„გამსესხებლებს ჯარიმის კრედიტის საერთო მოცულობიდან დათვალა აეკრძალებათ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯარიმების დარიცხვის არსებული სისტემა გაუქმდება.
„მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს კრედიტის საერთო მოცულობიდან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი განმარტებით, ძალიან ბევრ შემთხვევაში, თანხის გადახდაზე ვადაგადაცილებისას ჯარიმები გაცემული კრედიტის საერთო მოცულობიდან ითვლებოდა.
„ეს იყო ყველაზე უსამართლო მომენტი, რომ მიუხედავად გარკვეული რეგულაციებისა, იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ვადაგადაცილების შემთხვევაში, ჯარიმები ითვლებოდა საერთო თანხიდან, იმ კრედიტის თანხიდან, რომელიც თავიდან იქნა გაცემული“, – განმარტა ფინანსთა მინისტრმა.
ახალი რეგულაციით კი, ჯარიმა მხოლოდ სესხის დარჩენილი თანხიდან დაითვლება.
„ახალი რეგულაციით, ყველა ვალდებული იქნება, ჯარიმა დაითვალოს მხოლოდ ნარჩენი, დარჩენილი თანხიდან. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც 1000 ლარი აქვს აღებული სესხი, 800 ლარი აქვს გასტუმრებული და მისთვის ჯარიმის დაკისრება 1000 ლარიდან ხდება, ბუნებრივია, ეს არის არასამართლიანი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, ხოლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ის ხუთი პრინციპი განმარტა, რომლებსაც მისი თქმით, ახალი ინიციატივა ეფუძნება. დეტალებზე ფინანსთა მინისტრი 29 მაისს პრეზენტაციაზე ისაუბრებს.