ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილსა და რუსთავი 2 -ის წამყვანებს აკაკი გოგიჩაიშვილსა და გიორგი გაბუნიას შორის დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პირდაპირ ეთერში მწვავე კამათი გაიმართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა გიორგი გაბუნია და აკაკი გოგიჩაიშვილი მიკერძოებულობაში დაადანაშულა.
გიორგი გაბუნიას კითხვაზე: შეგიძლიათ მოსახლეობას უთხრათ, რომ შეუსრულეთ ის დანაპირები, რასაც 2012 წელს პირდებოდით? დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა:
"მე ვარ ეკონომიკის მინისტრი, მე ციფრებით ვსაუბრობ, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ...
გიორგი გაბუნია: თქვენ მოსახლეობას ციფრებით კი არა, მარტივად გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკოთ, თქვენი ციფრები ადამიანებს არ აინტერესებთ...
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩემი ციფრები როგორ არ აინტერესებთ მე და თქვენ ხომ ამ თემაზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ, ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი არის განკარგვადი შემოსავლების შემცირება. განკარგვადი შემოსავალი ჩვენს მოსახლეობას შეუმცირდა იმის გამო, რომ ჩ ჩვენს ძირითად სავაჭრო ქვეყნებში მოხდა ვალუტის დევალვაცია, რამაც გამოიწვია ჩვენი ვალუტის დევალვაცია და ვინაიდან მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს სესხი დოლარში აქვს აღებული, შემოსავალი შეუმცირდათ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ აისახა ჩვენს მოსახლეობაზე.
აკაკი გოგიჩაიშვილი: რატომ არ საუბრობთ დღეს იმაზე, რომ ფუფუნებაზე გაწეული იქნა ხარჯები, რემონტებში? პრემიებში, დანამატებში?
დიმიტრი ქუმსიშვილი: არ მინდა რა, რაზე საუბრობთ საერთოდ?! სირცხვილია!
26 მილიონი დაჯდა წინა ხელისუფლების დროს ათონელის რეზიდენცია. რომელი შენობა ავაშენეთ ჩვენმა ხელისუფლებამ 26 მილიონად? შედარეთ რა პრემიებიც და დანამატებიც, ჩემს წინამორბედს 15- 000 -იდან 17 000-მდე ჰქონდა ხელფასი, ნაწილს პრეზიდენტის ფონდიდან იღებდა და ნაწილს კიდევ სხვა ადგილიდან. თქვენ გაქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი. თქვენ ხართ მხარე, ამიტომ მე შევეცდები, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად მივაწოდო ინფორმაცია და გამოვიყენო თქვენი ეთერი, ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებ! -განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.