საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები ივანე და ოლღა, განათლებული, კულტურული ადამიანები იყვნენ. ბაბუა კი, ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე. მერაბ კოსტავას პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ (მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე) ითამაშა, რომელიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციმბირში გადაასახლეს. მისი თავისუფლებისმოყვარე იდეები ბავშვობიდან აყალიბებდა მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად.
1946 წელს მერაბი შეჰყავთ თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით. მეგობართა წრეში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მუდამ შემართული იყო მათ დახმარებასა და თანადგომაში.
მერაბს კარგი მუსიკალური მონაცემები აღმოაჩნდა და მე-9 კლასიდან სწავლას აგრძელებს ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. მას შეეძლო ცნობილი ხელოვანი გამხდარიყო: კარგად უკრავდა, მღეროდა, წერდა ლექსებს, მაგრამ ბავშვობიდან მისი მისია თავისუფლებისათვის ბრძოლა იყო. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან იწყება მერაბ კოსტავას პოლიტიკური მოღვაწეობა. სკოლაში გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას. იგი ზვიად გამსახურდიასთან და რამდენიმე თანატოლთან ერთად აარსებს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ პირველ პატრიოტულ არალეგალურ ორგანიზაციას „გორგასლიანი".
1956 წლის დეკემბრის სუსხიან დღეებში თბილისში, რუსთაველისა და პლეხანოვის გამზირებზე, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: "ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!". ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა-გავრცელების გამო საიდუმლო ორგანიზაცია "გორგასლიანის" წევრები დაიჭირეს. ასე მოხვდნენ სკოლის მერხიდან საპყრობილეში იმდროინდელი თბილისის ელიტური ოჯახების შვილები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე, ანატოლი მიქაძე, გურამ დოჩანაშვილი... მერაბ კოსტავა მაშინ მეათე კლასის მოსწავლე იყო. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.
1958 წელს მერაბ კოსტავა ამთავრებს ათწლედს და წარმატებით აბარებს მისაღებ გამოცდებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. კონსერვატორიაში სწავლისას, პროფესორი ლადო დონაძე, რომელიც მერაბის სადიპლომო ნამუშევრის - „ბაირონი დასავლურევროპულ სიმფონიურ მუსიკაში" ხელმძღვანელი იყო, ამბობდა: „არც მერაბ კოსტავამდე და არც მას შემდეგ კონსერვატორიაში დიპლომი ასე არავის დაუცავსო!" კონსერვატორიის დასრულების შემდეგ სხვადასხვა წლებში მუშაობს მუსიკის მასწავლებლად რუსთავისა და თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში.
1967 წლიდან იწყებს მუშაობას რედაქტორად ჟურნალ „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში". აქვეყნებს მთელ რიგ წერილებს ქართული მუსიკისა და თეატრის განვითარების საკითხებზე.
1972 წელს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფს. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც უმალ ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: „მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო" და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისათვის.
1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბ კოსტავას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ „ოქროს საწმისის" გამოცემა იყო.
„ჩვევად გვქონდა, მე და მერაბი დილით ეზოში ჩამოვსხდებოდით ხოლმე. ერთ დღესაც გამოვედი და მერაბი არ დამხვდა. მისი აივნისკენ გავიხედე და შევნიშნე, ვიღაც იდგა ფარდის უკან. მისი ნათქვამი გამახსენდა, დამიჭერენო. ეზოს ჭიშკარს გავხედე - ორი საეჭვო უცნობი იდგა. მივხვდი, მერაბის სახლში კა-გე-ბე იყო შესული", - იხსენებს მერაბის დაპატიმრების შემთხვევას მისი მეგობარი.
1980 წელს გადასახლებულ იქნა ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში. დედამ და მისმა მეგობარმა მოახერხეს მერაბის მონახულება.
„ჩვენ ეზოში ვიდექით. ისე აღელდა, უკან გაბრუნდა, ახლოს მოსვლა ვერ შეძლო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა და გადაგვეხვია... ავტირდი. მერაბი კი მტკიცე კაცი იყო, მის თვალზე ცრემლი არასდროს დამინახავს. ერთი კვირა დავრჩით კვიტოკში, მერაბმა თავისი მოყვანილი ბოლოკი და წიწმატი მოიტანა სუფრაზე და შემოგვჩივლა, აქ პატარა ბოსტანი გავაკეთე, იქ, ჩვენთან, ბოლოკი კონად მოდის, აქ კი სათითაოდ იკეთებს თავსო. გაგვეცინა, არ იცოდა, რომ ჩვენთანაც სათითაოდ მოდიოდა ბოლოკი და უბრალოდ შეკონილი იყიდებოდა", - იხსენებს ზურაბ შაუთიძე.
გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც "ხულიგანს" და ციმბირში ქ. ანგარსკში გაამწესეს. მერაბ კოსტავა შეურიგებლად იცავდა არა მარტო თავის, არამედ ყველა პატიმრის ღირსებას და ის ზედმეტი ხუთი წელი სწორედ ამ შეურიგებლობის საზღაური გახდა. უცნაურია, მაგრამ სუკ-შიც და ციხეშიც დიდ პატივს სცემდნენ. მისი მიმტევებელი და კაცთმოყვარე ბუნება ერთნაირად აღაფრთოვანებდა მილიციელსაც და პატიმარსაც.
ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნის პერიოდს მერაბი ასე იხსენებს: „პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარეო. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს „გასატანად" მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ, როცა დავუძახე: „პრივეტ, ბრატცი!"
1978 წლის ზაფხულში მერაბ კოსტავა ამერიკის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე. იმ პერიოდში მერაბის შესახებ ფართო საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა; მასზე ინფორმაცია ძირითადად დისიდენტურ წრეებში და მის სამეგობროში ჰქონდათ. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ერთადერთმა ვაჟმა - 25 წლის ირაკლი კოსტავამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.
პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება იძულებულია, გაათავისუფლოს მერაბ კოსტავა. 1987 წლის 30 აპრილს იგი 10-წლიანი პატიმრობიდან სამშობლოში ბრუნდება. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მას არაერთი „თბილი“ თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მერაბმა მუსიკის მასწავლებლობა არჩია, ასწავლიდა ბარნოვის ქუჩაზე, მუსიკალურ შვიდწლედში.
ციცინო მაღლაფერიძე: „ახალი ჩამოსული იყო, როცა ჩემთან სახლში მოვიწვიე. იმჟამად ტრანსკავკასიური რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით დიდი ამბები იყო ატეხილი. სუფრაზე ჩემმა მეგობარმა მერაბს ჰკითხა - „ბატონო მერაბ, მგონია, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რკინიგზა არ უნდა გავიდესო". იმ წუთში რკინიგზის პრობლემა ძალიან პატარად ეჩვენა და ერთობ უცნაური პასუხი გასცა - „რა თქმა უნდა, არ უნდა გავიდეს, მაგრამ გავა თუ არ გავა ტრანსკავკასიური რკინიგზა, საქართველო მაინც იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა! ჩვენ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ ხალხი შევამზადოთ დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალია!" ამის გაგონების შემდეგ ჩემი მეგობარი შეცბა, რადგან იმ წუთში დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მერაბს საქართველოს მომავალზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი; იმ წუთში არ თქვა, მაგრამ მან იცოდა როგორ და რა გზით უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ამის შესახებ ჩემთვის არაერთხელ უთქვამს; რასაც ამბობდა, ძალიან მომწონდა, მაგრამ განხორციელება უტოპიურად მიმაჩნდა. მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ მერაბი მართალი იყო, მას ეს ყველაფერი გააზრებული ჰქონდა“.
მერაბ კოსტავას საქართველოში დაბრუნებას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აზვირთება მოჰყვა და ქვეყნის დამოუკიდებლობა შეუქცევადი გახდა.
1987 წლის 26 მაისს, ჯავახიშვილის N1-ში (ამჟამად ზანდუკელის ქუჩა), მერაბის ეზოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
ციცინო მაღლაფერიძე: „30-მდე ახალგაზრდა შეიკრიბა. მცირერიცხოვანი, მაგრამ პირველი მიტინგი ჩატარდა. ჩვენთვის ეს მაშინ სიახლე იყო. მერაბმა სიტყვით გამოსვლისას ამ დღის მნიშვნელობა ახსნა და დაკარგული დამოუკიდებლობის დაბრუნებისთვის ბრძოლაზე ისაუბრა. შემდეგ თავისი სახლის სახურავზე სამფეროვანი დროშა აიტანა და დაკიდა. დაახლოებით საათნახევარში მილიციელები მოვიდნენ და მერაბს დროშის ჩამოღება მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. მერე დროშა თავად მილიციელებმა ჩამოიღეს, რაზეც მერაბმა ასეთი რამ უთხრა - „ცოტა ხანში მთელ საქართველოში, ყველა სახლის სახურავზე ეს დროშა იქნება აღმართულიო“.
მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორია. ზვიადი და მერაბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ერთხელ დედამისისთვის უთქვამს - „დედი, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ უფალი მიყვარს, მერე ზვიადი, მერე კი შენო". ზვიადს რომ დაინახავდა, თურმე აღარავინ ახსოვდა. მასთან ერთად ხელმძღვანელობდა მიტინგებს 1988 წლის ნოემბრის დღეებსა თუ 1989 წლის აპრილში. 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით „შავლეგო" შეარქვა და შალვა ახალციხელივით მარადისობას აზიარა.
1989 წლის 9 აპრილს მ. კოსტავას კვლავ აპატიმრებენ მიტინგის ორგანიზებისათვის. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 9-ში დატრიალებული ტრაგედიის გამო დანაღვლიანებული და იმავდროულად გაკვირვებული იყო, ხალხი ვერ იცნო - „ასე მოკლე დროში, ასეთი მეტამორფოზა, ძალიან იშვიათად ხალხმა განიცადოსო".
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ. როდესაც მერაბს ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, ის პასუხობდა: „მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებო“.
ეროვნული მოძრაობის აზვირთების წლებში (1988-1989) მერაბ კოსტავას დახმარებისთვის უამრავი ადამიანი აკითხავდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ციცინო მაღლაფერიძე: „ყველა თავის გაჭირვებაზე ჩიოდა. თავიდან რამდენიმეს დაეხმარა, სადღაც გაჰყვა, პრობლემა მოუგვარა. ეს ამბავი უცებ გავრცელდა და მერაბის სახლს გაჭირვებული ადამიანების დიდი ტალღა მოაწყდა. მაშინ თქვა - „რას ვხედავ ამას! ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მერჩივნა ციხეში ვმჯდარიყავი, ვიდრე ის მენახა, რასაც ახლა ვხედავო". ძალიან აწუხებდა ის, რომ ადამიანები თავიანთ წვრილმან პრობლემაზე შორს არ იხედებოდნენ. ანუ არ ფიქრობდნენ იმაზე, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. მიუხედავად ამისა, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველას ეხმარებოდა, დღე-ღამის ნებისმიერ დროს აკითხავდნენ სახლში“.
ერთმა ქალბატონმა მერაბს დაკარგული ძროხის პოვნაში დახმარებას სთხოვა - „ძროხა დამეკარგა, შეიძლება ჩემმა მეზობელმა წაიყვანა და გთხოვ, მაპოვნინეო". მერაბი ამ ქალბატონის პრობლემას გულგრილი არ დაუტოვებია. დაკარგული ძროხის შესახებ ფიქრობდა: „ახლა ამ ადამიანისთვის ძროხა არის მთავარიო“.
მერაბ კოსტავა საზოგადოების გამთლიანებისთვის იბრძოდა. 1989 წლის ზაფხულში ერთი სატელევიზიო პაექრობისას მერაბ კოსტავამ განაცხადა: თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრმავებული ვეძებდეთ და ვეღარ ვპოვებდეთო.
ღალიძგის ხიდთან ერთ მხარეს თბილისიდან დაძრული ქართველები იდგნენ, მეორე მხარეს - კი რუსის ჯარი. ყველა ისეთ გულზე იყო, რომ ძალით შევარდნილიყვნენ. ეს იყო რუსეთის პროვოკაცია, რომელსაც ქართველები წამოეგებოდნენ. მერაბ კოსტავა ჩაუდგა წინ მომიტინგეებს და ყველას სთხოვა, რომ უკან გაბრუნებულიყვნენ. ქართველების მხრიდან ვიღაცამ გაისროლა. ბედად დროზე აუკრეს ხელი იარაღზე. არ წამოვეგეთ პროვოკაციაზე და რუსების გეგმები ჩაიფუშა იმ დროს. სწორედ 1 კვირის თავზე მოკლეს შემდეგ კოსტავა.
სიკვდილამდე 1 დღით ადრე მერაბ კოსტავას ინიციატივით იქმნება საქართველოს საადგილმამულო, მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდი, რომელიც ითვალისწინებდა იმავე მიზნების აღსრულებას, რაც თავს იდო მე-19 საუკუნის II ნახევარში დიდი ილიას მიერ დაარსებულმა სათავადაზნაურო ბანკმა.
1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია - ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. იქვე განისვენებს მისი სულიერი ძმა ზვიად გამსახურდია.
მერაბ კოსტავა იშვიათი მუსიკალური მონაცემების მქონე, ნიჭიერი მუსიკათმცოდნე, თეატრალური კრიტიკოსი, პოეტი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი და პედაგოგი იყო. მერაბ კოსტავას კალამს ეკუთვნის ნაწარმოებები: „ფიქრები საქართველოს მისიაზე“; „ფიქრები ქართულ კულტურაზე“ და ა.შ. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მიენიჭა დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირის პრემიები.
ციცინო მაღლაფერიძე: „ლექსებს რომ წერდა, ვიცოდით, მაგრამ ნანახი არ მქონდა. მერაბის ლექსები პირველად მაშინ წავიკითხე, როცა ციმბირიდან რუსულ ენაზე დაწერილი რამდენიმე ლექსი გამოგზავნა. იქიდან წერილების გამოგზავნა ქართულად ეკრძალებოდა და ამიტომ, წერილებსაც და ლექსებსაც რუსულად წერდა. ერთ-ერთ წერილში ამბობს - „ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ლექსს რუსულად დავწერდიო". დედისადმი მიძღვნილი ერთი არაჩვეულებრივი ლექსი აქვს - „რადნაია რეჩ".
1993 წლის სექტემბერში ქ. ზუგდიდში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის მეორე სესიამ მერაბ კოსტავას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.