logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: დღეს ქართველს სიკვდილზე მეტად გოიმობის ეშინია
- +

27 მაისი. 2018. 01:47

 

„მეჩვენება, რომ დღეს ქართველს სიკვდილზე მეტად გოიმობის ეშინია“, - ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „24 საათთან“ ინტერვიუში აცხადებს.

 

„ყველა ერთმანეთს უმტკიცებს, როგორ გაუსწრო კალენდარს. როგორ გადაასწრო თავის მეზობელს, თანამოქალაქეს და თვითონ ვარსკვლავებს ეთამაშება. და ტრაგედია ისაა, რომ მეზობლის მიმართ თანაგრძნობა არ აქვს, არ აქვს სურვილი, გაუზიაროს თავისი მიღწევები, არა. ფონი მოწონს საკუთარი თვითწარმოჩენისთვის, ამ არაინფორმირებული მეზობლის ფონი მოსწონს, რადგან ასეთ ფონზე მაღალგანვითარებულად გამოჩნდება.

 

ჩემი აზრით, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ არიან კარგად ინფორმირებულები, ასე თუ ისე ალღო აუღეს დღევანდელ გამოწვევებს სამყაროში და ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ რაღაცას ართმევენ, რაღაც ძვირფასს ართმევენ და ხვალინდელ დღეში არ ატანენ. თუმცა, უჭირთ ამის ჩამოყალიბება, სახელს ვერ არქმევენ. არსებობენ ისეთებიც, ვინც ძალიან ადვილად შეელია იმ რაღაც ძვირფასს, ოღონდ ვერც ამას არქმევენ სახელს. დიდი ანგარიშით, ეს ყველაფერი ერთი მედლის ორი მხარეა. ჩემი აზრით, არც ერთია პროგრესული და არც მეორე - რეგრესული - ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები არიან. ხანდახან მეჩვენება, რომ როგორი ლიბერალებიც ვართ, ისეთივე ქრისტიანები ვჩანვართ. არსებობს მარადიული ღირებულებები, რომელიც ზემოდურია, ზენაციონალურია. და ეს ამ ურთიერთჭიდილში დაიკარგა.

 

ვინაიდან ჩვენ შეზღუდული, მეტ-ნაკლებად დახურული სივრციდან მოვდივართ, გამძაფრებული გვაქვს თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილი. ამიტომ საფრთხილოა, რომ თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, თავისუფლებისგანაც არ გავთავისუფლდეთ და პირველყოფილი ინსტინქტების ტყვეობაში არ აღმოვჩნდეთ კულტურის უარყოფის ისტორიით“, - აცხადებს დავით მაღრაძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner