პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვისაც ეს „სიდიადე“ - ნიკა გვარამია მეგობრებში გყავთ, იქნებ პატივი დამდოთ და გადასცეთ: არ ვიცი, ვინაა პუტინის ფეხის მკვნეტელი. პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო, რომელმაც ჩვენი მიწები სწორედ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს აჩუქა. ჰალსტუხი ხომ მიირთვა, ახლა ჰოლანდიაში განაგრძნობს კვნეტას. ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს „სიდიადეში“ მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე - თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად, თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ ფუნქციას „ვანოს შოუ“ შეასრულებს. არ გეჩვენებათ, რომ ზომაზე მეტ ამოცანას აკისრებთ საკუთარ თავს? ვერ აწევთ, ახლავე გეუბნებით.
ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა და ჩემი არჩევანის თავისუფლებაა, უარი ვთქვა, თქვენი არხისთვის ინტერვიუს მიცემაზე და ამ პოზიციამ ისე გაგაწიწმატათ, რომ პირდაპირ მუქარაზე გადახვედით? და ვეღარც დამალეთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ „ვანოს შოუს“ ახალ დაკვეთას მისცემთ? მე კი ვიცი, „ვანოს შოუ“ რას და რატომ აკეთებდა და აკეთებს, მაგრამ უკვე ვეღარც მალავთ, რომ ე.წ. კომედიურ პროექტს პოლიტიკური ოპონენტების, არასასურველი პოლიტიკოსების გასანადგურებლად იყენებთ?! ეს საჯარო მუქარად უნდა აღვიქვათ, თუ როგორ? ანუ „ვანოს შოუს“ ჩვენი დისკრედიტაციის დაკვეთას მისცემთ? ადამიანების განადგურებისა და მოსპობის ამოცანას რომ ასრულებთ, ესაა ტრაგედია, სხვა რამე კი არა? ჰოდა, ჩვენც ვიმოქმედებთ ისე, როგორც აქამდე: მშვიდად, მოთმინებით. ვინც განადგურებით გვემუქრებოდა, ბოლოს ყველამ თვითონ გაინადგურა თავი“, - წერს ინაშვილი.