სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში მორწმუნეებს მოუწოდებს, არ შეუშინდნენ დროებით წარუმატებლობებს.
„წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ის კი არ არის საშიში, თუ ვნებები გვებრძვის და ჩვენც ვებრძვით მათ, არამედ ისეთი მდგომარეობა, როცა ვემორჩილებით სხვადასხვა ვნებას და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი აღარ გვაქვს.
უბედურება იმაში კი არ არის, რომ შესცოდე, არამედ იმაში, რომ დაცემულს ადგომა არ გინდა; უბედურება ის კი არ არის რომ ვნებებმა დროებით დაგძლია, არამედ ის, რომ ცოდვაში ცხოვრება მოგწონს და ჯიუტად აგრძელებ ასეთ ყოფას და სხვათაც ღუპავ.
ზოგს მიაჩნია, რომ ღვთის მცნებების დაცვა ძნელია და რადგან ამის უნარი არა აქვს, ურჩევნია, ძველებურად განაგრძოს ცხოვრება, თუმცა იცის, რომ სწორად არ იქცევა. დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ მისთვის მთავარია, დღეს, აქ ჰქონდეს ყველაფერი, აქ იგემოს ყველა შესაძლო სიამოვნებაც და განსაცდელიც, რადგან რა იქნება გარდაცვალების შემდეგ, არ იცის და არ ესმის, რატომ უნდა დაიტანჯოს თავი რაღაც გაურკვეველი მომავლისათვის, რომელიც მართლა არსებობს თუ არა, არავინ უწყის.
ასეთად მოაზროვნეთათვის, რა თქმა უნდა, რაიმეს მტკიცებას აზრი არა აქვს. ისინი იმასაც ვერ ხვდებიან, რომ თუ ჩვენ მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებისათვის ვიყავით შექმნილნი, მაშინ, წესით, სიკვდილი არ უნდა ყოფილიყო და ჩვენი ყოფაც აქ, ამ მიწაზე დაუსრულებლად უნდა გაგრძელებულიყო.
ხმელეთისა და ზღვისქვეშეთი, ფლორა და ფაუნა, მზის გალაქტიკა (სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მთელი თავისი ურთულესი მექანიზმებით ნუთუ მარტო იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენ ამ გარემოში 40, 80 თუ 100 წელი დავყოთ მხოლოდ და მერე უკვალოდ გავქრეთ? ეს ხომ უაზრობაა.
ნუ მივემსგავსებით მაცხოვრის გვერდით ჯვარცმულ იმ ავაზაკს, რომელმაც მთელი სიცოცხლის მანძილზეც და ძელზე ყოფნისასაც ვერ გაიგო, რა იყო სიცოცხლის აზრი, ვერც ქრისტე შეიცნო, და კიდევ უარესი, - ბოლომდე შეურაცხყოფდა და დასცინოდა მას.
ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ მდგომარეობისაგან.
თუ ძელზედ გაკრული მეორე ავაზაკი სიმბოლოა მორწმუნე და მონანული საზოგადოებისა, ეს ავაზაკი სახეა ურწმუნო და უგულისხმო, სინანულის არმქონე ხალხისა.
ჩვენ რომელ ავაზაკს ვგავართ? როგორი იქნება ჩვენი ჯვარი, - გადამრჩენელი, თუ წარმწყმედელი?
„ამქვეყნიური ჩვენი ყოფა ქარვასლას ჰგავს, სადაც ყველაფერი იყიდება, - წერენ წმინდა მამები, - წარუვალი ბედნიერების შეძენა თუ გსურთ, წარმავალი დროებითი სიკეთენი უნდა დათმოთ, რადგან იგი მხოლოდ ასეთი საფასურით მოიპოვება; მაგრამ თუ ამ შესაძლებლობას ახლა ხელიდან გაუშვებთ, მას სამუდამოდ დაკარგავთ, რადგან ასეთი საშუალება აღარასოდეს გვექნება."
როდესაც ვსაუბრობთ, რომ დროებითი სიკეთენი უნდა დავთმოთ მარადიული ნეტარებისთვის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მორწმუნე ადამიანი (საერო თუ სასულიერო პირი) ამქვეყნიურ ცხოვრებას მუდმივ მწუხარებაში ატარებს; სულაც არა. ცოდვასთან და სხვადასხვა ბოროტებასთან სულიერი ბრძოლა თუ ხდება ლოცვითა და ღმერთზე მინდობით, უფალთან უხილავი, მაგრამ რეალური ისეთი კავშირი მყარდება, ისეთი სხვა განცდა შემოდის, რომ იგი თავისი სიძლიერით ფარავს ნებისმიერ ტკივილს. ამიტომაც ამბობენ, რომ ამგვარად მცხოვრებთათვის სამოთხე დედამიწიდან იწყებაო.
დიახ, ადამიანი ბედნიერებისათვისაა შექმნილი და ამას ესწრაფვის იგი მაშინაც, როდესაც ვნებებს ემონება და მაშინაც, როდესაც ცოდვებს განეშორება.
ვისაც ცოდვის მორევში ყოფნა მოსწონს და ამაში ჰპოვებს მხოლოდ სიამოვნებას, მისთვის გაუგებარი და მიუღებელია ის სიხარული და ნეტარება, რომელსაც ჯვარცმული იესო გვთავაზობს.
მას სხვა ვერაფრით დავეხმარებით, გარდა ლოცვისა და ჩვენც შევთხოვოთ აღდგომილ მაცხოვარს, ყველას გაუნათოს გული და გონება წარუვალი ბედნიერების შესაგრძნობად.
როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანული ცხოვრება სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური...და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხდება: „მამაო ჩემო! თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი" (მთ. 26,39), ანდა „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე" (მთ. 27,46), მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტვირთვაც არ ძალგვიძს. ამიტომაც, გაჭირვების ჟამს მასვე უნდა მივმართოთ, სულიერი ღვაწლი განვაძლიეროთ და პრობლემები მალევე დაიძლევა", - ბრძანებს პატრიარქი.