გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე მის მშობლებსა და გარდაცვლილ ოჯახის წევრებს იხსენებს:
„სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ მე ისე მომიტანა ცხოვრებამ, რომ ვერის სასაფლაო ჩემი მეორე სახლია. რომ ვთქვა, იქ ვათენებ-ვაღამებ-მეთქი, - არა. თუმცა, 5 წუთითაც როცა ავირბენ, მთელი არსებით იქ ვარ - დედაჩემთან, მამაჩემთან, ლაშასთან და გიოსთან. გულში თუ არ ველაპარაკები, მაინც მათთან ვარ. ხან ვტირი, ძირითადად, არა. წინ კორპუსებია და სულ რაღაც მიზღუდავს ხელ-ფეხს, რომ საფლავის ქვას თავი არ ვახალო. ტირილი ცალკე მიყვარს, მარტოს... ისევე, როგორც ლოცვა, ჩემი სიტყვებით, პრიმიტიულად...
განა, სხვაგან არ მაქვს იგივე გრძნობა, ისინი ყოველთვის და ყველგან ჩემთან არიან, მაგრამ იქ, სადაც ვიცი, რომ მათი ნეშტია, ძვლებია, ჩემი სისხლის და ხორცის ნაწილია... იქ ჩემი ცხოვრების 18 წელია, ლაშათი რომ დაიწყო ყველაფერი და ერთ დღეს, ჩემით დასრულდება...
არავის თავს არ ვაცოდებ, დაფიქრდით, ასეა! ვერ ვიტან, როცა მიცოდებენ, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, მიყვარს ჩემი ცხოვრება, მეამაყებიან ჩემი მშობლები, ძმები! არაფერს არ ვნანობ და როცა მეც იქ ვიქნები, მათთან, რაც მეტნი ამოხვალთ, კვერცხს გამიგორებთ, ღვინოს წამიქცევთ და 1-2 მადლიან სიტყვას მეტყვით, ზეციური საქართველოდან დაგლოცავთ.
სევდიანად დავიწყე და მაინც არ შემიძლია ამ სიკვდილზე სერიოზულად ფიქრი და რა ვქნა.
მიყვარს სიცოცხლე!
გაუმარჯოს სიცოცხლეს!"