია გამოეხატათ.

 

თანაცხოვრების კულტურა არის კაცობრიობის უძვირფასესი შენაძენი. ამდენი ხანია ვამაყობთ ერთ პატარა მოედანზე სინაგოგის, ეკლესიის, მეჩეთის არსებობით - ესაა თანაცხოვრების კულტურა - ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, რითიც გამოირჩევა ევროპა. დღეს, დაპირისპირების ფონზე, ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილს ქრისტიანობაც საბჭოთა გადმონაშთი ჰგონია, ამითი გაღიზიანებული რაღაც ნაწილი კი საარჩევნო ბიულეტენებშიც ქრისტეს ეძებს. არც ქრისტიანობაა საბჭოთა გადმონაშთი და როცა ნიშას ვეძებთ ევროპაში, საარჩევნო ბიულეტენში ქრისტე და მესია არ უნდა ვეძებოთ, ევროპა ბიულეტენში ქრისტეს არ ეძებს, რომ შემოხაზოს.

 

- და ბოლოს, ისევ ლიტერატურას რომ დავუბრუნდეთ, თქვენი აზრით, მაინც რითია დასავლეთისთვის საინტერესო თანამედროვე ქართული პოეზია?

 

- ამ შეკითხვის ადრესატი, ვფიქრობ, უცხოელი გამომცემელი უფროა, ვიდრე მე. ქართულ პოეზიაშიც ის აინტერესებთ, რაც ესპანურში, სომხურში, ფრანგულში და ზოგადად პოეზიაში.

 

რა აინტერესებთ თანამედროვე ქართველ პოეტებში, ეს ჰკითხეთ ამერიკელ გამომცემლებს, რადგან რაც მე მეხება, იმას ვუწოდებ იღბალს და რაც იღბალს მიღმაა და რაზეც ისინი ლაპარაკობენ, იმაზე ვერ ვილაპარაკებ, ჩემგან უხერხულია.

 

და თუკი ზოგადად ქართულ პოეზიაზე ვისაუბრებთ და ისეთ დიდ სახელებს მოვიხსენიებთ, როგორიც არის ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა - მათ დროს სამწუხაროდ დახურული იყო გარესამყარო. ბარათაშვილი უცხოეთში კი არა, ისე აღესრულა, მისი წიგნი საქართველოშიც არ დაბეჭდილა, სტრიქონიც კი არ გამოქვეყნებულა. თუმცა, ბარათაშვილის ლექსები ისეთი ქალბატონების ხელნაწერებით ვრცელდებოდა, რომ ერთად აღემატება მშობლიურსა და უცხოურ გამოცემებს.

 

ადამიანები, ზოგჯერ, ემზადებიან ხმამაღლა, კაცობრიობის გასაგონად თქვან რაღაც, მათი სათქმელი საუკუნეებს რომ მიწვდეს მომავალშიც და წარსულიც რომ გადაანათოს. ამ დროს კი, კარის მეზობელს ვერ გააგებინებენ სათქმელს. არადა, ისეც ხდება, რომ შესაძლოა კარის მეზობელს ეჩურჩულო და სხვადასხვაგან დაინტერესდნენ მსოფლიოში. მთავარია, განზრახვა იყოს წრფელი.

 

დიდი ამბიდან დეტალი არ ჩანს,

 

დეტალიდან ჩანს დიდი ამბავი,

 

იმ ეპოქიდან სტრიქონი დარჩა,

 

იმ ეპოქაში დაუსტამბავი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner