„ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია“ - ასე „ახარა“ 14 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა რეგიონის და ქვეყნის მოსახლეობას ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის საქართველოდან წასვლა. დღეს აბაშიძის მსგავსად, არც ის გახლავთ საქართველოში, თუმცა, ასლანისგან განსხვავებით, ექს-პრეზიდენტისთვის და მისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერებისთვის 6 მაისი სახალხო დღესასწაულია. პრინციპში ასეცაა, თუმცა ამ დღეს მოსახლეობა არა აჭარის გათავისუფლების, არამედ წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
ასლან აბაშიძის გარემოცვაში რამდენიმე ადამიანი მოიაზრებოდა. ესენი იყვნენ სოსო გოგიტიძე, გიორგი აბაშიძე, ჯემალ გოგიტიძე, რომან დუმბაძე და მურად ცინცაძე, თუმცა 2004 წლის 6 მაისს, გამთენიისას, აბაშიძემ მხოლოდ სოსო გოგიტიძესთან ერთად დატოვა აჭარა. დღეს აჭარის ექს-ლიდერის გარემოცვაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა, მისი ყოფილი თანაგუნდელი და მასთან დაახლოებულ პირად მონათლული, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აბაშიძისდროინდელ მმართველობაზე საუბრობს. ამბობს, რომ ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნა უნდა დასრულებულიყო და ამისთვის სიტუაციაც მომწიფებული იყო:
- ვიდრე ასლან აბაშიძის გუნდის წევრად მოვიაზრებოდი, 2003 წელს, პრესმდივნის რანგში, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, მისი გარემოცვის მისამართით განცხადება გავაკეთე, რაც ძვირად დამიჯდა. ჩემი განცხადების ადრესატი უშიშროების სამინისტრო იყო. განვაცხადე, რომ რეგიონში საქმე გვქონდა ფინანსურ მაქინაციებთან და კორუფციასთან. ჩემი ეს განცხადება ადგილობრივ მედიასაშუალებებს არ აუტაცებიათ და ვერც აიტაცებდნენ, მაგრამ თუ ვინმე ჩემი სიტყვების სიმართლეში ეჭვს შეიტანს, შეუძლიათ დასახელებული ტელევიზიის არქივს გადახედონ. მოგვიანებით ისიც ვთქვი, რომ აბაშიძის პოლიტიკური ლიკვიდაცია გარდაუვალი იყო, რადგან რადიკალურ ზომებს არ მიმართა.
- რადიკალური ზომების გატარებაში რას გულისხმობთ?
- მას უნდა გაეთავისუფლებინა უშიშროების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უკვე გადაბირებული ჰყავდა სააკაშვილის ხელისუფლებას. სიტუაცია აჩვენებდა, რომ ასლან აბაშიძე თავისსავე გარემოცვას ჰყავდა განწირული. 2001 წელს აბაშიძემ უშიშროების საგანგებო სხდომა მოიწვია, საკადრო ცვლილებების განხორციელებას გეგმავდა ძალოვან უწყებებში. ვფიქრობ, უშიშროების სამინისტროში აპირებდა ცვლილებებს, რადგან შს მინისტრი და აჭარის მთავარი პროკურორი რამდენიმე დღის დანიშნული იყვნენ, მაგრამ ვერ გარისკა. 2001 წელს რადიკალური ზომები რომ გაეტარებინა აბაშიძეს, მისი ხელისუფლების დასასრული სხვაგვარი იქნებოდა.
- როგორ ფიქრობთ, შეეძლო თუ არა ასლან აბაშიძეს მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის დალაგება?
- მათ შორის ურთიერთობა, ერთი პერიოდი, დალაგდა კიდეც, მაგრამ თავად სააკაშვილმა გატეხა სიტყვა. ასლან აბაშიძის დაცვის წევრმა მიამბო, სააკაშვილი პირველ შეხვედრაზე აბაშიძესთან შეშინებული მივიდაო. ასლანს მისთვის თითი დაუქნევია და უთქვამს - ამოდი ბიჭო, ამოდი, ნუ გეშინიაო. აბაშიძე-სააკაშვილის შეხვედრას მოსკოვის მაშინდელი მერი იური ლუჟკოვი ესწრებოდა. შეცდომაში შემიყვანეს, ბატონო ასლან, უთქვამს მისთვის სააკაშვილს. ერთობლივი გეგმებიც დასახეს და გასატარებელ ღონისძიებაზეც იმსჯელეს, მაგრამ სააკაშვილმა სიტყვა გატეხა. შეხვედრის დასრულებისთანავე აბაშიძეს ლუჟკოვისთვის უთქვამს - არასტაბილური, მერყევი ადამიანია და სიტყვას გატეხესო.
- ბატონო თამაზ, როგორ დაალაგებდა აბაშიძე სააკაშვილთან ურთიერთობას და როგორ შეცვლიდა იმ რეალობას, რაც თავის დროზე შექმნა?
- აბაშიძე რომ დათანხმებულიყო ვადაზე ადრე არჩევნებს, მისი პარტია გარკვეულ ხმებს მიიღებდა და პოლიტიკურად არ მოკვდებოდა. ზემომთიანი აჭარა მას მხარს უჭერდა. რეალურად, ბათუმი წავიდა მის წინააღმდეგ, თუმცა, ბათუმელების დიდი ნაწილი არც არასდროს უჭერდა მხარს. აბაშიძეს დრო რომ გაეწელა და სააკაშვილის რეალური სახე ეჩვენებინა ხალხისთვის, ისინიც დაცხრებოდნენ. მართალია ვერ დარჩებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ ვიღაცებისთვის არც რეგიონის „გაქცეული“ ლიდერი იქნებოდა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ასლან აბაშიძეს რუსებმა შესთავაზეს, შენ გაისროლე ჰაერში, ჩვენ კი ჩოლოქს ჩავკეტავთო. ფაქტობრივად განმეორდებოდა აფხაზეთი, რაზეც აბაშიძე არ დათანხმდა. ვფიქრობ, მან ამით ხელი შეუწყო საქართველოს ერთიანობას, დაშლას და განხეთქილებას მშვიდობიანად წასვლა არჩია. 2004 წელს 6 მაისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ სახალხო ზეიმი იყო. დღეს „ზეიმს“ მოსახლეობა არ უერთდება. სოციალურ ქსელში წერენ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარა კი არ გაათავისუფლა, დაიპყროო. რეალურად - დავკარგეთ.
- დაკარგვაში რას გულისხმობთ?
- ისტორიაში უხარისხო ქვაფენილების დაგებით, სხვადასხვა ფერად კორპუსების შეღებვით, ან პარლამენტის ახალი შენობის აგებით ვერ შეხვალ. ისტორიაში ჩაიწერება, თუ რა გააკეთე ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. ვკითხულობ, რა გააკეთა სააკაშვილმა? მისმა გაუაზრებელმა და გაუთვალისწინებელმა გეოპოლიტიკურმა თამაშებმა იმსხვერპლა ქართული მიწა, დავკარგეთ ტერიტორიები. აბაშიძის წასვლის შემდეგ სააკაშვილმა აჭარა თურქებს გადასცა. ერდოღანს სააკაშვილის სიყვარულით არ ჩაუდია ჩვენთან ინვესტიციები... ძალიან კარგად ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მესუთ ილმაზთან და სულეიმან დემირელთან, იმდენად კარგი, რომ როცა ასლანმა სტამბოლში გულის ოპერაცია გაიკეთა, საავადმყოფოშიც კი მოინახულეს. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ აჭარაში შემოსვლას, მაგრამ ასლან აბაშიძემ ეს არ დაუშვა. აჭარა თურქეთისკენ იყურება, ასლანმა რუსეთს მიჰყიდა ყველაფერიო - ამბობდნენ. „ნაციონალებმა“ მაჩვენონ, რა მიჰყიდა ასლანმა რუსებს ან თურქებს, არც ერთი მტკაველი მიწა არ გაუსხვისებია მას. რომ ამბობენ, სააკაშვილმა გაალამაზა ბათუმიო, რის ხარჯზე? თავადვე გიპასუხებთ, ჩვენი და ჩვენი შვილების ხარჯზე. აჭარა სააკაშვილმა გაყიდა, ბათუმი კი თავის საფაშოდ მოაწყო. საკუთარ გასართობ ცენტრად აქცია და თურქების მონა გაგვხადა საქართველოშიც და თურქეთშიც.
- აბაშიძის დროინდელი კადრები დღეს მრავლად არიან „ოცნების“ ხელისუფლებაში. როგორ ფიქრობთ, რატომ არ აყენებენ მისი სამშობლოში დაბრუნების საკითხს დღის წესრიგში ყოფილი თანაგუნდელები? აჭარის 80 წლის ყოფილი ლიდერის ისევ ეშინიათ?
- დღეს უცხოეთიდან რომ „ეფერება“ აჭარლებს სააკაშვილი, მისთვის თავის დროზე აბაშიძის სავარძლის მემედ აბაშიძის ძეგლზე დაწვა არ უნდა ეპატიებინათ. მემედ აბაშიძე დიდი ქართველი გმირი იყო, რომელმაც გამორჩეული წვლილი შეიტანა თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად, აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნებაში. სწორედ მაშინ უნდა დამდგარიყვნენ აჭარლები ფეხზე და გაეყარათ „ნაცები“. მემედ აბაშიძის ძეგლიც საწვეთურში დადგეს. არც მის ყოფილ თანაგუნდელებს ჰყოფნით გამბედაობა, ასლანის სამშობლოში დაბრუნების საკითხი რომ დააყენონ. დღესაც ეშინიათ მისი, რომ თუ ჩამოვა, რაღაც შეიცვლება რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასლან აბაშიძე გამორჩეული ლიდერი იყო, არ ემორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას, არც დედაქალაქიდან ჩამოსულ ჩინოვნიკს გამოედევნებოდა კუდში, ისე როგორც დღეს დასდევენ. ეს დღესაც აშინებთ, თორემ 80 წლის ასლანი რა საფრთხეს უნდა წარმოადგენდეს.
- არ მითხრათ, მოგწონდათ, ჩოლოქი ჩაკეტილი რომ იყო...
- თავის დროზე რუსული ბაზის ტექნიკა ჩოლოქს იქით გაიტანეს და ამას სამხედრო წვრთნები დაარქვეს. რეალურად, ეს „მხედრიონისთვის“ გააკეთეს -აფხაზეთიდან მობრუნებულებმა ასლანს რომ დაურეკეს - მოვდივართ და დაგვხვდიო. ასლანმა დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ძალის დემონსტრირება გააკეთა. სწორედ აქედან გაჩნდა ჩოლოქის ადმინისტრაციული საზღვარი. 1996 წლიდან, გეთანხმებით, ამაზრზენი იყო ჩოლოქის საზღვარი, მაგრამ აბაშიძე თვლიდა, რომ ეს რეგიონის სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი იყო.