ნოდარ დუმბაძის შვილი, მანანა დუმბაძე ე.წ. „ჩამოსულების" თემაზე, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა, სოციალურ ქსელში წერს:
„პასუხი თბილისელებისა და სოფლელების თემაზე ატეხილ კამათს (რბილად რომ ვთქვათ):
თბილისში მართლაც საოცარი სიმშვიდე იყო გუშინ და გუშინწინ. ხალხი, „სოფლელები" აქ რა შუაშია, მანქანებისგან იყო დაცლილი, გამონაბოლქვი იყო ნაკლები. ჩემი სახლის წინ 3 რიგად აღარ იდგა ავტოარმია. მეორად მანქანებს რომ ყიდიან კაპიკებად და ყველას მანქანა რომ ყავს და ქალაქს აბინძურებს, თუ შესახედაობით თუ გამონაბოლქვით - ესაა მისახედი ჯერ.
მერე თვითონ სოფელი: ეგებ ისე ააწყონ რეგიონში ცხოვრება, რომ ხალხს ამ დაბინძურებულ თბილისში არ უწევდეს ჩამოსახლება ლუკმაპურის საშოვნელად. რეგიონებში რომ სამუშაო და გართობა არსებობდეს, არა მგონია იმ ბუნებრივი წალკოტიდან ვინმეს აქეთ გამოუწიოს გულმა. ცოტა უტოპიურად კი ჟღერს ეს ჩემი განაცხადი მაგრამ აბა გაიხსენეთ, თბილისიდანაც ხომ გავარდნილია ეს "ქალაქელი" ხალხი უცხოეთში სამუშაოდ. აი ისინი სააღდგომოდაც ვერ ბრუნდებიან უკან: ბილეთი ღირს ძალიან ძვირი! უდაოდ, ამათზეც ლაპარაკობენ ისინი ფრანგები, გერმანელები, ბერძნები, ებრაელები, შეგვჭამეს ამ "ჩამოთრეულებმაო"...
არც ჩვენ ვართ პირველები და არც ისინი უკანასკნელნი, მთელ მსოფლიო ასე დუღს და თუხთუხებს, მაგრამ მეტნაკლებად აგრესიულად -ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვისი ცხოვრების დონე როგორ უძლებს ამ საერთო სიტუაციას!"