logo_geo
eng_logo
პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ზაზა სარალიძის განცხადებაზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო
- +

24 მაისი. 2018. 17:00

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებაზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

 

„ხორავას ქუჩაზე მოკლული დ.ს. - ს მამამ, ზ. ს. - მ, რამდენიმე დღის წინ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ქალაქ თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობასთან, როდესაც ის აბარებდა განცხადებას, სავარაუდოდ პროკურატურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, დისკრედიტაციის მიზნით მობილური ტელეფონის მეშვეობით უღებდნენ ვიდეოს. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რათა დადგინდეს, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის კანონდარღვევას ზ.ს.-ს მიმართ.

 

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, ამოღებული და შესწავლილი იქნება თბილისის პროკურატურის შენობის პერიმეტრის ყველა სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი. ამასთან, მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ზ.ს.-ს შესთავაზა შეხვედრა გასაუბრების მიზნით, რათა საგამოძიებო უწყებამ მიიღოს მისგან სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია“, - განუცხადეს "პირველს" პროკურატურის პრესამსახურში.

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ რამდენიმე დღის წინ თვალთვალის ფაქტზე ისაუბრა. მისი თქმით, პროკურატურაში როდესაც მას განაცხადი შეჰქონდა მირზა სუბელიანის წინააღმდეგ, ვიღაც პირი მობილური ტელეფონით ჩუმად დასდევდა და ვიდეოს იღებდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner