ავტორი ნინო ჯიბუტი
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობის შესაქმნელად საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება, თუმცა, პრორუსული განწყობა ნაკლებად შეიმჩნევა. გამზარდია მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლება შედარებით უფრო ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე წინა ხელისუფლება იყო.
„საბჭოური მენტალიტეტი - ეს არ არის არც ქართული და არც ისტორიული მდგომარეობა. ეს იმ ათწლეულებისა და ასწლეულების დაპყრობის შედეგია, რომელიც ჯერ რუსეთმა, შემდეგ მისმა მემკვიდრე საბჭოთა კავშირმა მოახდინა საქართველოზე. ეს არის იძულებით, ძალადობრივად შემოტანილი რაღაც მენტალური ელემენტი, რომელიც, საერთო ჯამში, ქართულ კონტექსტში არაფრით არ ჯდება. ეს არის ხელოვნურად, ძალადობრივად თავსმოხვეული საზომები ქართული საზოგადოებაზე.
რაც შეეხება რუსული პროპაგანდის გაზრდას საქართველოში, ვფიქრობ, უფრო მეტი თანხები იხარჯება საქართველოში ანტიევროპული განწყობის შესაქმენლად და პრორუსული განწყობები ნაკლებად არის. რამდენიმე მარგინალის გარდა, რუსეთის კეთილშობილებაზე, „პოზიტიურობაზე", არავინ ლაპარაკობს", - განაცხადა ანალიტიკოსმა.
არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" და კომინისტურ პარტიას საკმაოდ ბევრი საერთო ჰქონდათ, კერძოდ, ერთნაირი მმართველობის სტილი. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში" კი საბჭოთა განწყობები ნაკლებად დომინირებს.
„ნაციონალური მოძრაობა" შინაგანად ტიპური საბჭოური აზროვნების კომუნისტური გაერთიანებაა. „ნაციონაური მოძრაობა", როგორც კომუნისტური პარტია, ვერ ხედავდა საკუთარი პარტიის იქით ვერაფერს. საკუთარ თავს ფუთავდა, ვითომ ევროპული ორიენტირებისა და ფასეულობების მქონედ. „ნაციონალური მოძრაობისა" და კომუნისტური პარტიის მმართველობის ხანებს ბევრი საერთო აქვს, ერთნაირად ძალადობრივი, ერთნაირად ადამიანის წინააღმდეგ მიმართული, ეთნოსის, ეროვნულობის, მოაზროვნეების, თავისუფალი ნების, აზრის წინააღმდეგ მიმართული პარტიები იყვნენ.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას" - გარკვეული სუბიექტების გარდა, მთლიანობაში თავად ეს კოალიცია უფრო ახლოს არის თანამედროვე ევროპასთან, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა" და ბოლო წლებში ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. საქართველოს პროგრესს ყველა ხედავს. თუკი „ქართული ოცნება" ამგვარი სუბიექტებისგან გაიწმინდება, ხვალ და ზეგ ამგვარი შეკითხვებიც აღარ გაჩნდება. საზოგადოების ჩართულობით, მისი რეაგირებით, ადამიანის უფლებების დაცვისადმი მიდრეკილელებით, ვალდებულების განცდით და ა.შ... დღევანდელი ხელისუფლება შედარებით უფრო ახლოს არის ევროპასთან. ის არ არის ისეთივე ძალადობრივი, ისეთივე აგრესიული, პროვოკაციული და ა.შ. როგორიც „ნაციონალური მოძრაობა". თუმცა, დღეს ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი ზოგადად არის სწორი ნამყენი ევროპული საზოგადოებისა. ამას ჯერ კიდევ თაობები სჭირდება, იმიტომ რომ ჩვენთან ევროპულობა გამოიხატება რიტორიკაში, ტექსტებში და არა შინაგან მენტალობაში.
ის, რასაც ჰქვია თანამედროვე ევროპული საზოგადოება, თანამედროვე ევროპული სახელმწიფო და მათი პოლიტიკური სუბიექტები საქართველოში, ეს დღეს ნაკლებად შეიმჩნევა, თუმცა ზოგადი ტენდენცია შედარებით უფრო უმჯობესდება", - განაცხადა გამზარდიამ.