საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან მთავრობის სხდომაზე წარდგენილ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს.
„პირველი - ყველა გამსესხებელს აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა, მოითხოვოს სხვა ქონება მომხმარებლისგან. მეორე - ლომბარდებს და გამსესხებლებს, ე.წ კერძო მევახშეებს, ეკრძალებათ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დალომბარდება; 50%-მდე მცირდება სესხის წლიური ეფექტური განაკვეთი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-ისა. მეოთხე - მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება, ჯარიმა დათვალოს სესხის საერთო მოცულობიდან. მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი - ახალი, სამართლიანი თამაშის წესები ვრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე, აქ იგულისხმება საბანკო სექტორი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები თუ კერძო გამსესხებლები. აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს მაქსიმალური გამჭვირვალობის შეტანას აღნიშნულ სექტორში. გონივრული ვადა მიეცემათ ლომბარდებს, რათა თავიანთი საქმიანობა დახვეწონ და განავითარონ, მოახდინონ ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფის შემქნა, სადაც აღრიცხული იქნება ყველა დაგირავებული ნივთი იმ მიზნით, რომ გამოვრიცხოთ კრიმინალური შემთხვევების ალბათობა,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, საკითხის გარშემო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 29 მაისს, გაკეთდება პრეზენტაცია, სადაც საზოგადოება დეტალურად გაეცნობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულ პრინციპებს.