ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ეს უკვე... სასაცილოა! ერთობ სასაცილო... სატირალი რომ არ იყოს!
***
თითქმის არასოდეს ვეხები კრიტიკულად და პიროვნულად წარსულის პოლიტიკურ ვარსკვლავებს. მით უმეტეს, პირველ პირებს, კანონიერად და ხალხის ნებით არჩეულებს. და თუ შევეხები, რა თქმა უნდა, ნორმალურ(!) საზოგადოებაში(!) მიღებული ტაქტის და პოლიტიკური კულტურის სტანდარტის აუცილებელი დაცვით. აბა, ვიღაც მოდეპუტატო-შუბლზეძარღვგაწყვეტილი ოთოიას, ზაზაიას, დარჩოიას, ანდა, რომელიმე „ასო“-ს ქურდბაცაცა „დირექტორს“ თუ მოკეკლუცო ექსპერსტს, ამა თუ იმ „პრეზერვატივების პრინცესას“ და მოყელყელა კაპრალ-ლეიტენანტ-კაპიტანს ვერ დავემსგავსები.
ჰოდა, აი, ქვემოთ მოტანილ პუბლიკაციას რომ გაეცნობი კაცი, მეტისმეტად „ზუსტ“ და „თავმდაბლურ“ შეფასება-დასკვნებს წაიკითხავ, ძნელია თავი შეიკავო ხისტი შეფასებებისგან. თავად განსაჯეთ.
მიხეილ სააკაშვილი:
„მე, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ყველა უმაღლესი სასწავლებელი წარჩინებით, ივანიშვილი კი, ორებზე და სამებზე სწავლობდა, შესაბამისად, ხუთოსანი წარმოშობს ხუთოსნებს და ოროსანს ეზიზღება სწავლა და უნდა, რომ შემდეგი თაობაც იყოს უცოდინარი!“
(წყარო: https://www.ipress.ge/new/112973)
ეს უკვე... სასაცილოა! ერთობ სასაცილო... სატირალი რომ არ იყოს!
და, პირადად მე, ეს ძალიან მწყინს, რამეთუ ამ სულელური აბდაუბდის ავტორობას, სერიოზული და სანდო სააგენტოები მიაწერენ ჩემი ქვეყნის ექსპრეზიდენტს, რომლის არჩევასაც, თავის დროზე, მე ხმა მივეცი.
„წადი, შე ოროსანო-სამოსანოო!!!“, - პრაქტიკულად ასე მიმართავს სააკაშვილი არჩევნების გზით მის დამამხობელს! თანაც, გაშიფრა: „ოროსანი“ , ანუ, „განათლების მტერიო“... ვინმემ რომ მკითხოს, ვეტყოდი: ნამეტნავად მოუვიდა ექსპრეზიდენტს, მით უმეტეს მისამართით იმ კაცისა, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ მილიარდი გადარიცხა ქუთაისის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გასახსნელად. დედა-უნივერსიტეტის და სხვა ეროვნული „სიამაყეების“ მოვლა-პატრონობაზე რომ არაფერი ვთქვათ...
უპრიანი იქნება იმის თქმაც, რომ ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ამ რეპლიკის პრიმიტივიზმი იმ ნიჭიერი კაცის მხრიდან, რომელიც თავს „PR“- ის „ვარსკვლავად“ თვლის (თუ მის მრავალწლიან პრაქტიკას გადავხედავთ, არცთუ უსაფუძვლოდ). სამწუხაროდ, ეს ლოგიკური ფინიშია მაშინ, როცა სიდინჯეს, გამჭრიახობას და გათვლას ცვლის ცანცარობა, ბოღმა და სიძულვილი. ეს სენი შეყრილი მხოლოდ ამ რეპლიკის ადრესატს არ აქვს, იმათაც უღირთ დაფიქრება, ვისთვისაც არგუმენტების და კონკრეტული გადამოწმებული ფაქტების ნაცვლად პირიდან ლანძღვა-გინების ნიაღვარი და სასაცილო ბრალდებები („პიჯაკებისა“ და ყვავილების თაიგულებისა არ იყოს) არ ეხამუშებათ.
...თუ დავუბრუნდებით „ოროსან-სამოსნების“ თემას, უნდა ვაღიაროთ, რომ იგი აქტუალურია. და არა მარტო ჩვენში. მით უმეტეს, მაშინ, როცა ფუნდამენტურ განათლებას, სერიოზულ გამოცდილებას ამჯობინებენ დასავლურ ტრეინინგებზე და სხვადასხვა მოკლე-საშუალოვადიან სემინარებზე მიღებულ ცოდნას, რომლის დამადასტურებელი „დიპლომებით“ კეკლუცობაში ბოლო ოცდაათწლეულის მმართველი ძალები ერთმანეთს უსირცხვილოდ ეჯიბრებიან და ეს საანეგდოტო პროცესი უკვე ამაზრზენი ხდება. ეგებ, ამის შედეგიც არის ის, რომ ამ პერიოდში მოქმედ ყველა, მათ შორის, სააკაშვილის მთავრობაშიც (როგორც თავად ხშირად, ამბიციურად ხმარობს ამ ტერმინს), არც თუ ცოტა იყო „სამოსანი“ („ოროსნებს ვიმახსოვრებთ“) ... ახლა არ მომთხოვოთ გვარების ჩამოთვლა: მაგდენი დრო სად მაქვს?
...80-იან წლებში. პატრონაჟს ვუწევდი ომარ გვასალიას ტელე-ფილმს, რომელსაც პირველ რესპუბლიკურ ექსპერიმენტალურ სკოლაზე ვიღებდით... ჩვენი ერთობლივი იდეა ის იყო, რომ ყოველი 7 წლის გასვლის შემდეგ განახლებულიყო მასალა და შექმნილიყო ფილმი ახალი თაობის შესახებ. სამწუხაროდ, ჩემს უახლოეს მეგობარს და პარტნიორს, ამ ჟანრის (ფილმ-ინტერვიუს) დიდოსტატ ომარს არ დასცალდა, მეც „გავქრი“ ასპარეზიდან...
ეს ის სკოლაა, სადაც მაშინ მე-7-10 კლასებში სწავლობდნენ მომავალი „რევოლუციონერები“ და მერე - „განდგომილებიც“ კი: ჟვანია, სააკაშვილი (ცოტა ხანს), სარიშვილი, იმერლიშვილი (სხვათაშორის, ჩემი ვაჟიც)... ამ სავარაუდო ფილმში ზურაბ ჟვანიას საინტერესო ინტერვიუ და სხვა ფრაგმენტები, რამდენჯერმე უჩვენეს კიდეც საზმაუს არხზე.
ეს სკოლა მაშინ ცნობილი იყო ჩიქვანაია-ამონაშვილის „ახალი პედაგოგიკის“ დანერგვის ბაზად და, როგორც ყველა სიახლე და პროგრესული ნაბიჯი, ხშირად იყო საზოგადოების რისხვა-აღტაცების ობიექტი, რამეთუ განათლების სფეროში მაშინ გაჩაღებული გახლდათ „მამათა და შვილთა ომი“. რა თქმა უნდა, როგორც ამ „ომის“ არბიტრი, ვითარებას კარგად ვიცნობდი, რამეთუ წლების მანძილზე, განათლების ლეგენდარული მინისტრის, ღვაწლმოსილი თამარ ლაშქარაშვილის მოადგილის რანგში, მისივე თხოვნით, ვკურატორობდი მაგ „ახალ მიმდინარეობას“ და მაგ ტიპის სასწავლებლებს- ექსპერიმენტულებს, „კომაროვს“, სხვა სპეციალიზებულ სკოლა-ინტერნატებს...
ეს ის დროა, ახლანდელი კვირიკაშვილები, ჯეჯელავები, ბექაურები და სხვა დღევანდელი, პოზიცია-ოპოზიციის ე.წ. „ცნობადი სახეები“, მაშინ კი „პირველ-მეორეკლასელები“, ფეხს რომ იდგამდნენ...
„ოქროს მედლების“ პრეტენდენტებსაც „ჩემები“ ფილტრავდნენ:1500 მედალოსნიდან (19745-75 წ.ჭ.) 400-მდე შემცირებაც (1976-77 წ.წ.) ჩვენს „სინდისზეა“, მომჩივან-მოპრეტენზიო მშობლების და მათი „კრიშების“ შეტევასაც (ზოგიერთები დღემდე მტრობას რომ აგრძელებენ), ჩვენ ვუმკლავდებოდით...
ასე რომ, ძალიან კარგად ვიცი ვინ და რას ასწავლიდა ამ სკოლებში... ბევრი იმდროინდელი „ვუნდერკინდის“ და ჭეშმარიტად ნიჭიერი მოსწავლის გვარ-სახელიც დღემდე კარგად მახსოვს, ზოგიერთ მათგანთან ურთიერთობა ახლაც გრძელდება. რა დამავიწყებს თინეიჯერ გია ნუცუბიძის (მომავალი პარლამენტარის) გამოკვლევას გალაკტიონის პოეზიაზე, რომელიც მან წარადგინა მაშინდელ „პიონერთა სასახლეში“, მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე და რომელსაც ჯილდოდ მაჯის საათი პირადად გადავეცი. ანდა, მეთერთმეტეკლასელი ავთო წულაძე (ისიც მომავალი დეპუტატი), მერაბ ჭანტურია (მომავალი პროფესორი)... რომელი ერთი ჩამოვთვალო... სხვათაშორის, ნიჭით გამორჩეული სკოლადამთავრებულების უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების საქმის კურსშიც გახლდით და თვალს ვადევნებდით, რომელიმე მათგანი უსამართლოდ ან „შემთხვევით“ არ დაჩაგრულიყო...
...მრავალი წლის შემდგომ, საზღვარგარეთის (მაშინ, ძირითადად მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის და სხვ.) ე.წ. წამყვან უმაღლესებში სასწავლებლად რეკომენდაციების გაცემის პროცესიც, რომელსაც კომკავშირის ცენტრალური კომიტეტი უშუალოდ წარმართავდა, პარტიული ზედამხედველობას ექვემდებარებოდა და ისიც, მეტ-ნაკლებად, ჩემი სამსახურებრივ სფეროში შედიოდა... მათ შორის, მაგალითად. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის და მისი მსგავსი ე.წ. ელიტარულ „ინსტიტუტებში“ გასაგზავნი კანდიდატურების შერჩევის მაშინდელი „ტექნოლოგიებიც“ (რეკომენდაციების დამტკიცების ჩათვლით) და კანდიდატურებიც (მაგალითად, იგივე, ექსპრეზიდენტი) არ არის ჩემთვის უცხო. ზოგიერთი ახლა ნამეტნავად მოხმაურე „ვარსკვლავის“ ბიოგრაფიის დეტალებიც (ყოველნაირი) კარგად მახსოვს. მათ პროტეჟეებს, ბებია-ბაბუებსაც კარგად ვიცნობდი და მშობლებს ხომ დღესაც თბილად ვხვდები... ეს ისე, უბრალოდ!
ასე რომ, მოსაგონებლად და წასაკითხად „საინტერესო“ მასალა შეიძლება გამოვიდეს და ხომ არ ღირს ამ საქმეს ჩავუჯდე...